გვანცა ღვედაშვილი
15.04.2016

არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრები გაიმართა. შეთანხმების მიღწევის შემდეგ მარგველაშვილმა არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა, თუმცა განკარგულებას პრემიერმა ხელი არ მოაწერა და პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება.

"არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება.

"ამიტომ ჩვენ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების წარმოდგენა მოხდეს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა, თუმცა "აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს, შესაბამისად, მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე".

უმრავლესობის წევრთა აზრით, პრეზიდენტის ასეთი წინააღმდეგობა მიუღებელია. როგორც გია ვოლსკი ამბობს, ოთხი თვე საკმაოდ ადრეა წინასაარჩევნო რეგულაციების დაწესებისთვის. მისივე თქმით, პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი უმაღლესი პირი, სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს და არა თავისი სიჯიუტიდან ან პრინციპულობიდან.

"უნდა შეცვალოს თუ არა პრეზიდენტმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): "მგონი, სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ის სამართებლივი უზუსტობები, რომლებზეც ჩემზე კომპეტენტური ადამიანები საუბრობდნენ ამ დღეებში, მოვიდეს წესრიგში.

ზოგიერთ პარლამენტარს კი ვეტყოდი, რომ ისეთი კანონმდებლობა არ არსებობს, ეგენი რომ პარლამენტში მოხვდნენ, ვინც კვალიფიციური სუბიექტია, მათთვის პრინციპული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ამ თარიღს.

არ მიმაჩნია სწორად, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდეს ვფიქრობ, სამთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი სავსებით საკმარისი არის"

 ანა რატიანი  (ჟურნალისტი): რა თქმა უნდა, მაისში უნდა დაიწყოს, ამის გადავადება რამდენი შეიძლება, შემდეგ საკითხები ყოველთვის მოუგვარებელი რჩება და ნამდვილად მაისში უნდა ჩატარდეს.

როგორც ვატყობ, მაისისთვის, არც არაფერი არ მოესწრება, ჯერჯერობით არც არაფერი არ გაკეთებულა. მერე დაიწყებენ, ეს არ გამოვიდა, ის არ გამოვიდა და ა.შ. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. სამწუხაროდ, ამ მხრივ არაფერი არ იცვლება.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "რაღაც ტრაგიკულად ვერ აღვიქვამ ამ საკითხს. ზოგადად მინდა, რომ პრემიერი და პრეზიდენტი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, როცა მახსენდება ღარიბაშვილისა და პრეზიდენტის ის სასაცილო ურთიერთობა, რომელიც მათ ჰქონდათ, ნამდვილად აღარ მინდა იგივე გაგრძელდეს ახლაც.

ახლა რატომ შეცვალა ეს თარიღი, არ ვიცი, მაგრამ ასე ტრაგიკულად ვერ აღვიქვამ, არ მგონია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ჯინაზე იქცევა ასე. რაც უფრო მეტხანს იქნება საარჩევნო პერიოდი, მით უკეთესი."

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  "ვფიქრობ, ეს უფრო იურისტების საქმეა, მაგრამ, თუ რაღაც შეეშალა პრეზიდენტს, ისევ მთავრობის ბრალი მგონია და ისე 2012 წლის არჩევნების დამთავრებიდან მომავალი არჩევნებისთვის მზადება მაშინვე დაიწყო.

სხვადასხვა რაკურსით და მიდგომით, მაგრამ ეს პროცესი 2013 წლიდანვე დაიწყო. ახლა ეს ფორმალური მხარეა და იურისტების საქმეა, სწორად დანიშნონ თარიღი, თორემ, ჩემი აზრით, დიდი ხანია, არჩევნებისთვის მზადება დაიწყო."

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): "ძალიან რთული გადასაწყვეტია ეს და ყველაფერი აისახება პრეზიდენტის იმიჯზეც, თუმცა ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ და, ვფიქრობ, პრეზიდენმა საკადრო ცვლილებები უნდა განახორციელოს თავის გარემოცვაში. ასეთი შეუთავსებლობის დაშვება არ შეიძლება.

ვფიქრობ, უნდა შეცვალოს თარიღი, რადგან მთავრობის არგუმენტები ძალზედ დამაჯერებელია, მაგრამ წავა თუ არა ამაზე პრეზიდენტი, ნამდვილად არ ვიცი, ალბათ უნდა წავიდეს. ეს არ იქნება მისი სისუსტის ნიშანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×