შოთა ჩხეიძე ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
საარსებო მინიმუმი ფრიად მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური კატეგორიაა. ის წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, ცხოვრების დონის სოციალურ სტანდარტს, რომელიც გამოიყენება გასაცემი ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური დახმარებების ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის სრული ღირებულება შედგება შრომისუნარიანი ადამიანის ნორმალური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტებისა (ე.წ. სასურსათო კალათა) და ასევე პირველადი მოხმარების არასასურსათო ნაწარმისა და მომსახურების მინიმალური რაოდენობის ხარჯებისაგან (საბაზრო ფასებით).
სასურსათო ჯფუფში ადამიანის არსებობისათვის საჭირო 40-მდე დასახელების პროდუქტია შეტანილი (განვითარებულ ქვეყნებში ეს ჯგუფი გაცილებით მასშტაბურადაა წარმოდგენილი).
საარსებო მინიმუმის ღირებულების განსაზღვრა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრეროგატივაა. იგი საარსებო მინიმუმის ღირებულებას ყოფს 0,7-ზე, რომლითაც დგინდება საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სურსათის ხარჯების ხვედრითი წილი (70%). ამას 30%-ის ოდენობით ემატება არასასურსათო ნაწარმი და მომხახურება, რომელშიც შედის ტანსაცმელი, თეთრეული, წინდები, ფეხსაცმელი, საკანცელარიო საქონელი, ჩამოთვლილი საქონლის ღირებულების 10%-ის ოდენობის მედიკამენტები, 18 კვადრატული მეტრის საცხოვრისის ქირა, გათბობის, წყლის, გაზმომარაგების, ელექტროენერგიისა და ტრანსპორტის გადასახადი. ჩამოთვლილი მომსახურების ღირებულების 5% კულტურაზე, დასვენებასა და გართობაზე, 3% - კავშირგაბმულობაზე, ხოლო 15% - კრედიტსა და სხვა გადასახადებზე არის გათვლილი. საარსებო მინიმუმი, ადამიანთა მოთხოვნილებებისა და მოხმარების საგნებზე ფასების ცვალებადობის გათვალისწინებით, სისტემატურ ცვალებადობას განიცდის.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან (1991წ.) დღემდე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში არასრულფასოვნად იკვებება, რაც დაბალი სოციალური პირობებითაა გამოწვეული (მოსახლეობის 80% ღარიბ-ღატაკია), ვერ ახერხებს ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად შედარებით ძვირადღირებული პროდუქციის: ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების, თევზის, ხილის, ბოსტნეულის შესყიდვა-მოხმარებას და ძირითადად იაფფასიანი პროდუქტით - პურით იკმაყოფილებს მოთხოვნილებას საკვებზე, რაც რაციონის 60%-ს აჭარბებს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი რაციონში 12-15%-ია. ყოველივე ამის გამო მოსახლეობა წლების განმავლობაში განიცდის ცილოვან დეფიციტს, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობას, რაც მთელ რიგ პათოლოგიურ დაავადებებს იწვევს, რაზეც ბოლო წლების სტატისტიკაც მეტყველებს. საყურადღებოა ისიც, რომ მეცნიერების დასკვნებით დაავადებათა 50% გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ რეალური სურათის დაფარვის მიზნით "იპოვა გამოსავალი" და "კორექტივები შეიტანა" საქართველოს მოსახლეობის ფიზიოლოგიურ ნორმებში, კერძოდ, შეამცირა ძვირადღირებული პროდუქციის ნორმა: ხორცის მოხმარების მაჩვენებელი 80 გრ/დღ ჩათვალა ნორმად, რომელიც 2,5-ჯერ ჩამორჩება რეალურ მაჩვენებელს (200 გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შეამცირა 4,5-ჯერ - 960 გრამიდან 215 გრამამდე, ბოსტნეულის გაანახევრა - 370 გრამიდან 182 გრამამდე, შაქარი შეამცირა 100 გრამიდან 55 გრამამდე, ხოლო იაფფასიანი პროდუქტის, ანუ პურის ნორმა (350 გრამი), რომელიც ისედაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა საერთაშორისო სტანდარტს (200 გრ/დღ) გაზარდა 400 გრამამდე, რის შედეგადაც საკვები რაციონის თითქმის ნახევარი პურზე მოდის (1092 კკალ/დღ.).
