პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "მრეწველთა პარტიისა" და "პატრიოტთა ალიანსის" შესაძლო გაერთიანებას ორივე მხარისთვის მომგებიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ გარიგებით "მრეწველები" პარლამენტში ადგილს მიიღებენ, "ალიანსი" კი - "გარკვეულ რესურსს".
გია ხუხაშვილი: განცხადებებითა და რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლმხედველობრივად "მრეწველებსა" და "ალიანსს" შორის ბევრი საერთოა. აქედან გამომდინარე, რატომაც არა. მათი გაერთიანება ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე მმართველი კოალიცია იყო. ასე რომ, ეს პრინციპში დასაშვებია.
"რეზონანსი": ამით "მრეწველთა" შანსები პარლამენტში მოხვედრისა, გაიზრდება?
გ.ხ: ბუნებრივია, ეს "მრეწველების" შანსებს გაზრდის, რადგან "პატრიოტთა ალიანსისათვის" ბარიერის გადალახვა დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. გაერთიანებით კი "მრეწველებსაც" მიეცემათ გარკვეული შანსი.
"რ": თავად "პატრიოტთა ალიანსს" რას შემატებს ეს გაერთიანება?
გ.ხ: ეს სპეციფიკური თემაა. ალბათ, გამოცდილებას. შეიძლება "ალიანსისთვის" საინტერესო იყოს "მრეწველების" რესურსები. არ მგონია, "მრეწველებს" სადეპუტატო ადგილებთან დაკავშირებით დიდი მადა ჰქონდეთ. ასე რომ, მათ შორის შეთანხმება საკმაოდ რეალისტურია.
"რ": არასაპარლამენტო ოპოზიცია და ხელისუფლება სარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ისევ ვერ შეთანხმდნენ. ინტერპარტიული ჯგუფი საკმაოდ უკმაყოფილოა. რა არის ამის მთავარი მიზეზი?
გ.ხ: პროცესზე დაკვირვება საკმაოდ არასასიამოვნო შთაბეჭდილებას მიტოვებს. მთავარ საკითხს - მაჟორიტარებს - რომ გავანებოთ თავი, თუკი ხელისუფლებას მართლაც აქვს სურვილი არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, არ უნდა ჰქონდეს პრობლემა ოპოზიციას ისეთ საკითხებში დაეთანხმოს, რაც სუბიექტურობას გამორიცხავს. როცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ყოველთვის რჩება განცდა, რომ იქ ვიღაცა პოლიტიკურ ინტერესს სახელმწიფო ინტერესზე მაღლა აყენებს.
ეს თავიდანვე წაგებული თამაშია. ასე რომ, ხელისუფლება უფრო კონსტრუქციული რომ იყოს, ეს არჩევნების ლეგიტიმაციას ნამდვილად წაადგებოდა. მთავარი საფრთხე, რაც დღეს ხელისუფლებას აქვს, არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებაა. რაც უფრო უკომპრომისო იქნება იგი, პოსტსაარჩევნო პერიოდში ლეგიტიმაციის საკითხი მით უფრო პრობლემატური გახდება.
"რ": წამოიჭრა ინიციატივა, რომ ყველა ის პარტია, რომელიც არჩევნებში 2%-იან ბარიერს გადალახავს, კვალიფიციურ სუბიექტად იქნას მიჩნეული.
გ.ხ: ასე იაფად თუ იყიდებიან პარტიები, კი ბატონო, მაგრამ არ მგონია, ეს მათთვის საკმარისი სატყუარა იყოს. ამაში თუ ის იგულისხმება, რომ ვიღაცას რაღაც თანხას გადაუგდებენ, ეს არასერიოზულია. შეიძლება ვიღაცისთვის ესეც კი საინტერესო იყოს, მაგრამ არ მგონია, ოპოზიცია ამაზე წამოეგოს.
"რ": ქვეყნისთვის რამდენად სასარგებლო იქნება ამ სიახლის შემოტანა? ამ შემთხვევაში ხომ ბიუჯეტს პარტიების დასაფინანსებლად მეტი თანხის გაღება მოუწევს?
გ.ხ: არ მგონია, დიდ თანხაზე იყოს საუბარი. ცუდი არ იქნება. ჩვენთან პოლიტიკაში ფულის პრობლემა ყოველთვის დგას და რაც უფრო მეტი ლეგალური ფული იტრიალებს იქ, მით უკეთესი იქნება. პარტიები შავი ფულის წყაროების მოძიებისკენ ნაკლებად იქნებიან მიდრეკილი. ისეთი პროექტიც კი იყო, რომ პარტიები მთლიანად სახელმწიფოს დაეფინანსებინა და ამით ისინი თანაბარკონკურენტულები ყოფილიყვნენ. ასე რომ, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. აქ დიდ თანხებზე არაა საუბარი და თუკი ამით პარტიებს სტიმული მიეცემათ, ქვეყნისთვის ცუდი არ იქნება.