პოლიტოლოგისა და ფსიქოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის გამოქვეყნებით, საზოგადოება იმისთვის შეამზადა, რომ მომავალ არჩევნებზე მოსახლეობის ხმები გაყალბდება.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იმართება და მის დაკვეთებს ასრულებს, რადგანაც პარტიამ იცის, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში ვეღარ მოვა და ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარის გათამაშება სურს.
"რეზონანსი": როგორ შეაფასებთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას და რას იტყვით მის შედეგებზე?
რამაზ საყვარელიძე: დიდი ხანია, საქართველოში მეც და სხვა ადამიანებიც ტვშ-ის კვლევებს ეჭვის თვალით უყურებენ. ორგანიზაციამ ამჟამად საინტერესო მანევრი განახორციელა - ჯერ პირველი ბლოკის შედეგები გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ მეორესი.
ჩნდება ეჭვი, ამას იმიტომ ხომ არ აკეთებს, რომ პირველად თქვა ის, რაზეც ყველა დაეთანხმება და შემდეგ იმის შანსი გაზარდოს, რომ მეორე შემთხვევაშიც დაეთანხმებიან. ეს ხერხი როგორც პიარტექნოლოგიებში, ასევე ყველა სხვა კვლევით ტექნოლოგიებში გამოიყენება, სადაც ადამიანის დათანხმება მსგავსი ხერხებით ძალიან მარტივია.
"რ": რას გულისხმობთ მანევრში?
რ.ს: კვლევის დროს ისმება კითხვა, ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად? ხოლო როგორც ტვშ გვამცნობს, გამოკითხულთა უმრავლესობამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ბაქრაძე დაასახელა. საქმე ისაა, რომ თავად კითხვაა გაუგებარი, რომელიმე ლამაზი ქალი დაესახელბინათ, ალბათ უკეთესი იქნებოდა.
აქ დაკონკრეტებული უნდა ყოფილიყო, თუ ვინ რითი მოგწონთ. კითხვაში არ ჩანს ბაქრაძე რატომ, ან რის გამო მოსწონთ - ამას ტვშ-ი არ აზუსტებს. როგორ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, რომელიც ბოლო დროს ეკრანზე საერთოდ აღარ სჩანს, საზოგადოებაში უფრო პოპულარული იყოს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ყველა სოციალური კვლევის მიხედვით, მოსახლებაში საკმაოდ რეიტინგულია.
იგივე კვლევის მიხედვით, მართველი გუნდის პარტიის და "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ფაქტობრივად ერთია, თუმცა იქვე ამბობს, რომ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ იცის ხმა რომელ პარტიას მისცეს. აი აქ არის სწორედ მთავარი ინტრიგა ჩადებული. "არ ვიცის" მქონე ადამიანებს კვლევა იტოვებს იმისთვის, რომ არჩევნებამდე ეს ხალხი ჩამოყალიბდება და აირჩევს რომელიმე პარტიას. რისთვის სჭირდება ტვშ-ის ეს მონაცემები? აი მთავარი კითხვა.
არ გამოვრიცხავ, ეს იმისთვის კეთდებოდეს, რომ თუ "ქართული ოცნება" არჩევნებში გაიმარჯვებს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმის ძახილი დაიწყოს, რომ პარტიამ ხმები გააყალბა. რის შემდეგაც საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და დასავლეთს აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომელიც სათავეში მოვიდა, არალეგიტიმურია, ამას კი ხალხიც ეთანხმება.
ამ მონაცემებით საზოგადოებას ამზადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება. დემოკრატიული არჩევნებით "ნაციონალური მოძრაობა" სათავეში ვეღარ მოვა და ამიტომ ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარის გათამაშება სურთ.
"რ": მოსახლეობაში მთავრობის მიმართ უკმაყოფილება რომ არსებობს, თქვენ ამაში დარწმუნებული არ ხართ? გასაკვირი იყო, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი არჩევნების მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი?
რ.ს: რა თქმა უნდა, იმაზე არავინ დავობს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებით უკმაყოფილოა, რაც სავსებით გასაგებია, მაგრამ იგივე ადამიანები "ნაციონალური მოძრაობით" კმაყოფილები არიან? ეს ხომ ლოგიკას მოკლებული მონაცემებია?
ეს ეჭვი არ გაჩნდებოდა, თუ ორგანიზაცია კვლევის დროს, "ნაციონალების" რეიტინგს სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად დაბლა დასწევდა. ტვშ-მ ეს არ გააკეთა და ამ პარტიის უპიურეტესობა მკაფიოდ გამოკვეთა. შესაბამისად, ვერსია, რომ ეს ხელისუფლება აღარ მომწონს, საკამრისი არ არის.
"რ": კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 29%-ს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივა?
რ.ს: რა თქმა უნდა, სწორი ვარაუდია, რომ თუ გამოკითხულთა ამდენ პროცენტს არც ერთი პარტია არ მოსწონს, მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივა. ესეც იმის დამკვიდრებაა, რომ მოდი, ნუ წავალთ არჩევნებზე.
ხმის მისაცემად მისული ადამიანების რიცხვი, რაც უფრო დაბალი იქნება, "ნაციონალური მოძრაობის" პროცენტები მით უფრო მოიმატებს. თუ გამოკითხვით მათ 13% აქვთ, არჩევნებზე თუ ხალხი არ მივიდა, შესაძლოა 40 ან 50%-იც კი აიღონ.
"რ": "ქართულ ოცნებას" აქვს შანსი, რომ პარლამენტში კვლავ უმრავლესობით მოვიდეს?
რ.ს: ველი, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, მაგრამ როგორი შემადგენლობით, არ ვიცი. "ქართულ ოცნებას" არჩევნებამდე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოუწევს იმისთვის, რომ კვლავ უმრავლესობით მოვიდეს.