აღნიშნული ოპერაციის ჩატარების შედეგად საკვებ რაციონში ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების: ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობაც მნიშვნელოვნად შეკვეცილია, კერძოდ, ცილა უნდა იყოს 100-120 გ/დღ და არის 72 გ/დღ, ცხიმი - 90-100 გ/დღ და არის 72,2 გ/დღ, ნახშირწყლები - 400-450 გ/დღ და არის 334,3 გ/დღ. თანაც მათ მიერ რეკომენდებული ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 2300 კკალ/დღეში, რაც სრულიად შეუსაბამოა აფწ-ს მიერ დადგენილ ნორმებთან, რომლის თანახმად 2500 კკალ-ზე დაბალი მაჩვენებელი არასრულფასოვან კვებად ითვლება.
აღნიშნული ფარსი განხორციელებულ იქნა ე.წ. სასურსათო კალათას ღირებულების შესამცირებლად, რათა რაც შეიძლება მეტად შემცირებულიყო ის უზარმაზარი განსხვავება, რაც პენსიებს, შემწეობებსა და არსებობისთვის საჭირო თანხებს შორის არსებობდა (და სამწუხაროდ, დღესაც არსებობს). აღნიშნული ღონისძიებით ხელისუფლება შეეცადა დაეფარა სურსათის მოთხოვნა-მოხმარებას შორის არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობანი და შეექმნა ნორმალურ მდგომარეობასთან მიახლოებული ვიზუალური სურათი.
სამწუხაროდ, ამ დანაშაულებრივი ღონისძიების გადახედვით და გამოსწორებით მომდევნო ხელისუფლება არ დაინტერესებულა და 2004 წლიდან დღემდე სასურსათო კალათას და, მისგან გამომდინარე, საარსებო მინიმუმს ამ ნორმებით ანგარიშობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე აღიარა, რომ განსაზღვრული საარსებო მინიმუმი არარეალურია და შეცვლას ექვემდებარება, თუმცა ჯერჯერობით საარსებო მინიმუმის არარეალური, აბსურდული მაჩვენებელი (2013 წ. - 148 ლარი, 2014 წ. - 160 ლარი, 2015 წ. - 163 ლარი), დაფუძნებული ე.წ. "კასტრირებულ" ფიზიოლოგიურ ნორმებზე, ფორმალურად ისევ შენარჩუნებულია. ქვეყნდება სხვადასხვა ანგარიშებში, ინტერნეტის ვებ-გვერდებზე, ტელევიზიით, რის შედეგადაც იქმნება მცდარი სურათი მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის საკმარისობის შესახებ. ბუნებრივია, ასევე არარეალური, დაბალი მაჩვენებლები დგინდება ქვეყანაში საჭირო სასურსათო პროდუქციის რაოდენობის შესახებ, რაც ხელშემშლელ გარემოებას ქმნის აგრარული სექტორის სხვადასხვა სფეროში. ყოველივე ზემოთაღნიშნული ფაქტორები დაუშვებელია და რაც შეიძლება მალე უნდა გასწორდეს.
საყურადღებოა ისიც, რომ განახლებულ საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათის ღირებულების წილი 70%-ია, ხოლო არასასურსათო ხარჯები 30%-ს შეადგენს, რაც თავისთავად მოსახლეობის სიდუხჭირესა და ცხოვრების დაბალ დონეზე მიუთითებს (განვითარებულ ქვეყნებში პირიქითაა, საარსებო მინიმუმში მხოლოდ 30% უჭირავს საკვების ღირებულებას), თანაც ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სასურსათო კალათის რეალური ღირებულება (255 ლარი), რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული, საქართველოსთვის დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით იქნა გაანგარიშებული (თითოეული სტრატეგიული სასურსათო პროდუქტის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე) 2-ჯერ და მეტჯერაც აღემატება 2003 წელს "დადგენილ" და დღემდე ოფიციალურად მიღებულ არა მარტო სასურსათო კალათის (106 ლარი), არამედ საარსებო მინიმუმის (157 ლარი) მთლიან ღირებულებას, რაც ამ უკანასკნელის არაადეკვატურობასა და აბსურდულობას ამტკიცებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2013-15 წლებში ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამხედრო მოსამსახურეებს და სხვა, ასევე მოიმატა პენსიებმა, გაორმაგდა დევნილების, ვეტერანების, სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული პირების დახმარებები, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, 3 წლის განმავლობაში უპრეცედენტო, უფასო დახმარებები გაეწია სოფლად მცირემიწიან ფერმერებს (800 ათას ოჯახს) და სხვა, მოსახლეობის მიერ რეალური ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად სურსათის მოხმარება (სრულფასოვანი კვება) მაინც ძალზე დაბალ მაჩვენებელზე რჩება. მოსახლეობის 40%-ის ფულადი შემოსავლები თვეში 260 ლარს ჯერაც არ აღემატება მაშინ, როცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 1 ადამიანის საარსებო მინიმუმი 163 ლარია (სულ ახლახანს 2 ლარით მოიმატა), ხოლო 3-სულიანი ოჯახის კი 260 ლარს შეადგენს, ანუ იმდენს, რამდენიც ერთი ადამიანის მხოლოდ კვებას (საარსებო მინიმუმის ნაწილს, სასურსათო კალათას) სჭირდება.