საკრედიტო ორგანიზაციამ კლიენტს სესხის ნაწილი გადაახდევინა, მანქანა გაუყიდა და ახლა ფულს ხელახლა სთხოვს
მაკა ხარაზიშვილი
21.04.2016

 საკრედიტო კომპანია "მოგოს" ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც ასეთი ტიპის კომპანიებს სჩვევიათ, კლიენტისთვის დაკისრებული ფინანსური ვალდებულებები წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. მომხმარებლისთვის კი ერთადერთი გამოსავალი სამართლიანი სასამართლოს განაჩენია.

ფინანსისტები მუდმივად აღნიშნავენ, რომ მსესხებელს საქართველოში მინიმალური საფინანსო განათლება არ გააჩნია. ამიტომ "ველური ბაზრის" მოთამაშეები ამით სარგებლობენ და კლიენტებს მარტივად უბამენ თვალს. ხელისუფლება და სასამართლო კი იმიტომ არსებობს, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას.

"მოგოს" კლიენტის ისტორია ასე დაიწყო: ჩვენმა რესპონდენტმა (მისი თხოვნით, ვინაობას არ ვამხელთ) 2014 წლის 7 დეკემბერს 4500 დოლარად ავტომობილი "მაზდა" შეიძინა. მას მანქანის ღირებულების მხოლოდ ნაწილი - 1200 დოლარი ჰქონდა, დარჩენილი ნაწილი - 2300 დოლარის ეკვივალენტი - 4460 ლარი - საკრედიტო კომპანია "მოგოსგან" ისესხა. იმ პერიოდში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1,95-ის ნიშნულზე იყო.

2014 წლის 9 დეკემბერს შ.ტ-ს მეგობართან ერთად ავარია შეემთხვა და ავტომანქანა დაზიანდა, თავად მსუბუქად დაშავდა. დაზარალებული "მოგოს" კრედიტის გადახდას აგრძელებდა და მანქანის შესაკეთებლად, რომელისთვისაც 1500-1800 ლარი იყო საჭირო, ფულს აგროვებდა, თუმცა კუთვნილი ნივთი მალევე ჩამოართვეს.

"რეზონანსისთვის" გამოგზავნილ წერილში "მოგოს" დირექტორი გიორგი მაკარიძე აღნიშნავს, რომ მისმა კლიენტმა 2015 წლის 7 ივნისს დაარღვია ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება და თანხა აღარ გადაიხადა. ზუსტად ერთ თვეში, ანუ 8 ივლისს "მოგომ" კლიენტს ცალმხრივად შეუწყვიტა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება.

"ვინაიდან 2015 წლის 8 ივლისისათვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იყო შპს "მოგო", შ.ტ-ს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოეშალა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობისა და მისით სარგებლობისა", - აღნიშნავს მაკარიძე.

12 ივლისს კომპანიის წარმომადგენლებმა ავტომობილი მისი კლიენტის სახლიდან მფლობელის ნებართვის გარეშე წაიყვანეს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 5 დღით ადრე კლიენტს გაუგზავნეს წერილი და მანქანის ჩაბარება მოსთხოვეს. ვინაიდან ეს მოთხოვნა არ შესრულდა, ამიტომ ავტომობილი, რომელიც კომპანიას ეკუთვნოდა, თავად წაიყვანეს.

დაზარალებული კი ამბობს, რომ მას წერილი არ მიუღია, შესაბამისად, "მოგოს" არ აქვს მისი ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი წერილის ჩაბარების თაობაზე. ამასთანავე, დაზარალებული აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომპანიამ ავტომანქანა წაიყვანა, რომელიც სესხის გარანტი იყო, ჩათვალა, რომ მასთან ფინანსური ანგარიშსწორება დასრულდა.

"სესხის გარანტი იყო ავტომობილი, რომელიც დაზიანებულიც კი გაცილებით მეტი ღირდა, ვიდრე მე ვალდებულება მქონდა "მოგოს" წინაშე", - ამბობს შ.ტ. გარდა ამისა, როგორც კომპანიის წერილიდან ჩანს, იგი 7 ივნისამდე სესხს იხდიდა, ანუ 5 თვის განმავლობაში მას კომპანიისთვის დამატებით 932 ლარი აქვს გადახდილი (თვეში 186 ლარი).

 "მოგოსთვის" ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 2015 წლის 7 ნოემბერს კომპანიამ კლიენტს სესხის გადახდის მოთხოვნით სასამართლოში უჩივლა. "მოგოში" განმარტავენ, რომ ავტომანქანა გაიყიდა და აღებული თანხით დაიფარა პირგასამტეხლო და შემცირდა დარიცხული პროცენტი.

"გამომდინარე აქედან, შპს "მოგომ" პირნათლად და კეთილსინდისიერად შეასრულა მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები", - ასე სჯერათ კომპანიაში.

როგორც აღმოჩნდა, ავტომობილის წაყვანის შემდეგ 7 ნოემბრამდე კომპანია კლიენტს დავალიანებას მაინც არიცხავდა ისე, რომ შ.ტ-მ ეს არ იცოდა. საბოლოოდ, სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან ირკვევა, რომ "მოგო" კლიენტს უფრო მეტი თანხის გადახდას სთხოვს, რამდენიც სესხის დამტკიცებისას ჰქონდა - 4600 ლარი. ანუ დაზარალებულმა დაკარგა მანქანა, კომპანიაში 5 თვის განმავლობაში გადახდილი თანხა და ახლა "მოგოს" დამატებით კიდევ 4600 ლარი უნდა გადაუხადოს.

