ინტერვიუ ამერიკელ სპეციალისტთან, რომელიც 2012 წლის შეუსაბამობას იკვლევდა
მალხაზ გაგუა
14.04.2016

 2012 წლის ზაფხულში ენდიაის მიერ ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიაში რაიმე ისეთი ხარვეზი, რასაც შეეძლო შედეგზე გავლენის მოხდენა, არ აღმოჩნდა. სხვაობა კი იმით იყო გამოწვეული, რომ გამოკითხვა არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარდა, ამ ორ თვეში კი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, რამაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კეტლინ ფრანკოვიკი, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტი, ვინც იმ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2012 წლის კვლევასა და არჩევნების შედეგებს შორის განსხვავება შეისწავლა.

ამჟამად ქ-ნი ფრანკოვიკი თბილისში ამერიკის საელჩოს მოწვევით იმყოფება კონფერენციაზე დასასწრებად.

დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" იმართება კონფერენცია სახელწოდებით "წინასაარჩევნოდ საზოგადოებივი აზრის კვლევის მნიშვნელობა საქართველოში", რომელიც ორგანიზებულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფოდნის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციის მიზანი წინასაარჩევნოდ სოციოლოგიური კვლევების მნიშვნელობის წარმოჩინებაა.

კონფერენციაზე მოწვეულია ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ტელევიზიის, სი-ბი-ესის საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი კეტლინ ფრანკოვიკი, რომელსაც ეს პოზიცია 30 წლის მანძილზე ეკავა. სი-ბი-ესისა და გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსის" გამოკითხვები ამ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ამჟამადაც არის ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

კეტლინ ფრანკოვიკი სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიურ ხარისხს ფლობს. ამჟამად ის ლექციებს კითხულობს კორნელისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებში, კონსულტირებას უწევს სხვადასხვა ფონდებსა და მედია-ორგანიზაციებს, არის საზოგადოებრივი აზრის მსოფლიო და ამერიკული ასოციაციების პრეზიდენტი.

"რეზონანსი" გუშინ ქ-ნ ფრანკოვიკს საზოგადოებრივი აზრის კვლევების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა გუშინ ენდიაის კვლევების გამოქვეყნების კონტექსტში, რომელმაც საგრძნობი ყურადღება და კრიტიკაც დაიმსახურა.

კრიტიკა ძირითადად 2012 წლის ივლის-აგვისტოს გამოკითხვას უკავშირდება, როდესაც ენდიაიმ "ოცნებას", რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო, 12%-იანი რეიტინგი დაუდგინა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 37%. შედეგად კი არჩევნებში "ოცნებამ" მნიშვნელოვანი სხვაობით მოიგო.

ამის შემდეგ ღია საზოგადოების ფონდის მოწვევით ქ-ნი ფრანკოვიკი საქართველოში იმყოფებოდა სპეციალურ მისიით, რათა გამოეკვლია ამ შეუსაბამობის მიზეზები.

კეტლინ ფრანკოვიკი: საქართველოში 2012 წელს ვიმყოფებოდი ექსპერტების ჯგუფთან ერთად, რომელიც იკვლევდა, რატომ არ დაემთხვა ენდიაიას კვლევის შედეგი ოქტომბრის არჩევნების შედეგს.

ჩვენ გამოვიკვლიეთ მეთოდოლოგია, კითხვარები, შევისწავლეთ, რამდენად ჰქონდათ რესპონდენტებს საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოთქმის საშუალება და ა.შ. მოკლედ, შევისწავლეთ კვლევის მეთოდოლოგიური მხარე.

იყო მცირე შენიშვნები ტექნიკურ საკითხებზე, მაგრამ სერიოზული ხარვეზი, რასაც შეეძლო კვლევის შედეგზე გავლენა მოეხდინა, არ დაფიქსირდა.

"რეზონანსი": ანუ, თქვენ ამბობთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი ვერ იპოვეთ. მაშინ რა იყო იმის მიზეზი, რომ კვლევისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთისგან ასე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა?

კ.ფ: როდესაც ამერიკაში ვატარებთ-ხოლმე ასეთ კვლევებს საპრეზიდენტო, კონგრესის ან სხვა არჩევნების წინ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი - რამდენად ახლოსაა კვლევის ჩატარების დრო არჩევნების თარიღთან. მე ვგულისხმობ საველე სამუშაოს ჩატარებას - ანუ უშუალოდ ადამიანების გამოკითხვას.

2012 წელს კი ენდიაის დაკვეთით საველე კვლევა ჩატარდა არჩევნებამდე 2 თვით ადრე (31 ივლისიდან 12 აგვისტოს შორის შუალედში - რედ.), რაც ძალიან დიდი დროა და ამ პერიოდში სავსებით შესაძლებელია, რომ სურათი შეცვლილიყო.

მაგალითად, ამ დილით მე დავესწარი ენდიაის ახალი კვლევის პრეზენტაციას. შედეგებდიდან ჩანს, რომ ბევრი ადამიანი ამ მომენტში არჩევნებზე არ ფიქრობს. არჩევნებამდე 6 თვით ადრე კვლევის ჩატარება ძალიან კარგია და სასარგებლოა ბევრი პრობლემისა და განწყობის გამოსაკვეთად როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე მთავრობისთვისაც, რათა ამ პრობლემებსა და საკითხებზე მოახდინოს კონცენტრირება, მაგრამ ის არ და ვერ ასახავს ამომრჩევლის განწყობას 6 თვის შემდეგ ჩასატარებელი არჩევნებისთვის.

