1-ელ აპრილს ფოთის ცენტრიდან, 28 წლის კაცი გაუჩინარდა, რომელსაც დღემდე ეძებენ. დაკარგული გიგა გოგოხიაა, რომელიც გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის სოფლიდან ქალაქში ბებიისთვის წამლების საყიდლად ჩავიდა. მედიკამენტების შეძენის შემდეგ, შემთხვევით ძველ მეგობარს შეხვდა და მასთან ერთად რესტორანში დალია. ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.
დაკარგულის ახლობლებმა 7 აპრილს ფოთის ცენტრალური გზა გადაკეტეს და პოლიციას ახალგაზრდის მოსაძებნად, სამძებრო სამუშაოების გაძლიერება მოსთხოვეს. მათი თქმით, სამართალდამცავები გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცს სათანადოდ არ ეძებენ, რაც მისი პოვნის შანს კიდევ უფრო ამცირებს.
გოგოხიას ახლობლები მისი გაუჩინარების დღეს იხსენებენ. მათი თქმით, მეგობარი, რომელმაც ის ბოლოს ნახა, ყვება, რომ რესტორნიდან ნასვამ მდგომარეობაში გამოვიდნენ და ზუგდიდში ტაქსით გამგზავრება გადაწყვიტეს, თუმცა მძღოლთან შელეპარაკება მოუვიდათ, ამის შემდეგ კი გოგოხიას კავლი დაკარგა.
"ქალაქის ცენტრიდან 28 წლის ბიჭი ისე როგორ გაუჩინარდა, რომ ვერავინ ვერაფერი დაინახა? ჩვენს თავს წარმოუდგენელი უბედურება ხდება. არავინ არაფერს არ გვეუბნება. სამართალდამცავები ამბობენ, რომ ეძებენ, მაგრამ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.
"ბიჭი გალიდან ბებიისთვის წამლების საყიდლად ფოთში ჩავიდა და იქ მეგობარს შეხვდა, რომელთან ერთადაც რესტორანში იქეიფა. შემდეგ, როგორც მისი მეგობარი ამბობს, ზუგდიდში ტაქსით გამგზავრება უნდოდათ და იქვე ცენტრში მდგომ ტაქსებთან მივიდნენ.
"მძღოლებს ძალიან ძვირი უთხოვიათ, ამაზე გიგა გაბრაზებულა და ერთ-ერთი ავტომობილისთვის ფეხი მიურტყავს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ტაქსის მძღოლს უთქვამს, აქედან მოშორდით თორემ პატრულს გამოვიძახებო, ამის სემდეგ ნასვამებმა, როგორც ჩანს, ერთმანეთის კვალი დაკარგეს.
"გიგა ქალაქის სხვა მიმართულებით წასულა, მეგობარი კი სხვა. გიგას გაუჩინარება როდესაც აღმოუჩენია, მაშინვე მის მობილურზე დაურეკავს, თუმცა უკვე გათიშული ყოფილა. მეგობარს უფიქრია, ალბათ მანქანა იშოვა და სახლში წავიდაო.
"თავად საოჯახო ტიპის სასტუმროში გაუთენებია, დილით ისევ დაკავშირება უცდია, მაგრამ ტელეფონი კვლავ გამორთული ჰქონდა. შემდეგ მის მშობლებთან დარეკა, სახლშიც რომ არ აღმოჩნდა, უკვე პოლიციას შეატყობინა," - აცახდებს დაკარგული ახალგაზრდას ახლობელი.
გიგა გოგოხიას უცანური გაუჩინარების შემდეგ გამოითქვა ვერსია, რომ ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში შესაძლოა ზღვაში ჩასულიყო და დამხვრჩვალიყო. ამ მოსაზრებას, მისი მეგობრები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრი, საიდანაც ის დაიკარგა, სანაპირომდე 1 კილომეტრით არის დაშორებული.
მათი თქმით, გამორიცხულია, გოგოხია ზღვაში თავის მოკვლის მიზნით ან საბანაოდ შესულიყო. მეგობრების ინფორმაციით, ქალაქში ზღვის პირას მსგავსი გარეგნობის მამაკაცი არავის უნახავს, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ ბიჭი სანაპირომდე არც მისულა და მისი კვალი ქალაქის ცენტრიდან იკარგება.
"პოლიციაში გვითხრეს, რომ იმ ტაქსის მძღოლი უკვე დაკითხეს, რომელთანაც გიგას და მის მეგობარს შელაპარაკება მოუვიდათ. ის ადასტურებს, რომ ორ ახალგაზრდა მამაკაცთან კონფლიქტი მართლაც მოუვიდა, თუმცა მას შემდეგ ისინი ტერიტორიას მალევე გასცილდნენ. მძღოლს ალიბი აქვს და როგორც პოლიცია გვეუბნება, მას ბიჭების წასვლის შემდეგ ტერიტორია არ დაუტოვებია. შესაბამისად ის ეჭვმიტანილი ვერ იქნება.
"მას თავის მოკვლის არანარი მოტივი არ ჰქონდა. პირიქით, თურმე წუხდა, რომ ბებიას წამლები უნდა მივუტანო და სოფელში დაბრუნება ეჩქარებოდა. შუადღის 4 საათზე სახლშიც დარეკა და დედისთვის უკითხავს, წამლები ვიყიდე და კიდევ ხომ არაფერი გჭირდება, მალე დავბრუნდებიო.
"ამის შემდეგ გიგასთან დაავშირება მათაც ვეღარ შეძლეს. არ იყო კონფლიქტური ადამიანი, რომ ვინმესთან ჩხუბი მოსვლოდა. მაშინ ვიღაც ხომ მაინც იცნობდა და გამოგვეხმაურებოდა. არც ის ვიცით, პოლიცია რა ვერსიებზე მუშაობს.
"ალბათ ვიდეო-კამერებიდან ჩანაწერბის ამოღებაც უნდა მოხდეს. არ არსებობს ქალაქის ცენტრში დაყენებული არ იყოს. თუკი ვინმეს მის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს, იქნებ მოგვაწოდონ. რაც უფრო გადის დრო, მისი პოვნის იმედი გვეწურება," - აცხადებს დაკარგულის მეგობარი ხ.გ.