საქართველოში ზრდასრული ადამიანების 85%-ს საფინანსო სტრუქტურების ვალი აქვს, აქედან ყოველი მესამე კი საკრედიტო ბარათის მფლობელია. მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ამ ბარათის მიმართ პრეტენზია ყველაზე მზარდია. მხოლოდ შარშან კომერციულ ბანკებში საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით 405 საჩივარი შევიდა, რაც მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 15-16%-ს შეადგენს.
მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ბაზარზე საკრედიტო ბარათები გამოიტანეს, ამ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწიურად იზრდება. ასეთი ბარათების რაოდენობა მხოლოდ შარშან მაისში შემცირდა და ამის მიზეზი "საქართველოს ბანკის" მიერ "პრივატბანკის" შეძენა გახდა. მაშინ "ტაო მარწყვი" ბარათები გაუქმდა, თუმცა მაისიდან დღემდე ბაზარზე საკრედიტო ბარათების რაოდენობა ისევ გაიზარდა და თანაც მნიშვნელოვნად, თითქმის 16%-ით. თუ 2015 წლის მაისში სულ იყო 648 979 საკრედიტო ბარათი, სებ-ის მონაცემებით, წელს აპრილში მათი რაოდენობა 753 407-მდე გაიზარდა.
საკრედიტო ბარათების ზრდა კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს პროდუქტი მოსახლეობაში პოპულარობას დღემდე არ კარგავს და მას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს. მაგალითად, ბოლო აღწერით საქართველოში სულ 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ბაზარზე საკრედიტო ბარათების რაოდენობა კი 753 407-ს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთ ბარათებს კომერციული ბანკები მხოლოდ 20-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებზე გასცემენ, რომელთა რიცხოვნობა 2,5 მლნ-ს შეადგენს, გამოვა, რომ საკრედიტო ბარათი ყოველ მესამე ადამიანს აქვს.
საკრედიტო ბარათი არის ორი საბანკო პროდუქტის - პლასტიკური ბარათისა და სამომხმარებლო სესხის სინთეზი. ეს არის პლასტიკური ბარათი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საბანკო კრედიტით შეიძინოს საქონელი ან მომსახურება სავაჭრო ობიექტში, ინტერნეტით და ან გაანაღდოს კრედიტის თანხა. ბარათს აქვს საკრედიტო ლიმიტი, ანუ კრედიტის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლების გათვალისწინებით. შეიძლება საკრედიტო ლიმიტის გაზრდაც. მომხმარებელს შეუძლია აითვისოს თანხა მისთვის სასურველ დროს და ნებისმიერი პერიოდულობით საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, შესაბამისად, საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი.
უმეტეს საკრედიტო ბარათზე მოქმედებს ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი. თუ მომხმარებელმა სრულად ვერ დაფარა ათვისებული თანხა, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ის ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდების ბოლოს დაფაროს ათვისებული თანხის გარკვეული წილი და დარიცხული პროცენტი.
ყველა ბანკს საკრედიტო ბარათებზე თითქმის ერთნაირი პირობები აქვს. საშუალოდ განაღდების საკომისიო 3-4%-მდე მერყეობს (თუმცა არის გამონაკლისიც), საშეღავათო პერიოდი იდენტურია - 55 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-დან 36%-მდე მერყეობს (ეს თანხის განაღდების მეთოდზე არის დამოკიდებული). საკრედიტო ბარათების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე აღწევს. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა სესხი შესაბამის პერიოდში ვერ დაფარა და დაარღვია გადახდის გრაფიკი, მას ეკისრება ჯარიმა, რომელმაც, შესაძლოა, 200%-საც კი გადააჭარბოს.
უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო ბარათები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალიან გავრცელებული და პოპულარულია, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათი პირობები მოქნილი და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე. დაგროვების სისტემაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ბევრად გამართული და ლოიალურია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ ამ ბარათების რეალური დანიშნულება არის ე.წ. "შოპინგი". იშვიათად თუ ვნახავთ ადამიანს, რომელსაც საკრედიტო ბარათიდან ნაღდი ფული გამოაქვს, მომხმარებელთა დაახლოებით 90% ორიენტირებულია უნაღდო ანგარიშსწორებაზე.
