ლიკა ამირაშვილი
20.04.2016

"საქართველო ვარშავის სამიტზე წევრობას ითხოვს", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. რეალურად მიგაჩნიათ თუ არა თავდაცვის მინისტრის განცხადება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ანა რატიანი  (ჟურნალისტი): ეს ყველაფერი წინასაარჩევნო რეკლამად მიმაჩნია. უკვე იმდენი ხანია ველოდებით გაწევრიანებას, რომ უკვე აღარც კი მჯერა. ახლა ყველა მინისტრი რაღაცით შეეცდება თავის მოიწონებას.

ვფიქრობ, ჯერ კიდევ დიდი დრო გვჭირდება ნატოში გასაწევრიანებლად და ეს განცხადებები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების ჩაწერას ემსახურება.

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): არ მგონია, ხიდაშელის განცხადებას რაიმე რეალური საფუძველი გააჩნდეს. ეს მთავრობა, სამწუხაროდ, ნამდვილად არ იძლევა ამის საფუძველს. თუ ნატოს წევრი ქვეყანა შეიძლება გახდეს ის, სადაც პოლიტიკური დევნილები არსებობენ, სადაც ოპოზიციურ პარტიებს ზღუდავენ, არ ვიცი... მგონი, არ არის ეს რეალური. მოთხოვნით, შეიძლება მოითხოვონ, თუმცა არ მგონია, ეს რაიმე შედეგის მომტანი იყოს.

 

 ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი):  ასეთი განცახდებები, თქვენც, მეც და კიდევ ბევრს არაერთხელ მოუსმენია, თუმცა რეალური შედეგი რომ არ არის, ფაქტია. თუ თავდაცვის მინისტრი ამას იძახის, რა ვიცი, რა გითხრათ, ძალიან კარგია ეს, თუმცა უფრო კარგი იქნება, თუ შეასრულებს.

თუ ასე არ მოხდა, ეს ისევ მისთვის არის ცუდი, თუ რეალურად მიიღეს საქართველო, მაშინ ეს მისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი იქნება.

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  არ ვარ კომპეტენტური, პროფესიულად გიპასუხოთ, მაგრამ რა ვიცი, რა გითხრათ... თუ გამონაკლისი დაუშვეს, ძალიან კარგი იქნება. თუ არ ვცდები, ახლა თურქეთი გამოდის საქართველოს ლობისტად და ამ განაცხადს ალბათ ის შეიტანს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება რაიმე შედეგი მოჰყვეს ამ ყველაფერს.

არ მგონია, დღეს იყოს ის განწყობა, რომ ევროპა ისწრაფოდეს საქართველოს მისაღებად. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რეალობა ასეთია, თუმცა ღმერთმა ქნას, მეშლებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×