თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, გუშინ საღამოს 9 საათზე ავტოსახელოსნოში მყოფ სამ ახალგაზრდას მწვანე ფერის "ოპელის" მარკის ავტომობილიდან დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სროლის შედეგად 2 კაცი მოკლულია, მესამე კი მძიმედ დაჭრილი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
სისხლიან თავდასხმას თვითმხილველები ჰყავს, რომელთა განცახდებით, სახელოსნოს მოულოდნელად დიდი სისწრაფით მომავლი ავტომობილი მიუახლოვდა, რომლის საქარე მინებიც დაბურული იყო. ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ისროლა. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდამსხმელების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია და მათ დასაკავებლად სამძებრო საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თვითმხილველის ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდები ქვემო ფონიჭალაში, სახელოსნოში ავტომობილის შესაკეთებლად იმყოფებოდნენ.
მესამე, დაჭრილი მამაკაცი კი სროლაში შემთხვევით მოჰყვა. ის სახელოსნოში ელექტრიკოსად მუშაობდა. მისი თქმით, სროლისას ადგილზე უფრო მეტი ადამინი რომ ყოფილიყო, თავდამსხმელი, იმდენად მჭიდროდ ისროდა, უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა.
მკვლელობის მოტივი კი შესაძლოა ბიზნეს-ინტერესი იყოს, რადგანაც გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი მამაკაცი რუსეთში ბიზნესს ეწევა და საქართველოში სულ რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.
"არ ვიცი, ეს რა იყო, თავი განგსტერულ კინოში გეგონებოდათ. მოულოდნელად საიდანღაც მწვანე ფერის "ოპელი" გამოჩნდა და სახელოსნოში მყოფი სამი კაცი დაუნდობლად ჩაცხრილა. ვერავინ ვერეფერს ვერ მივხვდით, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. 2 ადამიანია გარდაცვლილი, ერთი კი მძიმედაა დაჭრილი. დაღუპულები ავტოსახელოსნოში სულ რამდენიმე წუთის მოსულები იყვნენ. როგორც ჩანს, მკვლელი კვალდაკვალ მოჰყვებოდა. როდესაც ბიჭები მანქანის გასაკეთებლად შეჩერდნენ, მაშინვე სროლა ატეხა.
"ეს მესამე ხელოსანია და გარდაცვლილების ავტომობილს აკეთებდა. საწყალი სრულიად უდანაშაულოა, შემთხვევით სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდა.
მარნეულიდან არის და აქ ელექტრიკოსად მუშაობს. თავად გარდაცვლილებიც, როგორც ამბობენ, ქვემო ფონიჭალის მაცხოვრებლები არიან.
"არ მგონია, პოლიციას მათი ვინაობის დადგენა გაუჭირდეს. გარშემო სულ ვიდეოკამერებია, თანაც მანქანის მოდელიც დავინახეთ, ამიტომაც კვალზე გასვლა ადვილი იქნება," - აცხადებს თავდასხმის თვითმხილველი რ.ბ.
კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის თქმით, გარდაცვლილი მეორე მამაკაცი სრულიად შემთხვევით დაიღუპა, რადგანაც თავდასხმა რუსეთიდან ახლად დაბრუნებული მისი მეგობრის მიმართ განხორციელდა. ის არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყოს, რადგანაც ასეთ ხალხმრავალ ადგილას მკვლელობას მხოლოდ პროფესიონალი თუ გაბედავდა.
"როგორც ადგილობრივები ამბობენ, მეორე გარდაცვლილი შემთხვევის მსხვერპლია. ის რუსეთიდან საქართველოში ორი დღის წინ ჩამოსულ მეგობარს მასპინძლობდა. სავარაუდოდ, თავდასხმა სწორედ ამ პიროვნების მიმართ განხორციელდა, რასაც იქ მყოფი ადამიანებიც შეეწირნენ. ერთ-ერთი მოკლული რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული.
"იმასაც ამბობენ, რომ საქართველოში რაღაც დაპირისპირება ჰქონდა, რის გამოც ქვეყანაში კარგა ხანი აღარ ჩამოდიოდა. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ყველაფერი ჩაწყნარდა და დაბრუნდა. ალბათ მისი ჩამოსვლა გაიგეს და ჩაუსაფრთდნენ, რაც ასეთი საშინელებით დასრულდა," - აცხადებს ქვემო ფონიჭალის მაცხოვრებელი ი.ჰ.
(გამოყენებულია "პალიტრანიუსის" ინფორმაცია)