"წევრობის მოთხოვნა კარგია, მაგრამ მაპ-ი ჯერ არავის გაუუქმებია"
თაკო მათეშვილი
20.04.2016

 "კარგია, რომ უფრო მეტი მოვითხოვოთ, იქნებ იქიდან მაპ-ს მაინც გამოვკრათ ხელი," - ასე აფასებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია თავდაცვის მინისტრის განცხადებას იმაზე, რომ ვარშავის სამიტზე იგი არა მაპ-ის, არამედ წევრობის მოთხოვნას აპირებს.

მაისაიას თქმით, წევრობის მიღების არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს და ამის მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში ის, რომ ჯერ მაპ-ის საფეხური არ გაგვივლია და ისიც, რომ ამჟამად არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ნატო-ს ინტერესებში გაფართოება არ შედის.

"საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს წევრობას. გავხდებით თუ არა ნატო-ს წევრი, მივიღებთ თუ არა მოწვევას, ეს გადაწყდება ნატო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი გადაწყვეტილებით. ჩვენ ვითხოვთ წევრობას, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ წამოვიღებთ ვარშავიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაკმაყოფილებელი, თუ ის თვისობრივად შეცვლის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ვარშავის სამიტის შემდეგ.

"ჩემი მთავარი ამოცანა არის ორმაგი: საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი, და ნატო-ს წევრობით ან მის გარეშე საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გამყარდეს იმგვარად, რომ უფრო მეტი დამაჯარებლობა შეიძინოს ყველა ჩვენმა განაცხადმა, ყველა ჩვენმა პროექტმა და ქვეყნის უსაფრთხოებამ, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის კეთილდღეობაზე," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვახტანგ მაისაია: წევრობის მოთხოვნა კარგია, მაგრამ მაპ-ი ჯერ არავის გაუუქმებია. იგი კვლავ რჩება წევრობისაკენ გზის გამკვლევ მექანიზმად. მაპ-ი უკვე დე ფაქტო წევრობაა. კარგია, რომ უფრო მეტი მოვითხოვოთ, იქნებ იქიდან მაპ-ს მაინც გამოვკრათ ხელი.

ის, რომ მაპ-ი გაწევრიანების აუცილებელ მექანიზმად რჩება, ნატო-ში ბოლოს გაწევრიანებულმა ქვეყანამ, მონტენეგრომაც დაამტკიცა. მას მაპ-ი 2009 წელს მისცეს. პირდაპირ წევრობა ხომ არ შეუთავაზებიათ. მაპ-ის მიცემიდან 6 წლის შემდეგ გახდა წევრი. მას შენდეგ, რაც ალიანსის მოთხოვნებს თავი წარმატებით გაართვა.

მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინაც იმავე გზას გადიან. ასე რომ, გვინდა თუ არა, მაპ-ი გაწევრიანების აუცილებელ საფეხურად რჩება. 1999 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ, ანუ რაც მაპ-ი შემოიღეს, ეს საფეხური ნატო-ს არც ერთ წევრ ქვეყანას არ გამოუტოვებია.

"რ": ევროინტეგრაციის მინისტრის პირველმა მოადგილე არჩილ ყარაულაშვილმა მაპ-ს ერთგვარი დაბრკოლება უწოდა...

ვ.მ: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები გაგებაში არ არიან, თუ რა არის ნატო. არ უნდათ გაიგონ და ჯიუტად აკეთებენ არასერიოზულ განცხადებებს. როგორ შეიძლება თქვა, რომ მაპ-ი დაბრკოლებაა? სულ მცირე, ეს არასერიოზული განცხადებაა. ასეთი გამონათქვამები საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს ზიანს აყენებს.

ნატო-ს ყველა ხელმძღვანელმა პირდაპირ გვითხრა, რომ მაპ-ი აუცილებელია და ამათ მაინც არ უნდათ გაიგონ?! ჯიუტად იმეორებენ, რომ იგი დაბრკოლებაა. ნატო-ს საკითხებზე არაერთი წელი ვიმუშავე, მისი 5 ხელმძღვანელის მადლობაც მაქვს მიღებული და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაპ-ი აუცილებელია. თუმცა, მე კი არა, ყველა ამას ამბობს - აპატურაი, სტოლტენბერგი, ლაჰიუ, ვერშბოუ და ა.შ.

