"ფარული ჩანაწერები დღეს ლამის უკვე მშრალ ხიდზეც იყიდება" - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და აცხადებს, რომ მანამ, სანამ პროკურტურა ამ კადრების გამავრცელებლებს არ დააკავებს, ქვეყანაში სიტუაციის არევის შანსი ყოველთვის იარსებებს.
ჩანაწერების შექმნის ბრალდებით 5 პირის დაკავებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ისინი ამაში მართლაც დამნაშავეები იქნებიან. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებას მოსვლისთანავე უნდა დაეკავებინა, რადგან მათი დანაშაულის შესახებ იმთავითვე ცნობილი იყო. ამით, ხუხაშვილის თქმით, ბოლოდროინდელ მოვლენებსაც ავცდებოდით.
"მთელ კვირასთან" ინტერვიუში ხუხაშვილი "რესპუბლიკელი" მინისტრების დაანონსებულ გადადგომასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მათ ხელისუფლება აგვისტომდე, ვარშავის სამიტის შემდეგ გადააყენებს.
გია ხუხაშვილი: როგორც ჩანს, რესპუბლიკელ მინისტრებს სიაში ყოფნა უნდათ. კანონის შესაბამისად, არჩევნებამდე 2 თვით ადრე დეპუტატობის კანდიდატმა საჯარო სამსახური უნდა დატოვოს. ალბათ ეს ლოგიკა ჩადეს თავიანთ გადაწყვეტილებაში.
თუმცა, წმინდა საარჩევნო ლოგიკის თვალსაზრისით, მათი გადაწყვეტილება აბსურდია და რაიმე ტიპის ხედვას საერთოდ აცდენილი. გაუგებარია ასეთ ვითარებაში საქართველოსნაირ ქვეყანაში "რესპუბლიკურმა პარტიამ" საარჩევნო კამპანია როგორ უნდა აწარმოოს.
მარტივ კითხვას ვსვამ - თუკი "რესპუბლიკური პარტია" მზადაა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ფაქტობრივად ბოლო დღემდე გაინაწილოს პასუხისმგებლობა, მაშინ რომელ ამომრჩეველზე აკეთებს გათვლას? ვინ უნდა გახდეს მისი ამომრჩეველი, თუკი ის ხელისუფლებისაგან არ დისტანცირდება? ბევრი მხარდამჭერი ისედაც არ ჰყავთ და ამ აბსურდის გამო იმ 1-2 ადამიანსაც დაკარგავენ.
გარდა ამისა, ისედაც არ მგონია, ამ ხელისუფლებამ "რესპუბლიკელი" მინისტრები ბოლომდე შეინარჩუნოს. წმინდა პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, დღეს "რესპუბლიკელი" მინისტრების გაშვება "ქართული ოცნებისათვის" წამგებიანი იქნებოდა. ვარშავის სამიტი მოდის და მერე, თუკი ქართული დელეგაცია იქიდან ხელცარიელი ჩამოვა, "რესპუბლიკელები" იტყვიან - თინა ხიდაშელის განთავისუფლების გამო შეიქმნა პრობლემებიო. შესაძლებელია "ოცნება" ამისგან იზღვევს თავს და დიდი ალბათობით, ვარშავის სამიტის შემდეგ თინა ხიდაშელი მინისტრი აღარ იქნება.
"მთელი კვირა": ანუ, ფიქრობთ, რომ მათ აგვისტომდე გაანთავისუფლებენ და საკუთარი ნებით წასვლას არ აცდიან?
გ.ხ.: მიმაჩნია, რომ დიდი ალბათობით, ასე მოხდება.
"მ.კ.": თქვით, რომ ვერ წარმოგიდგენიათ, თუ როგორი უნდა იყოს "რესპუბლიკელების" საარჩევნო კამპანია. თქვენი აზრით, ოპოზიციის რანგში უნდა მოგვევლინონ და ხელისუფლების ნეგატივზე ააგონ კამპანია, თუ ეს მათთვის წამგებიანი იქნება?
გ.ხ.: ჯერჯერობით საქართველოში პოზიტიური საარჩევნო კამპანია არ წარმოებს. "რესპუბლიკური" პარტია მენტორის როლს კი თამაშობს და ლექციებს გვიკითხავს, რომ ეს ევროპაში ხშირად ხდება, მაგრამ ევროპაში ხშირად იმიტომ ხდება, რომ იქ ამომრჩეველი პოზიტიურ არჩევანზეა ორიენტირებული. იქ პარტიები სხვებს კი არ აკრიტიკებენ, არამედ იმაზე საუბრობენ, თუ რის გაკეთებას აპირებენ თავად. საქართველოში ეს ასე არაა. შესაბამისად, მათი მხრიდან ჭკუის სწავლება სიტყვების რახარუხია და მეტი არაფერი.
