"საქართველოს ორმა მოქალაქემ მდინარე ენგურის მეშვეობით აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები შოთა ბულია და ირაკლი ჯაფავა აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს," - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით აფხაზური საინფორმაციო სააგენტო "აფხაზია ავტო" ავრცელებს.
"ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები სინთეზური პრეპარატის - "მეტადონის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენას გეგმავდნენ," - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოხუმის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯაფავასა და ბულიას ადმინისტრაციული სასჯელი - 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.
ამ ინფორმაციასთან ერთად, სააგენტომ ქართველების დაკავების კადრებიც გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს ჯაფავასა და ბულიას დაკავების სპეცოპერაცია. სპეცრაზმელებთან ერთად, ვიდეოზე ასახულნი არიან დაკავებულებიც, რომელთა იდენტიფიცირებაც ყოველგვარი პრობლემის გარეშეა შესაძლებელი.
ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბრალდებულები აფხაზმა სპეცრაზმელებმა ქალაქ გალში, ერთ-ერთ ოჯახში დააკავეს. მისივე თქმით, ძირითადად ნარკოტიკების მოპოვების მიზნით გადადიან, რადგანაც სოხუმში როგორც მძიმე, ისე მსუბუქი ნარკოტიკების შოვნა შედარებით ხელმისაწვდომი და მარტივია.
ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება გარკვეული მიზეზების გამო არ ისურვა, ამბობს, რომ ნარკოტიკების მოპოვების მიზნით, სამეგრელოდან ახალგაზრდებისა და არა მარტო მათი, გადასვლა მართლაც ხდება, თუმცა მისი ინფორმაციით, ამას მასობრივი ხასიათი ნაკლებად აქვს. რაც შეეხება უშუალოდ დაკავებულებს, წყაროს თქმით, ორივე მათგანი 30-წლამდე ასაკის საეჭვო რეპუტაციის ახალგაზრდაა.
"ამ ამბის შესახებ რამდენიმე დღის წინ შევიტყვე და გავიგე, რომ ბრალდებულები გალში ერთ-ერთ ოჯახში დააკავეს. სავარაუდოდ, აფხაზ სპეცრაზმელებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ ვიღაცამ ინფორმაცია მიაწოდა, რადგან ორივე მათგანი საეჭვო რეპუტაციის მქონედ მიიჩნევა. ჩემი ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ ახალგაზრდებს ადმინისტრაციული სასჯელი სოხუმის სასამართლომ დაუწესა და 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
"აფხაზურ წყაროებზე სხვადასხვა ინფორმაციას ვკითხულობ. ზოგან ისიცაა მითითებული, რომ თითქოს ორივე მათგანი სოხუმში მძიმე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და თანაც დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. ამაზე უტყუარ ინფორმაციას ნამდვილად ვერ მოგაწვდით, თუმცა ის კი ზუსტად ვიცი, რომ სპეცოპერაცია არა სოხუმში, არამედ გალში, ერთ-ერთ ოჯახში ჩატარდა და ეს ფირზეც კარგადაა ასახული. კადრებში ჩანს, რომ ეს არა ქალაქის ტერიტორია, არამედ ოთახია.
"ამ ამბის შესახებ აფხაზები ათას მცდარ ინფორმაციას თავად ავრცელებენ, თუმცა კი იმის უარყოფა, რომ იქ ნარკოტიკების შოვნა შედარებით ადვილია, ნამდვილად რთული იქნება. სამეგრელოდან ამ მიზნით მართლაც მიდიან და ნარკოტიკებსაც შოულობენ, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათის ქმედებას ვერ დავარქმევდი.
"სოხუმში რომ ნარკოტიკების რეალიზების კუთხით სრულიად უკონტროლო სიტუაციაა, ეს ყველამ იცის. იქიდან ჩამოსულები თვითონ ამბობენ, რომ მარიხუანას პლანტაციები ყველგანაა. ალბათ უფრო მძიმე ნარკოტიკების შოვნაც შეიძლება. ამაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა, ფაქტი ჯიუტია, რადგან მიმოსვლა ასე თუ ისე მაინც ხდება," - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
აფხაზეთში ნარკოტიკების უკონტროლო მიმოქცევაზე საუბრობს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაიაც. მისი თქმით, აფხაზეთში ამ საკითხს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ, რადგან ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი გზა და ფულის შოვნის ერთ-ერთი წყარო სწორედ აფხაზეთია.
