გვანცა ღვედაშვილი
14.04.2016

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15% ხმას "ქართულ ოცნებას", ხოლო 13% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აღნიშნულ კვლევებს არ ენდობა. მისი თქმით, პოლიტიკურ ნაწილში ენ-დი-აი-ს კვლევას სერიოზულად არ განიხილავს.

"მიმაჩნია, რომ ამ კვლევას "ნაციონალებთან" პირდაპირ აფილირებული კომპანია ატარებს და ამის თაობაზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს არაერთხელ განვუცხადეთ, თუმცა არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია და მცდელობაც არ ყოფილა, რომ ნეიტრალური კომპანია ჩართულიყო. ეს კომპანია, რომელსაც ენ-დი-აი კვლევებს უკვეთს, არის "ნაციონალებისთვის" თურმანიძის მალამო," - აცხადებს კვაჭანტირაძე, მიანიშნებს რა კვლევის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, კობა თურმანიძეზე.

"რესპუბლიკური" პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ გამოკითხვის ჩატარების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კუთხით გარკვეული ცვლილებები მოხდა.

"ენ-დი-აის ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გაუმართლა, რადგან, კვლევა მაშინ ჩაატარეს, როდესაც არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. როგორც ვიცი, გადაიდგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები. კოალიციაში ახლა ხუთი წევრიდან ხუთივე დამოუკიდებლად იყრის კენჭს. ამიტომ სრულიად უცნობია, ვის რა რეიტინგი აქვს."

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძის თქმით, "ენ-დი-აის" კვლევებისადმი უნდობლობის საფუძველი არ არსებობს.

"დიდი კვლევები არ ჭირდება იმას, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა ძალიან დაცემულია და ეს ყოველდღიურად ჩანს."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო.

"ენდობით თუ არა ენ-დი-აის კვლევის შედეგს?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 თედო დონდუა  (ისტორიკოსი): ეს კვლევები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლდება ანუ ენ-დი-აის აქაური ოფისი, რამდენადაც მე ვიცი, დაკომპლექტებულია იმ ხალხის მიერ, რომლებიც "ნაციონალების" წევრები არიან და, რა თქმა უნდა, არ ვენდობი. მაგრამ ამ შემთხვევაში ის პროცენტული მაჩვენებელი, რომლიც კვლევის მიხედვით "ნაციონალურ მოძრაობას" მიაკუთვნეს, სწორი უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ჩემი აზრით, ეს გაცილებით მეტი მაინც უნდა ყოფილიყო.

 

 ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): ზოგადად კვლევები არასდროს არ არის 100%-იანი. მე და ზოგადად საზოგადოებაც იმას ენდობა, რაც 100%-ია. ამ შემთხვევაში კი კვლევას, რომელიც საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს გამოკითხავს, როგორ შეიძლება ვენდო?!

ენ-დი-აი არ გამოკითხავს საქართველოს მთელ მოსახლეობას, ამიტომ ჩემთვის შეუძლებელია მისი კვლევა და მის მიერ მიღებული შედეგი სანდო იყოს. იმ შემთხვევაშიც კი ენ-დი-აის ყველა მაცხოვრებელი რომ გამოეკითხა, მას 100%-იან გარანტად ვერ მივიჩნებდი. ასე რომ, არც ეს და არც სხვა კვლევა ჩემთვის სანდო ნამდვილად არ არის.

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ამ კომპანიას კვლევებზე მუშაობის საკმაოდ დიდ გამოცდილება აქვს და ნამდვილად ვენდობი ენ-დი-აის მიერ ჩატარებულ კვლევებს. ამ შემთხვევაშიც ის შედეგები, რომელიც დაიდო, ლოგიკურია და ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს.

 

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებათდამცველი): მე კი არა საქარველოს აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მათ მიმართ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ნამდვილად ნეგატიურია. ამ კომპანიის კვლევები არანაირ ნდობას არ იმსახურებს და მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

თითქმის ათი წელია ენ-დი-აი საქართველოში კვლევებს ატარებს და ყოველთვის მათი კვლევა არა რეალური შედეგების გამომსახველი, არამედ პოლიტიკური ანგაჟირებისთვის კეთდება. მათ სურთ შექმნან წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური გარემო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×