სინამდვილეში, თუკი მათ ხმების მოპოვება უნდათ, ხელისუფლება რაღაც დოზით მაინც უნდა აკრიტიკონ, რათა ხალხმა ისინი "ქართული ოცნებისაგან" განასხვავოს. თუკი ამომრჩეველს ამის შანსი არ მისცეს, მაშინ რატომ უნდა მისცენ ხმა? რა მიზეზით უნდა დაუჭიროს მხარი ადამიანმა "რესუბლიკურ პარტიას"? რა გამოარჩევს მათ სხვებისგან? პროდასავლელობა? ასეთი პარტია ისედაც ბევრია, თანაც ისინი ხელისუფლებისაგან უფრო კარგად არიან დისტანცირებულები. ლიბერალური ფასეულობები? ამ ქვეყანაში ყველა პარტია უკვე ეგეთია. ასე რომ, მათ ამომრჩეველი ისედაც არ ჰყავთ და თავიანთი აბსურდული პოლიტიკური ტაქტიკით საქმეს კიდევ უფრო ირთულებენ.
"მ.კ.": ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ისინი ხელისუფლების ქმედებებს ვერ გაემიჯნებიან და გასულ 4 წელზე პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნიან?
გ.ხ.: თუ უნდათ, რომ გაემიჯნონ, მაშინ ისე უნდა იქცეოდნენ, როგორც "ფორუმი" მოიქცა. მათ არათუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ დაიკავეს ადგილები, საპარლამენტო თანამდებობებიც კი დატოვეს. მთავრობა სოლიდარული პასუხისმგელობის ორგანოა და მთელი მთავრობის ნამოღვაწარზე პასუხისმგებლობას ნებისმიერი მინისტრი იზიარებს.
"მ.კ.": თქვნი აზრით, გადალახავენ ბარიერს?
გ.ხ.: "რესპუბლიკური პარტიის" პარლამენტში ყოფნა დიდი კითხვის ქვეშ დგას.
"მ.კ.": გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოვლენა შალვა რამიშვილის დადანაშაულება იყო სექსუალურ შევიწროებაში. რას ფიქრობთ ამაზე?
გ.ხ.: არ მგონია აქ რამე დიდი პრობლემა ყოფილიყო. ყველამ კარგად ვიცით, რა ტიპია შალვა რამიშვილი. მოდავე მხარეც არ ამტკიცებს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს. შესაძლებელია საკმაოდ უხეშად ეკეკლუცებოდა და შავი იუმორის სტილში მოითხოვდა რაღაცას. ეს დასაშვებად მიმაჩნია, მაგრამ ძალადობა ნაკლებად სავარაუდო მგონია.
შალვა ასეთი ადამიანია. მისდამი სიმპათიით არ ვარ განწყობილი. ის თვითონვე ამბობს, რომ ოდიოზური ადამიანია, რომელსაც მორალური პრინციპები არცთუ მყარი აქვს. ეს დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია და თავადაც არ დებს თავს მორალურ სიწმინდეზე. შესაბამისად, მას მოსდის ის, რაც მოსდის. იმ მორალური კრიტერიუმებით, რითაც ჩვენ სტანდარტულად ადამიანებს ვუდგებით, შალვას ვერ მივუდგებით. მას მორალზე დიდი ხანია ხელი ჩაქნეული აქვს. ეს მოცემულობაა.
"მ.კ.": პროკურატურამ ფარული ჩანაწერების შექმნის საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავა. ფიქრობთ, რომ დამნაშავეთა სია ამ ხუთი ადამიანით შემოიფარგლება?
გ.ხ.: ამ საქმეში დამნაშავე სამი მხარეა - ვინც იწერდა, ვინც ინახავდა და ვინც ავრცელებდა. იქიდან გამომდინარე, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს სისტემური დანაშაული იყო, მაღალი ალბათობით, დაკავებულ ადამიანებს კადრების ჩაწერასთან და შენახვასთან შეხება მართლაც აქვთ, თუმცა, არა გავრცელებასთან.
ვინ გაავრცელა და გავრცელება ვინ დაუკვეთა, ეს კიდევ ცალკე თემაა. კარგია, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა.
სხვათა შორის, ამ ადამიანების დაჭერას პრევენციის მნიშვნელობაც აქვს - მათი დაპატიმრება სხვებისათვის გაფრთხილება იქნება, რომ მათაც იგივე გზა არ გაიარონ.
პროკურატურა ამ მიმართულებით რომ გააქტიურდა, კარგია, მაგრამ ეს ადამიანები ამას რომ აკეთებდნენ, ეს ხელისუფლების შეცვლის დღიდან ცნობილია. 4 წელი იყო ამ ადამიანების დასასჯელად საჭირო? ჩვენ რომ ეს ხალხი მაშინვე დაგვესაჯა, შესაძლოა დღეს ეს საზიზღრობა, რაც ხდება, აღარ მომხდარიყო. ეს პრევენცია იქნებოდა და ბევრ უბედურებას ავცდებოდით.
"მ.კ.": ამბობთ, რომ სავარაუდოდ, ისინი გამავრცელებლები არ იქნებიან. რატომ გგონიათ ასე? დაინტერესება არ აქვთ?
