ეკატერინე ბასილაია
20.04.2016

 "საქართველოს არავითარი ახალი დავალება არ მიეცემა და ზაფხულში უვიზო მიმოსვლა იქნება," - ეს განცხადება სტრასბურგიდან ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის სწრაფად გადაწყვეტის ხელის შეშლაში და "სახელის გამტეხავი იმეილების" წერაში დადანაშაულებულმა "ნაციონალმა" გიორგი კანდელაკმაც სწორედ ვიზის საკითხზე დაიმსახურა ბერძენიშვილისგან გარკვეული მადლობაც.

"კარგია, რომ გიორგი კანდელაკმა ჟან კლოდ იუნკერს (ევროკომისიის პრეზიდენტს) დაუსვა პირდაპირი შეკითხვა. შეკითხვის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ხომ არ დაევალება საქართველოს რაიმე დამატებით და ხომ არ დაისჯება ქართველი ხალხი მთავრობის უსაქციელობის გამო, რაზეც მან ნათელი პასუხი მიიღო, რომ საქართველოს არავითარი ახალი დავალება არ მიეცემა, საქართველოს მთავრობამ გაართვა თავი ამოცანას და მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. გარკვეული გაგებით მადლობა კანდელაკსაც მინდა ვუთხრა, იმიტომ, რომ ათქმევინა ბოლოს და ბოლოს იუნკერს, რომ ის საფრთხე, რომელიც თითქოს შეიქმნა საქართველოს ირგვლივ, არ არსებობს," - განაცხადა ბერძენიშვილმა.საფრთხე კი იმის გამო შეიქმნა, რომ გერმანულმა "ველტმა" დაწერა, სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პუნქტი შეიტანონ, რომელიც ბრიუსელს, საჭიროების შემთხვევაში, რეჟიმის სწრაფად აღდგენის უფლებას მისცემს და ეს შესაძლოა შეხებოდა როგორც თურქეთს, ისე უკრაინას, კოსოვოსა და საქართველოს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე კახა გოგოლაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაციის ზაფხულში მიღებას ხელს არაფერი შეუშლის. "ნაცმოძრაობა" კი ძალიან დააზარალა მარტში პარტიის მხარდასაჭერად თბილისში ჩამოსული ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის განცხადებამ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების არჩევნების შემდეგ შესაძლო გადადებაზე.

"ნაციონალური მოძრაობა" ვიზალიბერალიზაციის პროცესს რამდენად უშლიდა ხელს, ამის დამამტკიცებელი საბუთები არ მაქვს, მაგრამ აშკარაა, რომ მისი საგარეო დისკურსი არ იყო ამ პროცესის ხელშემწყობი. თუნდაც ქვეყნის შიგნითაც. ოფიციალურად "ნაციონალური მოძრაობა" უვიზო მიმოსვლის სწრაფად მინიჭებას მხარს უჭერს, მაგრამ ისეთი საუბრები ისმის, ადამიანი დაეჭვდება, რომ ამ პარტიას არჩევნებამდე უვიზო მიმოსვლის მიღება არ აწყობს, რათა ეს "ოცნებამ" საარჩევნო აგიტაციისას პლუსებში არ ჩაიწეროს. ეს წუხილი გასაგებია და ამ თვალსაზრისით, როგორც ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ვიზალიბერალიზაციის მიღებას ხელს შეუშლის, ის ხალხის თვალში წააგებს. ამიტომ სჯობს ამ თემას ძალიან ფრთხილად მოეკიდოს და საერთოდ ეს თემა საარჩევნო მარათონში პოლიტიკური ქულების დაწერის არეალიდან უნდა გავიდეს," - აცხადებს გოგოლაშვილი.

საქმე ისაა, რომ მმართველი კოალიცია ვიზალიბერალიზაციის საკითხში ოპონენტ "ნაცმოძრაობას" მუდამ "მავნებლურ" საქმიანობაში ადანაშაულებდა და ღიად აცხადებდა იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სურვილია, საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოს და ამ მხრივ ყველაზე მეტად გიორგი კანდელაკი აქტიურობს. განსაკუთრებით ეს ბრალდებები დეკემბერში, ევროკავშირის მეოთხე და საბოლოო შეფასების წინა დღეებში დაიწყო.

მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოემბერში მთავრობის სხდომაზე დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი პირდაპირ დაადანაშაულა ევროკავშირის ინსტიტუტებში ვიზის საკითხის დაბლოკვის ლობირებაში.

"ერთადერთი, ვინც ბრიუსელში, ასევე ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი... მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა," - ბრიუსელიდან ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა ღარიბაშვილმა და ამას ქვეყნისა და ხალხის მტრობა უწოდა.

მის ამ განცხადებას "ანტინაციონალური" განცხადებების მთელი სერია მოჰყვა. თვით ლევან ბერძენიშვილიც კი, რომელმაც გუშინ კანდელაკს მადლობა გადაუხადა, ამბობდა, რომ ინფორმაცია აქვთ, უცხოეთში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ პროცესისთვის ხელის შეშლას როგორ ცდილობენ.

