"რესპუბლიკური პარტის" წევრი დავით ბერძენიშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ტერმინებს უწუნებს და აკრიტიკებს. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სესიაშვილს "თავში მთლად ზუსტი ტერმინები არ მოსდის".
მან სესიაშვილი იმაზეც გააკრიტიკა, თუ რატომ არ დაიცვა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის მინისტრი გოგი თოფაძის ბრალდებებისგან.
როგორც ირაკლია სესიაშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა, უმჯობესია, ბერძენიშვილმა საკუთარ შეცდომებზე გაამახვილოს ყურადღება. რაც შეეეხება თოფაძის ბრალდებებისგან მინისტრის დაცვას, მისი თქმით, ეს მისი, როგორ კომიტეტის თავმჯდომრის, ფუნქციებში არ შედის.
ირაკლი სესიაშვილი: ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ პოლიტიკურ ქილიკს ავყვე, თუმცა, დავით ბერძენიშვილს ვურჩევ, ყურადღება საკუთარ შეცდომებზე გაამახვილოს.
ბერძენიშვილს რომ ჩემი ტერმინები არ მოსწონს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე არასწორ შეფასებებს ვაკეთებ. ეს უფრო მეტად იმაზე მიანიშნებს, რომ უბრალოდ "რესპუბლიკურ პარტიას" იმ მომენტში ჩემი შეფასებები არ აწყობდა. ამიტომაც ამ თემით სპეკულირება დაიწყეს.
დავით ბერძენიშვილს რა ვუპასუხო, არ ვიცი, იმიტომ, რომ მე და თინა ხიდაშელს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარესა და მინისტრს საქმიანი ურთიერთობა გვაქვს და ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ამიტომ მას თუ რაიმე სათქმელი აქვს, ბერძენიშვილის მითითებები არ გვჭირდება.
ბერძენიშვილს ასევე საუბარი ჰქონდა იმის შესახებ, თოფაძესთან რატომ არ დაიცვაო. ბერძენიშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია, თუმცა მას მაინც ვურჩევ, რომ პარლამენტის როლზე მთავრობასთან მიმართებაში კარგად გაერკვეს. პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იმიტომ არ ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი დავიცვა. მას დასაცავი არაფერი არ აქვს. თვითონ თუ საჭიროდ ჩათვლის, საკუთარ თავს დაიცავს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომრის ძირითადი ფუნქციაა, კონტროლი განახორციელოს და არა ვინმეს დაცვით იყოს დაკავებული.
როგორც ჩანს, ბერძენიშვილს უფრო მეტად ის ადარდებს, რომ თავდაცვის მინისტრი "რესპუბლიკური პარტიის" წევრია და ახლა გაახსენდა, რომ თავდაცვის მინისტრს დაცვა სჭირდება.
ბევრჯერ მახსენდება იგივე მინდია ჯანელიძის მიმართ მისი არცთუ კორექტული გამონათქვამები. ნუ ჰგონია, რომ ქართული პოლიტიკის მჭიდია ბატონი დავით ბერძენიშვილი, რომელზეც პოლიტიკა უნდა ტრიალებდეს და ვურჩევ, ყურადღება საკუთარ შეცდომებზე გაამახვილოს.
"მთელი კვირა": თქვენ ახსენეთ, რომ თავდაცვის მინისტრთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. ბერძენიშვილის მოსაზრებები პარტიის მოსაზრებებს არ გამოხატავს, თუ მის პირად მოსაზრებებს ეყრდნობა?
დ.ბ.: ბერძენიშვილმა ჩემი კრიტიკის საფუძვლად მოიტანა ის, თუ რატომ თქვა სესიაშვილმა პიროვნული დაპირისპირება იყოო. მე მართლაც ვთქვი, რომ მეჩვენება დაპირისპირება არა "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის არის, არამედ გოგი თოფაძესა და ბერძენიშვილებს შორის.
ვიცი, რომ გოგი თოფაძეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს "რესპუბლიკელების" სხვა წევრებთან. ისევე, როგორც მე ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, არც ბერძენიშვილთან მაქვს ცუდი ურთიერთობა.
ბერძენიშვილს თუკი რაიმეს თქმა სურდა, შეეძლო პირადად ჩემთვისაც ეთქვა. თუმცა, როგორც ჩანს, მის პოლიტიკას ასე სჭირდება და ძალიან უნდოდა, რომ ვეხსენებინე.
კი, ბატონო, პრობლემა არ არის. პირადად მე "რესპუბლიკელებთან" არანაირი ცუდი ურთიერთობა არ მაქვს, მეტიც, ბევრ მათგანს ძალიან კარგად შევაფასებდი და ბევრთან ვმეგობრობ კიდეც.
თინა ხიდაშელს ვიცნობ ალბათ 20 წელიწადია და ასეთი მეგობრობა ბევრს შეშურდება თუნდაც პარტიის შიგნით. ასე რომ, არ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის შავმა კატამ გადაირბინა, მაგრამ მისი მხრიდან სწორი არ იყო.
"მ.თ.": გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე, სავარაუდოდ, თქვენი კანდიდატურა განიხილება.
ი.ს.: ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
"მ.თ.": შემოთავაზების შემთხვევაში, თუ დათანხმდებით?
ი.ს.: პირველ რიგში "თუ"-ებით ლაპარაკი არ მიყვარს. მეორე - იმას კი არ ვუყურებ, მე რა მინდა, იმას ვუყურებ, საქმეს როგორ სჭირდება და ქვეყანას რაში გამოვადგები.