"ოცნების" საპარლამენტო ფრაქცია "ოცნების" პარტიულ ხელმძღვანელობას უპირისპირდება
ელზა პაპოშვილი
22.04.2016

 "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ პარტიაში არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებენ და აზრს არავის ეკითხებიან. ეს კი, მისი აზრით, "ოცნების" ინტერესებს აზიანებს და არჩევნებში ღირსეული კანდიდატებით წარდგენის შანსს უკარგავს.

ის არმაზ ახვლედიანის განცახდებას იხსენებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ინტერესებს "ბებერი ნიანგები" კი არა, "ახალგაზრდა ალიგატორები" აზიანებენ, რომლებიც გამოცდილებისა და წარსულის იგნორირებით, პარტიაში ძველი კადრების ჩამოწერას ცდილობენ.

"რეზონანსი": როგორც ცნობილი გახდა, თქვენ ქუთაისში საფიჩხია-კახნიაურის ოლქში კენჭს იყრით. ეს გადაწყვეტილება იმიტომ ხომ არ მიიღეთ, რომ თქვენი კანდიდატურა პარტიულ სიაში დაბლოკეს?

ომარ ნიშნიანიძე: სიმართლე გითხრათ, პარტიულ სიაში ჩემი კანდიდატურის დასაყენებელად არც მიფიქრია და არც მიბრძოლია. ზოგი, ვინც მაჟორიტარი დეპუტატია, ფიქრობს, რომ მაჟორიტარულ ოლქში თუ ვერ გავიმარჯვებ, არაუშავს, პარტიულ სიაში ხომ მაინც ვიქნებიო. მე ის კაცი არ ვარ, რომ ვინმეს რამე უბრძოლველად დავუთმო. გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ და არავის არაფერს არ შევარჩენ.

"რ": თქვენ განაცხადეთ, რომ პარტიაში პატარ-პატარა კლანები არსებობს, რაც პარტიისთვის კარგი არ არის. რა ხდება "ქართულ ოცნებაში" - შიდა დაპირისპირებაა?

ო.ნ.: ის, რომ თავის დროზე პარტია თუნდაც ჩვენთვის გახსნილი არ იყო, იმაზე მიუთითებს, რომ ვიღააცები კარს გვიკეტავენ. ადამიანებს, რომელთაც პარტიაში გარკვეული დამსახურება აქვთ და მისი დამფუძნებლები არიან, აქტიურები და მებრძოლები არიან, არაფრად აგდებენ.

ამიტომაც "ქართულ ოცნებაში" ჩვენი ჩართულობა უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. პარტიაში კონკრეტული პირები არსებობენ, რომლებიც გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებენ. მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც მგონია, რომ კორექტული არ იქნება.

დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პარტიას სათავეში ჩაუდგება, ასეთ წინააღმდეგობებს მოხსნის. ჩემი კრიტიკული გამონათქვამები და დამოკიდებულება პარტიაში არსებული მდგომარეობის შესახებ იმის სურვილია, რომ "ქართული ოცნება" უფრო ძლიერი იყოს და არჩევნებამდე ერთიანი, შეკრული გუნდით მივიდეთ.

"რ": თქვენ ამბობთ, პარტიაში ჩვენ არ გაგვიკარესო. ვის გულისხმობთ "ჩვენ"-ში და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებაში" კლანური მმართველობაა?

ო.ნ.: ჩვენში თუნდაც ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ვგულისხმობ. ყოველთვის ვამბობდი, რომ პარტიის გული და სული ფრაქცია უნდა ყოფილიყო, რადგანაც ეს ხალხი ამ პარტიის სათავეში იდგა და გუნდისთვის, ხელისუფლებისთვის სასარგებლო არაერთი საქმე გაუკეთებია.

შენს ქალაქში, რაიონსა და უბანში როდესაც არასდროს გეკითხებიან, თუ ვინ შეიძლება იყოს გამორჩეული, ავტორიტეტული და დასაწინაურებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფრად გაგდებენ.

უბრალოდ, სურვილი მაქვს, რომ პარტიაში საუკეთესო კადრები მოვიდნენ. სამწუხაროდ გამოდის, რომ ყველაფერს ამას ის ადამიანები წყვეტენ, რომელთა უკან პირადი ამბიციურობის გარდა არაფერი დგას. მათ არც გამოცდილება და არც ავტორიტეტი გააჩნიათ, მხოლოდ იმის სურვილი აქვთ, რომ ხელმძღვანელ ორგანოებში იყვნენ.

მათ მიაჩნიათ, რომ გამოცდილება არაფერი არ არის და აუცილებელი მხოლოდ ინგლისურის ცოდნაა. ეს იმისთვის საკმარისია, რომ ქვეყნის განვითარებაზე პრეტენზია ჰქონდეთ?! მე მგონია, რომ არ არის. ამიტომაც ჩვენი ჩართულობა არაფერს დააშავებდა. მე იმ ფრონტზე ვიბრძოლებ, სადაც ჩემი ხელისუფლებისთვის გამარჯვების მოტანა შემიძლია.

"რ": ანუ, არჩევნების წინ პარტიაში არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც კადრებს ერთპიროვნულად არჩევს?

ო.ნ.: კი, პარტიაში არსებობს პატარ-პატრა ჯგუფური წარმონაქმნები, რომლებიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. სურვილი იმისა, რომ უფრო კარგები ვიყოთ და პარტიაში გარკვეული საკითხების მიმართ ერთმანეთს რჩევები მაინც ვკითხოთ, ეს მემგონი, საქმეს ძალიან კარგად წაადგება.

გახსოვთ ალბათ არმაზ ახვლედიანის გამოთქმა, პარტიიდან "ბებერი ნიანგები" უნდა წავიდნენო. ვფიქრობ, რომ "ბებერ ნიანგებზე" მეტად პარტიაში საქმეს "ახალგაზრდა ალიგატორები" აფუჭებენ.

"რ": "ახალგაზრდა ალიგატორებში" ვის გულისხმობთ და პარტიას როგორ ვნებენ?

ო.ნ.: ერთ მაგალითს გეტყვით და მკითხველი ადვილად მიხვდება, რას ვგულისხმობ. მე პირადად ქუთაისის პარტიული ორგანიზაციის დამფუძნებელი ვარ. მის დაფუძნებაში ათასი უბედურება გადამხდა და დღეს ჩემს სიტყვას და ქმედებას დიდი რეზონანსი აქვს. როდესაც პარტიული კონმფერენცია ჩატარდა, მათ სურვილზე რომ ყოფილიყო, იქაც არ დამიძახებდნენ. ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიიდან განრიდება ხდება.

გამოდის, რომ თუ მიშას ხელისუფლებამ ჩაგვრეცხა, ახლა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩამოგვწერა?! უბრალოდ კითხვას ვსვამ. მე მაგალითად თავს არავის ჩამოვაწერინებ. იმიტომ, რომ სხვებზე მეტი მიბრძოლია და სიტყვა-გონებაც კარგად მიჭრის. არც გამოცდილება და პრაქტიკა მაკლია.

"რ": თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ "ქართულ ოცნებაში" წინასაარჩევნოდ ძველი კადრების სერიოზული წმენდა იგეგმება?

ო.ნ.: რა თქმა უნდა, პარტიიდან გარკვეული ნაწილი ალბათ საქმიანობას თავისი სპეციალობით გააგრძელებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ერთი მესამედი უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ნაბრძოლი ხალხის დიდი ნაწილი პარტიაში უნდა დარჩეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×