"ჩემს კლიენტთან დადებული ხელშეკრულება არის კაბალური. მას ხელშეკრულების პირობები არ გააცნეს, არ აუხსნეს, ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში რა რისკი შეიძლებოდა დამდგარიყო. რეალურად, საქმე ისაა, რომ ჩემმა კლიენტმა ერთი თვის განმავლობაში სესხის თანხა ვერ გადაიხადა, "მოგომ" მანქანა ჩამოართვა და გაყიდა", - ამბობს დაზარალებულის ადვოკატი ლაშა ავალიანი და დასძენს, რომ ხელშეკრულების პირობები კომპანიას ავტომანქანის ნებისმიერ ფასად გაყიდვის უფლება ჰქონდა, არ არის გათვალისწინებული საბაზრო ღირებულება.

"ეს ხელშეკრულება, ფაქტობრივად, უკანონობის ზღვარზეა მისული. ისე წაიყვანეს ავტომობილი და გაყიდეს, არ შეგვატყობინეს. არ ვიცით, მანქანა არსებობს, თუ არ არსებობს. თუ გაიყიდა, რა თანხად გაიყიდა. "მოგოს" მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მანქანის ღირებულება არ ჩანს. მანქანა წაიყვანეს და ძირითად თანხას არაფერი მოკლებია", - აცხადებს ლაშა ავალიანი.

"ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებელი მარიკა არევაძე აღნიშნავს, რომ კანონით, ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარეს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გააჩნია. "მოგო" ვალდებული იყო, თავისი კლიენტისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მიმდინარე სასესხო ვალდებულებების შესახებ.

"ორ პირს შორის ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულებით. მე არ ვიცი, რა პირობებზე იყვნენ მხარეები შეთანხმებული, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ნებისმიერ შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთის მიმართ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გააჩნიათ. გამსესხებელს მსესხებლისთვის მინიმუმ ის ინფორმაცია მაინც უნდა მიეწოდებინა, ქონების რეალიზების შედეგად რა თანხა დარჩა გადასახდელი, რა ნაწილი დაიფარა, რა ეტაპზეა სასესხო ვალდებულება და სხვა. იქნებ მისი კლიენტი იხდიდა დარჩენილ თანხას, რათა დამატებითი ჯარიმები არ დარიცხვოდა. ისიც გასარკვევია, კომპანიის მხრიდან ხომ არ იყო მიზანმიმართული დუმილი, რათა გაცილებით მეტი თანხა წასულიყო ვადაგადაცილებაში", - ამბობს მარიკა არევაძე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან "მოგომ" პირდაპირ სასამართლოს მიმართა, დაზარალებული სასამართლო პროცესში უნდა ჩაერთოს და იბრძოლოს პირგასამტეხლოს შემცირებაზე.

საბანკო სპეციალისტი ლია ელიავა აღნიშნავს, რომ ეს არის ველური ბაზარი, რომელსაც პატრონი არ ჰყავს, რომლებიც მოსახლეობას აღატაკებენ და ქვეყანაში სოციალურ გარემოს კიდევ უფრო ამძიმებენ.

"ამ ორგანიზაციების საქმიანობა, პრაქტიკულად, უკონტროლოა. აქ ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ვინმეს უფლებები ან საქმიანობის წესები უნდა იყოს დაცული. ბაზარი აბსოლუტურად არარეგულირებადია. ასევეა ლომბარდებიც. თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყანაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობაც კი არ რეგულირდება. ეროვნული ბანკი ამ ორგანიზაციებს მხოლოდ ლიცენზიას აძლევს და მოითხოვს ანგარიშგებას.

ეს არის ველური ბიზნესი, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და არავინაა ამ უფლებების დამცველი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი იწვევს მოსახლეობის გაღატაკებას, რაც გადადის სოციალურ მღელვარებაში", - ამბობს ექსპერტი.

ელიავას აზრით, საკრედიტო კომპანიების რეგულირება უნდა დაევალოს ეროვნულ ბანკს ან შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა.

"ხელისუფლება ყურს არ იბერტყავს, რომ აუცილებელია კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, რომელიც ფინანსური ბაზრის ყველა მონაწილეზე გავრცელდება. ამ კანონში ზუსტად უნდა გაიწეროს, როგორ შეიძლება სესხის გაცემა, რა პასუხისმგებლობა აკისრია კრედიტორსა და მსესხებელს. როდესაც ბაზარი არ არის დარეგულირებული ყოველთვის ჩნდება სპეკულაციებისა და მევახშეობის ტენდენციები და ეს არის ძალიან სახიფათო", - ამბობს ელიავა.

თუმცა, ერთი რამ ცხადია: სასამართლო პრაქტიკაში უკვე გაჩნდა პრეცედენტი, როდესაც დავა დაზარალებული კლიენტის სასარგებლოდ გადაწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება საკრედიტო ორგანიზაციას "ყველაფრის კეთების" პირობებს აძლევდა. აღნიშნულ საქმეს რუსთავის სასამართლო განიხილავს და "რეზონანსი" ინტერესით დაელოდება ამ შემთხვევაში როგორი იქნება ვერდიქტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×