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სიდუხჭირეში ცხოვრობს, არასრულყოფილად იკვებება, შიმშილობს, მაგრამ ის, რაც ბოლო წლებში, რეგიონში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლების მიერ კეთდება, ისიც უნდა დავინახოთ. მდგომარეობის გამოსწორებას ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარება, შესაბამისი სახსრები და დრო სჭირდება.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის დადგენას, ის ხელოვნურად არ უნდა განესაზღვროს ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეებს (თუ რამდენი უნდა იყოს ის), რადგან ის თავისთავად არსებობს და გამომდინარეობს მოსახლეობის შესაძლებლობიდან შეისყიდოს საკვები, პირველი მოხმარების საგნები, გადაიხადოს გადასახადები, მისცეს თავს უფლება ისარგებლოს კულტურული, დასვენებისა და გართობის საშუალებებით და სხვ. ე.ი. ეს მაჩვენებელი (საარსებო მინიმუმი) გამოთვლილ უნდა იქნას იმ ჩამონათვალის ღირებულებების აღრიცხვის საფუძველზე, რასაც ახერხებს მოსახლეობა თავისი შემოსავლებიდან. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის საარსებო მინიმუმის მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ სახელმწიფოს ცხოვრების, მისი განვითარების დონეზე (გავიხსენოთ, რომ ნორვეგიაში იგი 2100 ევროა, აშშ-ში 902 აშშ დოლარი, საქართველოში 165 ლარი და ამიტომაც არის იგი უღარიბესი ქვეყნების ხუთეულში: სირიის, ავღანეთის, ჰაიტის, უგანდის გვერდით (ორგანიზაცია "გელაპის" მონაცემები)).
"საარსებო მინიმუმი" არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ სურსათის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები. სასურსათო კალათის გაანგარიშებისას ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ცალკეული სასურსათო პროდუქტის მოხმარების შედეგად ორგანიზმისათვის მიწოდებული ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების ის ნორმები, რომლებიც ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას შეესაბამება. სასურსათო კალათის მინიმალიზება (გაიაფება) შესაძლებელია მხოლოდ პროდუქციის სახეობების შერჩევით.
საყურადღებოა ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ცნება "საარსებო მინიმუმი" საერთოდ არ არსებობს. იქ არის "რაციონალური სამომხმარებლო კალათა", რაც სასურსათო კალათაში მოცემული სასურსათო პროდუქციისა და არასასურსათო ხარჯების, ასევე პირველადი მოხმარების საგნების, მომსახურების, სხვადასხვა სახეობის საჭიროების რაციონალურ ჩამონათვალს მოიცავს.
თუ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის საარსებო მინიმუმში სასურსათო და არასასურსათო ხარჯების თანაფარდობით (30:70) ვიმსჯელებთ, საარსებო მინიმუმი ჩვენთვის უკვე ცნობილი სასურსათო კალათის ღირებულებაზე (255 ლარი) დაყრდნობით 850 ლარს გაუტოლდება, შედარებით უფრო "მოკრძალებული" თანაფარდობის - 50:50 შემთხვევაში კი 510 ლარს, რაც სასურველია და მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ცხოვრების დონე საგრძნობლად აიწევს, რაზეც უშუალო გავლენას მოახდენს: მოსახლეობის დასაქმება, ხელფასის მომატება, გადასახადებზე შეღავათების დაწესება, სოციალური დახმარებები და სხვა ღონისძიებები, რაც გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს, გააუმჯობესებს მათ მსყიდველობით უნარს, ხელმისაწვდომობას სურსათზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, მომსახურების სხვადასხვა სფეროებზე და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გაზრდის საარსებო მინიმუმს. ყოველივე ამის იმედს იძლევა ის სოციალური პროექტები, რომელთა განხორციელება დაიწყო 2013 წლიდან და გრძელდება დღესაც.