ლიკა ამირაშვილი
21.04.2016

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გარდა, ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევას, სარეკლამო დროის თანაბრად გადანაწილებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა კაციტაძემ განუცხადა, უმრავლესობასთან შეხვედრის დროს მათ ოთხ საკითხზე ისაუბრეს და აქედან ორ საკითხზე სრული უარყოფა მიიღეს, ხოლო ორზე - ნაწილობრივი თანხმობა.

კაციტაძე პარლამენტში შესვლისა და კვალიფიციურ პარტიად გახდომის ბარიერის დაწევის თაობაზე ხელისუფლების პოზიციას მდაბიო ვაჭრობას უწოდებს.

"ჩვენ ბარიერების პუნქტში გვიწერია ორი რამ, რომ პარლამენტში შესვლის ბარიერი დაიწიოს 3%-მდე და კვალიფიციური სუბიექტის ბარიერი - 2%-მდე. ანუ, ლაპარაკი გვაქვს თითო პროცენტით ბარიერის დაწევაზე. პასუხი კი ისეთია, რომ ერთს დავწევთ და მეორეს ვერ დავწევთო. ეს გამოდის, რომ არის მდაბიო ვაჭრობის ფორმა. ამ ვაჭრობისთვის არ არის ეს ფორმატი შექმნილი," - განაცხადა ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა მამუკა კაციტაძემ.

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსისთვის ბარიერის 2%-მდე დაწევის იდეას მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს სტატუსი 3%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში წარმოეშვება.

ემხრობით თუ არა საარჩევნო ბარიერის დაწევას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): საარჩევნო ბარიერის დაწევას არავითარ შემთხვევაში არ ვემხრობი, ეს იმას გამოიწვევს, რომ 50-კაციანი პარტიები პარლამენტში დეპუტატის მანდატის ქონას მოინდომებენ. საარჩევნო ბარიერმა საზოგადოებას უნდა დაანახვოს, რეალურად პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უკან საზოგადოების რა ნაწილი დგას.

 

 ვახტანგ ძაბირაძე (კოსტიტუციონალისტი):  ბარიერის დაწევას ვემრობი და მიმაჩნია, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება იქნება. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ქართული სინამდვილისთვის 5%-იანი ბარიერი საკმაოდ მაღალია. 3-4 პროცენტი, ვფიქრობ, ნორმალური შეთავაზებაა და კარგი იქნება, თუ უმრავლესობა ამ შეთავაზებას მხარს დაუჭერს.

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): შექმნილ სიტუაციაში მომხრე ვარ, რომ საარჩევნო ბარიერი შემცირდეს. პოლიტიკური სპექტრი ისე დაიქსაქსა, რომ ამომრჩეველი დაბნეულია. ჩემი აზრით, ყველა პარტიას საშუალება და შანსი უნდა მიეცეს, რომ მეტ-ნაკლები რაოდენობით პარლამენტში გავიდეს. ამიტომ ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს იმაში, რომ ბარიერი თუნდაც სამ პროცენტამდე დაიწიოს.

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  საარჩევნო ბარიერის დაწევის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. პარლამენტში რაც ნაკლები პარტია იქნება წარმოდგენილი, მით უკეთესი. ვფიქრობ, პარლამენტში ამდენი პარტიის ერთად ყოფნა, ასეთი აზრთა სხვადასხვაობა და ერთმანეთის კრიჭაში დგომა საჭირო არ არის.

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  ფართო პოლიტიკურ სპექტრს თუ გავითვალისწინებთ, პრინციპში, საარჩევნო ბარიერის შემცირება შესაძლებელია. საარჩევნო სუბიექტებს, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ მომავალ საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდნენ, ამის საშუალება უნდა მივცეთ. ამით ჩვენ მრავალპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს მივიღებთ, რაც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ხელს შეუწყობს. ბარიერის დაწევის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. თუმცა ამაზე ხელისფლება და ოპოზიცია უნდა შეჯერდეს და იმედია, კონსენსუსს მიაღწევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×