დავითაია "მთელ კვირასთან" საუბრისას ყურადღებას იმ სქემაზე ამახვილებს, რითაც სოხუმში ნარკოტიკების შეგროვება და რეალიზება ხდება.
"ნარკოტიკების მოპოვების მიზნით ქართველი ახალგაზრდების სოხუმში გადასვლა რეალობასთან ნამდვილად ახლოსაა, თუმცა, ამ ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა. სხვათა შორის, ამ თემაზე სასაუბროდ ინტერპოლის წარმომადგენლებსაც კი შევხვდი და მათთან ერთად სქემაც გავიარეთ - თუ როგორ ხდება ნარკოტიკების შეგროვება აფხაზეთში და შემდეგ გადანაწილება.
"ჯერ ერთი, ეს ნივთიერებები აფხაზეთში საზღვაო გზით შედის და ამას კაციშვილი არ აკონტროლებს, რადგან ოჩამჩირის სამხედრო პორტი სრულიად უკონტროლოა.
"ასევე ვერავინ აკონტროლებს სოხუმის აეროპორტს, რაც ნარკოტიკების შემოტანის ყველაზე სწრაფ საშუალებად ითვლება. აქედან გამომდინარე, ვინ რას ჩამოიტანს და როგორი ფორმით, არავინ იცის, გარდა ამ სქემაში ჩართული ადამიანებისა.
"რა თქმა უნდა, ამას უბრალო ადამიანები ვერ გააკეთებენ, ეს ყველაფერი სპეცსამსახურების მიერაა მართვადი. თავის დროზე გალსა და ოჩამჩირეს შორის გადამამუშავებელი ქარხანა იყო, სადაც თავს ნარკოტიკები იყრიდა და შემდეგ ფასოვდებოდა. ბევრი ადამიანის ჩარევის შემდეგ, ქარხანამ მუშაობა ამ ფუნქციით შეწყვიტა, თუმცა რაღაც დონეზე პრობლემა მაინც დარჩენილია," - ამბობს დავითაია.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ სოხუმში სიტუაცია უკონტროლოა, ნარკოტიკების შოვნა შედარებით დაბალ ფასშია შესაძლებელი და მათ შორის მძიმე კატეგორიის ნარკოტიკებისაც. დავითაია არ გამორიცხავს, რომ ქართველები ნარკოტიკების მარტივი გზით მოპოვების მიზნით სოხუმში მართლაც გადადიან, თუმცა, მისი შეფასებით, ამას მასობრივი ხასიათი ვერ ექნება თუნდაც იმის გამო, რომ "საზღვარზე" ქართველი სამართალდამცველები სიტუაციას უკეთესად აკონტროლებენ.
"რაც შეეხება ქართველების აფხაზეთში ნარკოტიკების შოვნის მიზნით გადასვლას, ცხადია, ნარკოტიკებმა ეროვნება არ იცის და ეს მართლაც ხდება, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მასობრივი ხასიათი აქვს. რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ ნარკოტიკების თავმოყრის მთავარი ბაზა იქაა და შედარებით იაფიცაა. აქ არ იგულისხმება მხოლოდ მარიხუანა, რომელიც პრაქტიკულად მოშენებული აქვთ, არამედ იგულისხმება შედარებით მძიმე ნარკოტიკებიც, მაგალითად, ჰეროინი.
"ახლა ამ საკითხზე რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობენ, რომლებიც ცნობილნი არიან სატრანზიტო გზების დამუშავებითა და ამ მეთოდით ფულის შოვნით. აქედან გამომდინარე, მძიმე ნარკოტიკები აფხაზეთში ფულის შოვნის ერთ-ერთი წყაროა და ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა. საბოლოო ჯამში არ მგონია, რომ ქართველების გადასვლა-გადმოსვლას მასობრივი ხასიათი ჰქონდეს, რადგან ეს ყველაფერი იქ ძალიან დალაგებული ქსელია და მთლად მარტივად არაა საქმე. გარდა ამისა, "საზღვარზე" ჩვენი სამართალდამცველებიც უკეთ მუშაობენ და შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ," - აღნიშნავს "მთელ კვირასთან" საუბრისას პაატა დავითაია.