"რ": ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ თქვა, რომ მაპ-ის საკითხი პოლიტიზირებულია. ანუ, ვიმსახურებთ, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ვერ ვიღებთ. ეს ნატო-ს იმიჯს ხომ არ აკნინებს და წევრობის მსურველ ქვეყნებს მოტივაციას ხომ არ უქვეითებს?

ვ.მ: არა მგონია. ლაჰიუ მაღალი დონის დიპლომატია და, როგორც ჩანს, ეს განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მაპ-ის სტატუსის მნიშვნელობის აღიარება არ უნდა.

ჯერ ერთი, ვარშავის სამიტზე ალიანსის გაფართოების საკითხი საერთოდ არ დგას. ჩვენ კი მაპ-ის სტატუსის მინიჭების საკითხი გაფართოების თემის კონტექსტიდან ამოვარდნილად არამც და არამც არ უნდა განვიხილოთ.

2015 წელს ალიანსის გაფართოების მორიგი ეტაპი დასრულდა. ანუ, მათ ბალკანური მიმართულება მნიშვნელოვნად მიიჩნიეს და მონტენეგრო ნატო-ში შეიყვანეს. ორი ქვეყანა დარჩა - მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაგრამ მათი მიღებაც ფაქტობრივად ტექნიკურ საკითხებზეა დამოკიდებული. ამით ბალკანური ციკლი დასრულდება.

"რ": გაფართოების შემდეგ ეტაპს როდისთვის უნდა ველოდოთ?

ვ.მ: ამ ეტაპზე ნატო-ს არ აქვს იმის სურვილი და შესაძლებლობა, რომ გაფართოების შემდგომი ეტაპი დაიწყოს. როგორც ჩანს, მან გარკვეული მიზეზების გამო ტაიმაუტი აიღო. ახალმიღებული წევრების სრული ინტეგრაციაც დროს მოითხოვს.

მონტენეგრო მიღებისთანავე კი არ შეუერთდა სრულად ნატო-ს. ამას, დაახლოებით, 2 წელი სჭირდება. 2 წლის შემდეგ გახდება მონტენეგრო მისი სრულუფლებიანი წევრი. ანუ, როგორც ჩანს, ნატო-ს ბალკანური ქვეყნების შეერთების გამო, ადაპტაციისათვის დრო სჭირდება.

გარდა ამისა, ნატო-ს ახალი ამოცანები გაუჩნდა. რუსეთთან დაპირისპირების გამო კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი აქტუალური გახდა. ფაქტობრივად, დღეს რუსეთთან მას ცივი ომი აქვს. სამხედრო მუქარებიც კი მიდის და რუსეთმა ურთიერთობა ლამის საბრძოლო დონეზეც კი გადაიყვანოს. იგი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს პირდაპირ ემუქრება.

ამიტომ ნატო ახლა ახალი ტიპის სტრატეგიას ამუშავებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ვარშავის სამიტზე იგი სტრატეგიულ კონცეფციას შეცვლის და ახალ კონცეფციას დაამტკიცებს. მასში ასახული იქნება ის გზები, რითიც ალიანსმა რუსული აგრესიისგან თავი უნდა დაიცვას. ეს საკითხი უკვე სერიოზულად განიხილება. მიმდინარე პროცესების გამო მას გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ამოცანების ცვლა უწევს.

ამიტომაც, ნატო-ს გაფართოების საკითხმა გადაიწია. იმედია, მომავალ სამიტამდე. ნატოს უკანასკნელი მოჰიკანი საქართველო და უკრაინა იქნებიან. სხვა არც ერთ ქვეყანას არ უნდა მასში გაწევრიანება. ამიტომ, არაა გამორიცხული და ვერშბოუმაც იგივე თქვა, რომ შესაძლოა, ალიანსმა საქართველოსა და უკრაინისათვის ახალი ფორმატი შეიმუშაოს. ბუნებრივია, რუსული აგრესიის წინაშე მარტო არ დატოვებს, რაღაც მექანიზმი მოფიქრებული ექნება. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებაც ამაზე მიუთითებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×