ლიკა ამირაშვილი
16.04.2016

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ელჩ იან კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე რეაგირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ძმამ, გიორგი წულაძემ განუცხადა, სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე სახუმარო თემა შექმნა და დაწერა, რომ გეგმავდა აშშ-ის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს, რის შემდეგაც, 12 აპრილს სამართალდამცველებმა დააკავეს.

სულხან წულაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით არის დაკავებული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფორუმის მომხმარებელს შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორ ფიქრობთ, უნდა დაეკავებინათ თუ არა სულხან წულაძე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა გაირკვეს სათანადო ორგანოების მხრიდან, რამდენად სერიოზული იყო, ხომ არ იყო მართლა ხუმრობა. თუ მართლა ხუმრობაა, შეიძლება ცოტა ლმობიერი დამოკიდებულება გამოვლინდეს, მაგრამ თუ ნამდვილად გეგმავდა, მაშინ არსებობს კანონი და ამის მიხედვით უნდა მოხდეს დასჯა."

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  "ყველა შემთხვევაში დაკავება დაპატიმრებას არ ნიშნავს. მომდევნო 48 საათში უნდა გადაწყდეს ამ პირისთვის ბრალის წარდგენა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოიყენოს თუ არა. "რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს და თუ ეს მხოლოდ ხუმრობის ფორმა იყო და არანაირი განზრახვა არ ამოძრავებდა, დადგინდება. "საკმაოდ მძიმე ბრალდება აქვს წარდგენილი. რა თქმა უნდა, ასე ხელაღებით ასეთი დანაშაულის დაბრალება არ შეიძლება, თუ უტყუარი მტკიცებულებები არ არის.

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "ფორუმში ხომ ვერ მიხვდებიან, მართლა გეგმავდნენ თუ ხუმრობდნენ. ამ პირობებში, როცა ევროპის ქვეყნებში ტერაქტი ტერაქტებზე ხდება, საერთოდ ამაზე არ უნდა იხუმრო. უნდა დაეკავებინათ, აბა, სხვა გამოსავალი ჰქონდათ?! თუ გამოირკვევა, რომ იხუმრა - კარგი, მაგრამ ამაზე ხუმრობა როგორ შეიძლება?!"

 

 

 

 გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): "თუ ჯერ დადგენილი არ არის, ეს მართლა ხუმრობა იყო თუ არა, უნდა დაეკავებინათ. ტერაქტები სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა, მაგრამ დღევანდელ დაძაბულ სიტუაციაში ამაზე ხუმრობა არ შეიძლება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×