როგორც გერმანული "ველტი" წერს, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს.
გამოცემა ევროპულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სპეციალური პუნქტი თურქეთისთვის გულისხმობს სავიზო რეჟიმის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
"ველტის" ინფორმაციით, მსგავსი პირობები, შესაძლოა, ამოქმედდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც.
ამ პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საკითხის განხილვას 21 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აპირებენ.
ელოდებით თუ არა ვიზალიბერალიზაციის გზაზე რაიმე შემაფერხებელი გარემოების წარმოშობას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ვიზალიბერალიზაციის გზაზე შემაფერხებელი გარემოებების წარმოშობას არ ველი, რადგან ყველა ის დავალება, რომელიც საქართველოს ჰქონდა, შესრულებულია. აქედან გამომდინარე, არანაირ შეფერხებებს არ ველოდები. ვიღაცებმა ქვეყანა ძალიან ცუდად თუ არ წარმოაჩინეს, ვფიქრობ, ეს ჩვენთვის უკვე გადაწყვეტილი საკითხია.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ვიზალიბერალიზაციის გზაზე რაიმე შემაფერხებელ გარემოებებს არ ველოდები. იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა მხარემ რაიმე არ ჩაიდინა, ვფიქრობ, შეფერხება ამ საკითხში არ გვექნება.
მერაბ კოკოჩაშვილი რეჟისორი): ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ საკითხში გარკვეული არ ვარ, მაგრამ შესაძლებელია, საერთაშორისო პოლიტიკურმა ვითარებამ და დაპირისპირებებმა ეს პროცესი შეაფერხოს.
თუმცა, მაინც არ მგონია, რომ ეს საკითხი ასე განვითარდეს. ვფიქრობ, ამ პროცესებს ასეთი ხიფათი არ უნდა ელოდეს.
რეზო მიშველაძე (მწერალი): ვიზალიბერალიზაციის გზაზე არავითარი შემაფერხებელი გარემოება საქართველოს ე.წ. საშინაო და საგარეო დავალებების შესრულების მიმართულებით არ ექნება.
ამ შემთხვევაში შემაფერხებელი როლი შეიძლება მხოლოდ ერთადერთმა გარემოებამ შეასრულოს, რაც ქართულ ანდაზაშია "მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო".
ახლა ჩვენ თუ ვიზალიბერალიზაცია არ მოგვცეს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხი წინასწარ ყოფილა გადაწყვეტილი და ასეთი მუხანათობა ჰქონდათ ჩაფიქრებული. საქართველოს მხოლოდ იმედით კვებავდნენ და ცხვირწინ ფერად ბუშტს უტრიალებდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე