თოფაძემ და ინაშვილმა ერთმანეთი საჯაროდ შეაქეს, ამბობენ, მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულაო
თაკო მათეშვილი
21.04.2016

 არჩევნებში შესაძლოა, "მრეწველთა პარტია" და "პატრიოტთა ალიანსი" ერთად წარსდგდნენ. ამას არც ერთი მხარე არ გამორიცხავს, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

პოლიტოლოგები და პიარსპეციალისტები კი ამას მომგებიანად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ გაერთიანება სარგებელს ორივე პარტიას მისცემს. მათი აზრით, ორ პოლიტიკურ ძალას დაახლოებით ერთი ტიპის ამომრჩეველი ჰყავს, რადგან მსოფლმხედველობრივ და იდეოლოგიურ თანხვედრაში არიან.

ინფორმაცია შესაძლო თანამშრომლობაზე თავად "მრეწველების" ლიდერმა, გოგი თოფაძემ გაავრცელა. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს, თუმცა არც ვინმესთან გაერთიანებაა გამორიცხული.

"დღესდღეობით ვცდილობთ, არჩევნებზე მარტო გავიდეთ, თუმცა "ალიანსს" ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ძალიან ობიექტური ტელევიზია შექმნეს, სხვა ტელეარხებისგან განსხვავებით. პროქართული პოზიცია უჭირავთ. თარხან-მოურავსაც პატივს ვცემთ, ქალბატონ ირმასაც. არ გამოვრიცხავ... მაგრამ ჯერ ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

"ვფიქრობთ. ჩვენ გვაქვს იმდენი უპირატესობა, რომ ყველა საარჩევნო უბანში ჩვენი წარმომადგენელი გვყავს. ყველა უბანზე გვყავს დამკვირვებლები - საკმაოდ გამოცდილი ხალხი გვყავს და იმედი გვაქვს, რომ არჩევნებს არავინ გააყალბებს. ვნახოთ, პოლიტიკური სიტუაცია როგორ განვითარდება. არავისთან ალიანსს არ გამოვრიცხავთ," - განაცხადა გოგი თოფაძემ.

"რეზონანსი" შეეცადა მისგან მეტი ინფორმაცია მიეღო, თუმცა ბატონმა გოგიმ ამაზე ვრცლად საუბარი არ ისურვა და მოკლედ გაგვიმეორა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა, რომ მათ "მარტო ყოფნა" უნდათ, მაგრამ "პატრიოტთა ალიანსი" ძალიან მოსწონთ და გაერთიანებასაც არ გამორიცხავენ.

მოკლე პასუხით შემოიფარგლა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილიც.

"მეც დიდ პატივს ვცემ ბატონ გოგი თოფაძეს და მათთან საარჩევნო ბლოკის შექმნას არც ჩვენ გამოვრიცხავთ. თუმცა, ამ ეტაპზე მასთან საუბარი არ გვქონია," - განგვიცხადა მან.

სიახლეს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია არ გაუკვირვებია. მისი თქმით, "მრეწველებსა" და "პატრიოტთა ალიანსს" შორის საერთო ბევრია - მათ ე.წ. ეროვნული მიმართულება აერთიანებთ და საერთო სამიზნე ჯგუფი აქვთ. ამიტომ, ვარაუდობს, რომ ასეთი ერთობა მათთვის უფრო ეფექტური აღმოჩნდება.

"მრეწველებს" პარლამენტში სულ 2-3 ადამიანის გასვლა სჭირდებათ, სამაგიეროდ კი მათი ფინანსური რესურსი "პატრიოტთა ალიანსს" წაადგება. ამიტომაც, მათი გაერთიანება გასაკვირი არ იქნება. უბრალოდ, ამ შემთხვევაში "პატრიოტთა ალიანსს" მოუწევს, თავისი საგარეო ვექტორი მკაფიო გახადოს, რადგან ის პრორუსულ პროპაგანდას პირდაპირ არ ეწევა.

"მიუხედავად იმისა, თუ რა ჭორები დადის ამ პარტიაზე, რუსეთთან მიმართებაში ოფიციალური დადებითი მესიჯები მათგან არ გამიგონია. მისი ზოგიერთი ლიდერი აფხაზეთის ომში იბრძოდა. ინაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის ევროპული ორგანიზაციებისას, აქტიურად ხვდება. ამიტომ, იმას რომ არ ავყვე, რასაც მათზე ლაპარაკობენ, "პატრიოტთა ალიანსს" პრორუსულ პარტიად ვერ მივიჩნევ. "მრეწველები" კი პრორუსულ პროპაგანდას პირდაპირ ეწევიან. ყოველ შემთხვევაში, მათი მთავარი სახე. ესაა მათ შორის განსხვავება," - ამბობს გამზარდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×