"ისინი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვიან, თორემ მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს დიპლომატიური პასპორტები აქვთ და ევროპაში უვიზოდ ისედაც მოგზაურობენ. გულწრფელად რომ გითხრათ, მათი ეს "მოღვაწეობა" გამაოგნებელია, იმიტომ, რომ ის ხალხის წინააღმდეგ მიმართულია," - აღნიშნავდა ბერძენიშვილი.

იგივე გაიმეორეს სხვებმაც, იმ მინისტრებმა, რომლებიც ნოემბერში ბრიუსელში პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ.

"ჩვენი ევროპელი კოლეგები გაკვირვებული იყვნენ ზოგადად დამოკიდებულებით. ვიზალიბერალიზაცია არ არის ჩვენი მთავრობისთვის, ეს არის ყველასთვის, საქართველოსთვის და დაჟინებით მოთხოვნა იმის, რომ ეს სხვა მთავრობაა და არ მისცეთ ვიზალიბერალიზაცია, ეს მავნებლობაა," - განაცხადა ეკონიმიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იგივე გაიმეორა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც თქვა, რომ ევროპელმა კოლეგებმა ბაქრაძისა და კანდელაკის მხრიდან დაბლოკვის მცდელობებზე მას პირად საუბრებში უთხრეს და გიორგი კანდელაკს ევროპარლამეტარებისთვის საქართველოს ხელისუფლების "სახელის გამტეხავი ტყუილი იმეილების" წერის გამო მკაცრადაც გააკრიტიკა.

ამ საკითხზე "ნაციონალების" დადანაშაულების მეორე რაუნდი კი გასულ თვეს იყო, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტმა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლიმ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციამ შეიძლება გადაიწიოს, ის არ მოხდეს მთავრობის მიერ გაცხადებულ 15 ივნისს და ბევრი რამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე გახდეს დამოკიდებული.

მარტში გაკეთებული ამ განცხადების გამო არა მარტო ხელისუფლებამ დაადანაშაულა პირდაპირ "ნაცმოძრაობა", არამედ არასამთავრობოებმაც კი მათი გაკრიტიკება დაიწყეს.

როგორც კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, არსებობს ეჭვი, რომ "ნაციონალებმა" ჟოზეფ დოლიზე გარკვეული გავლენა მოახდინეს.

"შესაძლოა დოლი დააბნია ამ წინააღმდეგობრივმა დისკუსმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან მოდიოდა და მან არასწორი განცხადება გააკეთა, რომელმაც საბოლოო ჯამში ეს პარტია დააზარალა.

"თუ რომელიმე "ნაციონალმა", თვითნებურადაც კი, არასწორი სიგნალები გაუშვა ევროპის სახალხო პარტიაში, ამან თავად პარტია დააზარალა. არ ვადასტურებ რამეს, თუმცა ამ გარკვეულ ეჭვებს იწვევდა დოლის განცხადება," - ამბობს გოგოლაშვილი.

მისი თქმით, თბილისში მარტში ჯოზეფ დოლისთან ერთად პარალელურად ჩამოსულმა ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატებმა მასთან და რამდენიმე ქართველ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრთან თქვეს, რომ დოლის განცხადება ევროპარლამენტში გავლენას ვერ მოახდენდა.

გოგოლაშვილის აზრით, გამოვიდა, რომ დოლიმ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ უარყოფითი გავლენა იქონია "ნაციონალების" მიმართ საზოგადოების ნაწილში დამოკიდებულებაზე.

მისი თქმით, მართალია, "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ წარმომადგენელს საჯაროდ არასდროს უთქვამს, ვიზალიბერალიზაციის გადადების მომხრე ვართო, მაგრამ არც ღიად მხარდამჭერი განცხადებები გაუკეთებიათ. მაგალითად არასდროს უთქვამთ, ჩვენ ღირსები ვართ უვიზოდ მიმოსვლა მივიღოთ, იმიტომ, რომ მთავრობამ ვალდებულებები შეასრულა. ეს კი, მისი აზრით, მთელ პროცესს აზიანებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ.

"არ ვიცი, გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტარებს მესიჯებს ხშირად უგზავნიდა თუ არა, თუმცა ის მთავრობის წინააღმდეგ მკვეთრი რიტორიკითა და შეტევებით გამოირჩევა და შესაძლოა ამ შეტევების შედეგად გარკვეული ზიანი მიადგეს ვიზალიბერალიზაციას. საბოლოო ჯამში, ამ სკანდალების ფონზე სიტუაცია დადებითად ვითარდება. მაგალითად, სწორედ დოლის სიტუაციამ კიდევ უფრო კარგად დაანახვა ევროპელებს, რამდენად კონსოლიდირებულია საზოგადოება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადება და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის დროულად მიღება. იმიტომ, რომ დოლის განცხადებამ აშკარად გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა საზოგადოებაში და ევროპელებმა იგრძნეს, რომ ქართველი ამომრჩეველი ძალიან დაიძაბა. ახლა ზაფხულში მართლა რომ არ მივიღოთ უვიზო მიმოსვლა, ამ განცხადებების და ამ სიტუაციის გამო, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ასოცირებულია ევროპის სახალხო პარტიასთან, ეს პირველ რიგში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს დააზიანებს და არ მგონია ეს აწყობდეს ევროპის სახალხო პარტიას, რომელიც "ნაციონალების" მეგობარი და პარტნიორი პარტიაა," - ამბობს გოგოლაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×