ნინო ქეთელაური
18.04.2016

"შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "აუდიტორია 115"-ის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ. მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, სამუშაო შეხვედრა შემდეგი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც სამუშაო ატმოსფეროში საუბარი იქნება: დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, სტრუქტურაზე და ა. შ.

"ასევე გვექნება საუბარი უნივერსიტეტებში მმართველობის ორგანოების სტრუქტურაზე და ყველა მტკივნეულ საკითხზე აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაც შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი, ზოგს ჩვენ მოვისმენთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"თვითმმართველობა ერთი ხელის მოსმით არ უნდა მოისპოს", - ამის შესახებ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განაცხადა. მისი თქმით, პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა მხარე.

"პრემიერის მოსვლა დადებითი ფაქტია. რაც შეეხება მოთხოვნებს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს არსებული თვითმმართველობის სისტემის გაუქმება ან შეცვლა, აქ საქმე გვაქვს ავტონომიის შინაარსის ვერ გაგებასთან. ავტონომია გულისხმობს, რომ თავად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ, რა მოდელის თვითმმართველობა ჰქონდეთ. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. თსუ-ში არ უნდა წყდებოდეს, პირობითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორი თვითმმართველობა იქნება. ეს არის ცალკეული უნივერსიტეტების გადასაწყვეტი, თვითონ რა მოდელი ექნებათ", - განაცხადა საბაურმა.

როგორ ფიქრობთ, უნდა გაუქმდეს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე):  "სიმართლე გითხრათ, სტუდენტურ თვითმმართველობაზე ძალიან დიდი ხანია უარყოფითი პოზიცია მაქვს და ვფიქრობ, რომ იმ სახით, როგორითაც შეიქმნა და დღესაც არსებობს, არ მგონია, მისი არსებობის საჭიროება იყოს. მე რომ დღეს სტუდენტი ვიყო, აუცილებლად ვიდგებოდი იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებს."

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "იმ ფორმით, რა ფორმითაც სტუდენტური თვითმმართველობები უმაღლეს სასწავლებლებში არიან, რასაკვირველია, არ უნდა არსებობდეს. საერთოდ, სტუდენტური თვითმმართველობა უნდა იყოს, მაგრამ ის უნდა იყოს დემოკრატიის ნაწილი და ხელს უწყობდეს პროცესების გაჯანსაღებას. არ უნდა იყოს პოლიტიზებული და მიმართული უნდა იყოს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის და მმართველობის დემოკრატიული ფორმების დამკვიდრებისკენ."

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი):  "სტუდენტები მასობრივად ითხოვენ ამას და ვფიქრობ, ისინი უფრო ჩახედულები არიან დეტალებში. თუკი თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ, ალბათ ასეა საჭირო. მითუმეტეს, რომ ამდენი სტუდენტი ითხოვს და ერთსულოვნები არიან. ამიტომ, უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ასე მასობრივად ითხოვენ."

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "აუცილებლად უნდა გაუქმდეს. იმიტომ, რომ ეგ არის პატარა "ცეკა". თუ გამოსწორდება რამე და გახდებიან "კეთილნი" თავისი ტოლების მიმართ, მაშინ მივესალმები. მაგრამ თუ "ცეკას" სტრუქტურა იქნება, ნამდვილად მიუღებელია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×