საქართველოში პარტიების დამფინანსებელი ცოტაა, თუმცა ფულის შემტანი - ბევრი - ასე აფასებენ პოლიტოლოგები აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც პარტიების დაფინანსებას ეხებოდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად თემა აქტუალური ხდება და ისმის კითხვები თუ ვის ვინ და რამდენით აფინანსებს.
პარტიების მთავარი დამფინანსებლები, პოლიტოლოგების თქმით, მსხვილი ბიზნესმენები და კომპანიები არიან. თუმცა, იმის გამო, რომ მათი საქმიანობა კანონის ფარგლებში მოექცეს, ისინი ფიქტიური დამფინანსებლების წყალობით ახერხებენ პარტიებში იმაზე მეტი თანხის შეტანას, ვიდრე დაშვებულია.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს მიღებული შემოწირულობით პარტიებს შორის "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" ლიდერობს. მან გასულ 3 თვეში 168 058 ლარი მიიღო."გირჩის" შემდეგ შემოწირული თანხის რაოდენობით "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მოდის 143,283.7 ლარით; მესამე ადგილზე "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" იყო 45 ათასი ლარით; მეოთხეზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 30 ათასი ლარით; მას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მოჰყვება 20 560 ლარით; შემდეგ "დევნილთა პარტიაა" 8 ათასლარიანი შემოწირულობით; სიაში მე-7 ადგილს "რესპუბლიკური პარტია" იკავებს 5 972 ლარით და მას პარტია "თავისუფალი დემოკრატები" მოჰყვება 4 ათასი ლარით.
აუდიტის ანგარიშში კიდევ 6 პარტიის დაფინანსებაა მოხვედრილი, რომელთა შემოსავალიც სამი თვის განმავლობაში 5 ლარიდან 1500 ლარამდეა. ჯამში, ქართული პარტიების დაფინანსება, სამი თვის განმავლობაში, 428 476 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული. მათ საქმიანობას 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული ორგანული კანონი არეგულირებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ".
არსებული კანონმდებლობა პარტიებს უფლებას ანიჭებს მოიპოვონ დაფინანსება შემდეგი წყაროებიდან: საწევრო შენატანებისგან (პარტიის თითოეული წევრის საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს), სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებისგან (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებისათვის თანხის გადაცემის გზით), შემოწირულობებისა და პარტიის მიერ პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენების, საჯარო ღონისძიებების და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხებისგან, რომლებიც არ ცვლის პარტიის არასამეწარმეო, არამომგებიან ხასიათს.
ის, რომ "გირჩს" უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დაფინანსება აქვს, პოლიტოლოგ, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ბუნებრივად მიაჩნია. ამბობს, რომ ეს პარტია ახლა ყალიბდება და თანხების მოზიდვაც ახლა სჭირდება. ისევე, როგორც "პატრიოტთა ალიანსს".
დანარჩენი პარტიები კი უკვე ფუნქციონირებენ, მათ უკვე ჩამოყალიბებული სტრუქტურები აქვთ. ასე რომ, ძაბირაძის აზრით, აქ მოულოდნელი არაფერია. რაც შეეხება იმას, თუ ძირითადად ვინ არიან პარტიების დამფინანსებლები საქართველოში, პოლიტოლოგი ამბობს, რომ დაინტერესებული ხალხი ყოველთვის ცდილობს, ხელისუფლებაში მათთვის საინტერესო პოლიტიკური ორგანიზაცია გაიყვანონ და ამიტომაც აფინანსებენ.
"ამ მხრივ საქართველოში რაღაცები უფრო განსხვავებულად ხდება, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. ჩვენთან მეგობრები, ნათესავები და ალხობლებიც კი აფინანსებენ პარტიებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიის იდეოლოგიას დიდად არ იზიარებდნენ. დაფინანსება ქველმოქმედება არაა. მითუმეტეს პარტიული დაფინანსება. იგი კანონის ფარგლებში უნდა იყოს.
"ყველა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ჯგუფი გაიყვანონ, რომელთანაც ურთიერთობა აქვთ და მათ ბიზნესსა თუ კერძო საქმიანობას ლობირებას გაუწევს. მათ შორის პირველ რიგში ბიზნესმენები და კერძო კომპანიები არიან. ჩვეულებრივ მოქალაქეს, როგორც წესი, არ აქვს დაინტერესება", - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება იმას, თუ საშუალოდ რა რაოდენობის თანხა სჭირდება საქართველოში პარტიას ფუნქციონირებისათვის ერთ თვეში, ძაბირაძე "გირჩის" მაგალითზე ამბობს, რომ სამ თვეში 168 ათასი, ანუ თვეში დაახლოებით 55 ათასი სრულებითაც არაა დიდი თანხა. მითუმეტეს, თუ გავითალისწინებთ, რომ "გირჩს" ახლა ყველა რაიონში ოფისის გახსნა და მისი ტექნიკურად აღჭურვა სჭირდება.
"ამიტომაც უსწრებს დაფინანსებით "გირჩი" დანარჩენ პარტიებს. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, როცა თამაშში ძირითადი მოთამაშეებიც ჩაერთვებიან, რა თქმა უნდა, იგი პირველ ადგილზე ვეღარ იქნება და უფრო უკან გადაინაცვლებს. წინასაარჩევნოდ პარტიების დაფინანსება ბევრად მოიმატებს", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
იმას, რომ "გირჩის" დაფინანსება სხვა, თუნდაც წამყვანი პარტიების დაფინანსებას ბევრად აღემატება, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი განსხვავებულად ხსნის. მისი აზრით, "გირჩი" უბრალოდ თავის შემოსავალს არ მალავს და ყველაფერს ღიად აჩვენებს, დანარჩენები კი ამისგან თავს იკავებენ.
იგი დარწმუნებულია, რომ "ნაცმოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" "გირჩზე" უფრო გულუხვი დამფინანსებლები ჰყავს, მაგრამ ამას მალავენ და ცდილობენ, თავისი აქტივობები "რუხი სალაროებიდან მართონ".
გვახსენებს, რომ ადრე მსგავს ანგარიშებში სწორედ ეს ორი პარტია ლიდერობდა და ამბობს, რომ დღევანდელი უცნაური სურათი სწორედ მის მიერ დასახელებული მიზეზით აიხსნება.
"არ მგონია, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ფულს საერთოდ არ ხარჯავდნენ. მთავარი კითხვა კი ისაა, თუ რატომ არ ჩანს ეს ოფიციალურ მონაცემებში.
"იქიდან გამომდინარე, რომ "გირჩი" ახლა რეგიონული ოფისების ფორმირების ფაზაშია, ბუნებრივია, მათ ახლა, პირველ ეტაპზე მეტი ხარჯი ექნებათ, ვიდრე შემდგომ. ვფქრობ, რომ ეს თანხა წინასაარჩევნო სამუშაოებისათვის დიდი ნამდვილად არაა.
"უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვები "გირჩზე" მეტს თუ არა, ნაკლებს არ ხარჯავენ და რატომ არ ჩანს, ესაა საკითხავი. ძალიან მეეჭვება, რომ ეს პარტიები ენთუზიაზმზე მუშაობდნენ. მათ ენთუზიაზმი დიდი ხანია დავიწყებული აქვთ", - ამბობს ხუხაშვილი.
რაც შეეხება დამფინანსებლებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ისინი ძირითადად ბიზნესმენები არიან, მაგრამ ეს თანხები, კანონიდან გამომდინარე, მერე კერძო პირებზე ნაწილდება და პარტიების ბიუჯეტში მათ შეაქვთ.
"მწარე სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ - სპონსორები ცოტანი არიან, მაგრამ ფულის შემტანებს აბევრებენ, რათა ეს პროცესი კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. მათ ფულის რუხი სქემებით შეწირვა უწევთ და ყველა ისე იქცევა, ვითომ ამას ვერ ვამჩნევთ.
"ეს დიდი პრობლემაა და ამ დანაშაულს სისტემური ხასიათი აქვს მიღებული. კარგი იქნება, აუდიტის სამსახურმა ყურადღება ამასაც მიაქციოს. თუ სხვანაირად შეუძლებელია, ჯობია, კანონი შევცვალოთ, ვიდრე ყველამ თვალი დავხუჭოთ კანონდარღვევაზე. დღეს, სამწუხაროდ, კანონდარღვევაზე ყველა თვალს ხუჭავს", - დასძენს პოლიტოლოგი.