"რ": თქვენი აზრით, ის, რომ კვლევისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვა დროში სხვაობის ბრალია?

კ.ფ: დიახ, თანაც ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ამბები მოხდა, მაგალითად ციხეებში წამების კადრების გავრცელება, რამაც ასევე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე.

"რ": როდისაა გამოკითხვის ჩატარება ყველაზე უპრიანი, როდის შეიძლება ყველაზე ზუსტი შედეგის მიღება?

კ.ფ: მე ვიტყოდი, რომ რაც შეიძლება ახლოს არჩევნების თარიღთან. მაგალითად, ორი კვირის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვა, შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურია.

ზოგადად, ასეთი სახის კვლევებს ამერიკაში მედია ატარებს-ხოლმე. ხშირად ორი მედიაორგანიზაცია ერთიანდება, ჩვეულებრივ - გაზეთი და ტელევიზია, და ერთობლივად ატარებენ გამოკითხვებს, მათ შორის ეგზიტპოლებს. მაგალითად, ასეთ გამოკითხვებს ატარებენ გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" და ტელევიზია ეი-ბი-სი.

ასეთი კვლევებისას არა მარტო იმას ეკითხებიან, ვის აძლევს ხმას ადამიანი, არამედ მის ასაკს, გენდერს, განათლებას, პროფესიას, ოჯახურ მდგომარეობას და წლიურ შემოსავალს; ასევე, რა საკითხები აწუხებს ადამიანს, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს კი საკმაოდ კარგ მასალას იძლევა გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, რაც ფრიად სასარგებლოა საზოგადოებისთვის.

ასე რომ, საზოგადოებრივი აზრის კვლევებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.

"რ": ზოგადად ენდიაის კვლევებს საქართველოში ყველა ყურადღებას აქცევს და ეს მნიშვნელოვანი ნიუსია. თუმცა მას ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს. აი, მაგალითად, მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის სიტყვები, მისი სახელია გია ვოლსკი, "მოულოდნელი ამ გამოკითხვაში არაფერია. ამ კვლევებით ჩვენ 2012 წელს 12% გვქონდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ენდიაის არც ერთი გამოკითხვა რეალური არ არის. ძალიან სერიოზული ჩრდილი მიადგა ამ ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან". აი, კითხვაც: ამერიკელი პოლიტიკოსებიც ასე მძაფრად რეაგირებენ გამოკითხვების შედეგებზე?

კ.ფ: ოო, ეს ძალიან ნაცნობი სიტუაციაა (იცინის). ზუსტად ასეთი რეაქციაა ჩვენთანაც მათი მხრიდან, ვისაც გამოკითხვის შედეგები ხელს არ აძლევს.

საერთოდ, პოლიტიკოსები გამოკითხვებს იყენებენ თავიანთი მიდგომის, პოლიტიკის კორექტირებისთვის და ეს საკმაოდ სასარგებლოა მათთვის. ასე რომ, ყოველთვის სჯობს ბევრი გამოკითხვა ჩატარდეს. ამასთანავე, ეს უბრალო მოქალაქეებს საშუალებას აძლევს გადაწყვეტილებების მიმღებთ გააგებინონ თავიანთი მოსაზრება და გავლენა მოახდინოს საჯარო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

"რ": ახლა ქართველმა პოლიტიკოსმა ან პარტიამ, რომ მოინდომოს ამერიკული პროფესიონალების ჯგუფის დაქირავება საზოგადოებრივი აზრის კვლევისათვის, ეს რამდენი დაუჯდება (ძალიან დაახლოებით ციფრებში)?

კ.ფ: ეს საკმაოდ ძვირია. საუბარია ათეულობით ათას დოლარზე. საჭიროა სპეციალისტების დაქირავება, ასევე იმ ხალხის, ვინც საველე პირობებში ჩაატარებს გამოკითხვას, ვინც შედეგებს შეაჯამებს, გააანალიზებს. საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, შედეგად ფრიად ძვირიც.

მე ასეთი აზრი გამიჩნდა მხოლოდ იდეის დონეზე ჯერჯერობით, რომ შეიქმნას რაიმე ინსტრუმენტი, რათა მობილური ტელეფონით მოხდეს ხალხის გამოკითხვა, რაც ამერიკაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. თანაც, როგორც მითხრეს, საქართველოში მობილური ტელეფონები თითქმის ყველას გააჩნია. შესაბამისად, შეიძლება საკმად წარმომადგენლობითი მონაცემების შეგროვება.

"რ": და ბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე...

კ.ფ: თვენ ახლა გინდათ გითხრათ, ვინ მოიგებს (იცინის)? კეთილი. მე ვფიქრობ, რომ დემოკრატებიდან, ალბათ, ჰილარი კლინტონი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც შეეხება რესპუბლიკელებს, იქ ამჟამად დონალდ ტრამპი ლიდერობს, მაგრამ ჯერ არაფერია გარკვეული. მე მგონი, ტრამპს გაუჭირდება ნომინაციის მოპოვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×