საქართველოში კი სიტუაცია საკმაოდ განსხვავებულია. აქ საკრედიტო ბარათს მომხმარებლის დიდი ნაწილი ნაღდი ფულის მისაღებად იყენებს, რაც დარიცხულ პროცენტებს უფრო ზრდის. ამიტომ ხალხს ასეთი ტიპის ბარათისადმი პრეტენზია მუდმივად უჩნდება. ამაზე მიუთითებს ეროვნული ბანკის მონაცემებიც.
სებ-ის სტატისტიკით, 2015 წლის დეკემბერში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებულმა პრეტენზიებმა 209-ს მიაღწია, საიდანაც დაახლოებით 17%, ანუ 34 შემთხვევა სწორედ საკრედიტო ბარათებზე მოდის. მთელი წლის განმავლობაში კი კომერციულ ბანკებში სულ 2697 საჩივარი შევიდა, საიდანაც 405 სწორედ საკრედიტო ბარათებს ეხებოდა, რაც მთლიანი საჩივრების 15%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბარათების გაცემა გამარტივებული პროცედურით ხდება. მოკლედ, თუ ხართ 20-22 წლის, მუშაობთ და ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ მინიმუმ 200 ლარი, შეგიძლიათ ნებისმიერ კომერციულ ბანკს მიმართოთ და საკრედიტო ბარათი უბრალო განცხადების დაწერის შემდეგ, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე მიიღოთ. ასეთი ბარათის აღებაზე ბანკები უარს, პრაქტიკულად, არავის ეუბნებიან.
"საკრედიტო ბარათის ყველაზე დიდი და ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რა თქმა უნდა, არის, "საკრედიტო ნარკომანიის" საფრთხე. პრინციპი - პირველი დოზა უფასოდ, შემდგომ კი იხდი - საკრედიტო ბარათების შემთხვევაში განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს", - აცხადებს საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა და აქვე დასძენს, რომ ფულისა და საქონლის ადვილი ხელმისაწვდომობა სიფხიზლისა და საღი გონების მომადუნებელი გარემოებებია. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური მომენტი, რომლის გადალახვის უნარი ყველას არ შესწევს და რომლის სავალალო შედეგიცაა საკრედიტო ბარათის მომხმარებლის ბიუჯეტის სერიოზული ზარალი.
"დღესაც საკრედიტო ბარათები მოსახლეობაში ისევე პოპულარობით სარგებლობს, როგორც მისი ბაზარზე გამოჩენის პირველივე წლებში. ხალხი სიამოვნებით იღებს ამ ბარათებს და იხდის მაღალ საპროცენტო განაკვეთს. საერთოდ, საკრედიტო ბარათი, ეს არ არის ტრაგედია ისეთ ქვეყნებში, სადაც ადამიანებს მაღალი შემოსავალი აქვთ. იქ სესხის დაფარვის პრობლემა არაა, მაგრამ ღარიბი ხალხისთვის, რომელსაც თვიდან თვემდე არ ყოფნის საკუთარი შემოსავალი ოჯახის სარჩენად, საკრედიტო ბარათი არის დამატებითი, ზედმეტი ხარჯების გაწევის საშუალება. ეს კი დიდ საფრთხეს შეიცავს, თუმცა, გარკვეულწილად, ის პრობლემასაც უგვარებს მოსახლეობას.
კომერციული ბანკები სიამოვნებით გასცემენ საკრედიტო ბარათებს, მაგრამ ამ ბარათის შესახებ მომხმარებელს სრულ ინფორმაციას არ აწვდიან. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რომ აუხსნან ხალხს, მათი უმეტესობა ამ ბარათის აღებაზე უარს იტყოდა. ისიც უნდა აღინოშნოს, რომ საკრედიტო ბარათები გარკვეულ პოზიტიურ როლს თამაშობენ ეკონომიკაში, ვინაიდან ისინი ამცირებენ ნაღდი ფულით ოპერაციების განხორციელებას", - განაცხადა ელიავამ.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკრედიტო ბარათებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%-დან იწყება, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 50%-საც აჭარბებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა გადახდის გრაფიკი დაარღვია, საკრედიტო ბარათის საპროცენტო განაკვეთმა თავისი ჯარიმიანად, შესაძლოა, 200%-საც კი მიაღწიოს, რაც საბანკო პროდუქტებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.