"ქართული ოცნების" მსგავსად საარჩევნო სიას ახალი სახეებით "ნაციონალური მოძრაობაც აკომპლექტებს. გიორგი ქადაგიძე, ოთო კახიძე, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ტუღუში და ელენე ხოშტარია, - ეს ის ახალი სახეებია, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სიაში მოხვდებიან. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
გიორგი ბარამიძეც ადასტურებს, რომ სიაში დიდი რაოდენობით იქნებიან პოლიტიკაში არმყოფი ადამიანები და შესაბამისი რაოდენობის ქალბატონები.
"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო ახალი ტენდენციების საფუძვლის ჩამყრელი და ახლაც უნდა გამოვიდეს რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ გამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი. ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმება ქალების როლს ქართულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა. ამასთან, ამ კანდიდატების საზოგადოებისთვის წარდგენა დროულად უნდა შევძლოთ," - ეს რჩევა ყოფილმა პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ცოტა ხნის წინ თავის თანაგუნდელებს მისცა.
გაითვალისწინებენ თუ არა მისი თანაგუნდელები ამ ყველაფერს, ჯერჯერობით უცნობია. როგორც გიორგი ბარამიძემ "რეზონანსს" უთხრა, ამ ეტაპზე იმ პრინციპების განსაზღვრა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო სია უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც "შესაბამისი რაოდენობის" ქალბატონები იქნება წარმოდგენილი.
"პირველ რიგში განვსაზღრავთ იმ პრინციპებს, რომლის საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენი საარჩევნო სია. უკვე შეთანხმებულები ვართ, რომ სიაში დიდი რაოდენობით იქნება კომპეტენტური, პატრიოტი, და პოლიტიკაში აქამდე არმყოფი სახეები მათ შორის ქალბატონები შესაბამისი რაოდენობით.
"ხოლო კონკრეტულად ვინ იქნება, ამას განვსაზღვრავთ იმ წესით, რა წესზეც საბოლოოდ შევთანხმდებით. ეს იქნება კოლექტიური გადაწყვეტილება და არა ერთი ადამიანის მიერ შერჩეული სია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ბარამიძე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, სიის პირველი ნომერი სააკაშვილის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იქნება. ასევე მოწინავე ადგილას იქნებიან ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და ა/ო "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.
სიაში ასევე მოიაზრებიან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.
"მხარს ვუჭერ აღნიშნულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, მაგრამ მხარდამჭერის რანგში დავრჩები თუ პარტიულ სიაში ვიქნები, ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ოთო კახიძე.
საარჩევნო სიის განახლებას დაგვიანებულად მიიჩნევს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, ახალ სახეებს, რაღაც პლუსი აქვთ, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ამომრჩევლის განწყობას.
"ნაციონალურ მოძრაობას", ახალი სახეების გარდა, სჭირდებოდა საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ პარტია თვისობრივად შეიცვალა და არ არის გამგრძელებელი იმ პოლიტიკისა, რომელსაც 2012 წლამდე ახორციელებდნენ. მხედველობაში მაქვს აგრესია და კატეგორიული მოქმედებები. ვფიქრობ, ეს უფრო საჭირო იყო, ვიდრე ახალი სახეები.
ახალ სახეებს რაღაც პლუსი აქვთ, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ამომრჩევლის განწყობას. მას შეცვლიდა ის, თუ "ნაციონალები" ამ 4 წელს გამოიყენებდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ თვისობრივად ახალი პარტია ჩამოყალიბდა, ძველი შეცდომების გამეორებას აღარ აპირებენ და ამას კიდევ ახალი სახეებიც რომ დაემატებოდა, იქნებოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა. ასე რომ, არა მგონია, ამან ამომრჩეველში გარდატეხა შეიტანოს," - უთხრა "რეზონანსს" ძაბირაძემ.
მისივე თქმით, პარტია თვისობრივად არ იცვლება, უბრალოდ, ძველ კადრებს ახლებით ანაცვლებენ.
"ეს ადამიანები სიაში არ ყოფილან, მაგრამ ყოველთვის ამ გუნდის შემადგენლობაში მოიაზრებოდნენ. მათი განცხადებებიც არაფრით განსხვავდება იმ განცხადებებისაგან, რასაც ზოგადად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აკეთებდნენ. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობა," როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თვისობრივად არ შეცვლილა, უბრალოდ, ძველ კადრებს ცვლიან ახალი კადრებით, რაც ამომრჩეველში სიმპათიას ნამდვილად არ გამოიწვევს", - გვითხრა ძაბირაძემ.