გ.ხ.: მათ მხოლოდ გადაღების ორგანიზებაში ედებათ ბრალი. არსად ჩანს, რომ გამავრცელებლებიც არიან. კადრების გამავრცელებლებს პოლიტიკური ინტერესი აქვთ. შესაბამისად, გამავრცელებლები პოლიტიკაში, ან პოლიტიკასთან ახლოს უნდა ვეძებოთ.
"მ.კ.": ანუ, მოქმედ პოლიტიკოსებში?
გ.ხ.: დიახ. მოქმედ პოლიტიკურ ძალებში, ან იმ ძალებში, რომელთაც ხელისუფლება ცოტა ხნის წინ დატოვეს. რატომაც არა - შესაძლოა შურისძიების მიზნით აკეთებდნენ. ასე რომ, დაინტერესებული მხარე შეიძლება ძალიან ბევრი იყოს.
დღვანდელი რეალობის უბედურება ესაა. მიშას დროს რამე ასეთი საზიზღრობა თუ მოხდებოდა, ზუსტად ვიცოდით, რომ ამას მიშა აკეთებდა და დამკვეთის იდენტიფიცირება პრობლემა არ იყო. დღეს კი ყველაფერი გაუგებარია, იმდენი დაინტერესებული მხარეა, რომ დამკვეთი არაერთი შეიძლება იყოს, მათ შორის უცხოეთის სპეცსამსახურებიც. დღეს ეს კადრები ლამის უკვე მშრალ ხიდზეც იყიდება.
"მ.კ.": ელით, რომ არჩევნებამდე ჩანაწერები კიდევ გავრცელდება?
გ.ხ.: თუ ამ კადრების გამავრცელებელი ვერ ვიპოვეთ და დაუსჯელობის სინდრომი თუ გამეფდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებით ვითარება კიდევ უფრო გართულდეს. ღირსებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია კადრების გამავრცელებელი დააპატიმრონ.
ამ ხუთი ადამიანის დაკავებაც კარგია ხელისუფლებისათვის. ამით ის პოლიტიკურ ნებას აჩვენებს და ეს მას პოზიტიურად წაადგება.
"მ.კ.": ჩვენს მეზობლად, ყარაბაღში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ელით თუ არა, რომ კონფლიქტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს?
გ.ხ.: დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონფლიქტი სრულმასშტაბიან დაპირისპირებაში არ გადაიზრდება. ის, რაც ყარაბაღში ხდება, ჩემი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ასეთი ტიპის კონფლიქტების გრძელვადიანი კონსერვაციის შედეგია.
ასეთი პრობლემების ცხელ ფაზაში გადასვლა ერთადერთ რამეს ნიშნავს - როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელსაც თავის თავზე მედიატორის ვალდებულება აქვს აღებული, მხოლოდ წაყრუებით კმაყოფილდება, ამით ნელი მოქმედების ნაღმები იდება. ისინი სხვადასხვა დროს ფეთქდება და საბოლოო ჯამში ყველა ზარალდება.
ახლაც დაახლოებით იგივე მოხდა. ეს ყველასთვის, პირველ რიგში კი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ კონფლიქტის გაყინვა მის გადაწყვეტას არ ნიშნავს. მათ ხშირ შემთხვევაში ასე ჰგონიათ, რაც ძალიან დიდი შეცდომა.
განვითარებას რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც ანალოგიური პრობლემა გვაქვს, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაში თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ეს მისი ტერიტორიებია. დღეს ის თავის ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს, ისე, როგორც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ტერიტორიებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ჩვენ ერთ გეოპოლიტიკურ კვანძზე ვართ და ჩვენი პრობლემები ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ისევე, როგორც სომხეთშია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმშვიდე.
ვისურვებდი, რომ ტერიტორიების მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილიყოს და კავკასიაში მეტ-ნაკლები მშვიდობა დამყარებულიყოს, რადგან ამ პროცესში სომხეთიც ძალიან ბევრს კარგავს. ის ყველა რეგიონული მასშტაბური პროექტის თამაშგარე რჩება. ვფიქრობ, რომ ისინი სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ კონფლიქტის დასრულებაზე, რასაც დიდი კომპრომისები დასჭირდება.
"მ.კ.": თქვენი აზრით, რა კუთხით და რამდენად მასშტაბურად შეიძლება შეეხოს ეს კონფლიქტი საქართველოს?
გ.ხ.: ძალიან მასშტაბურად შეიძლება შეეხოს. სომხეთის მოკავშირეობის მიუხედავად, რუსეთი ცდილობს აზერბაიჯანთანაც დაბალანსებული ურთიერთობები ჰქონდეს. ისინი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას აგრძელებენ. რუსეთის ინტერესებში ამ კონფლიქტის კონტროლიდან გამოსვლა არ შედის, მაშინ როცა, ზოგიერთი ქვეყნის ინტერესებში ეს შეიძლება შედიოდეს. თუნდაც იმისათვის, რომ რადგან თავად სიტუაციას ვერ აკონტროლებს, უნდა რეგიონი მთლიანად არიოს.
ყარაბაღის ომი საქართველოში აუცილებლად გადმოვა. საქართველო ამაში აუცილებლად ჩათრეული აღმოჩნდება, თუნდაც ლოჯისტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.