"აირაის" კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი პოლიტიკოსი არ არის
თაკო მათეშვილი
23.04.2016

 ბურჭულაძე, სერგეენკო, მარგველაშვილი და ალასანია - ასე გამოიყურება რეიტინგული ლიდერების პირველი ოთხეული აშშ-ის "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ("აირაი") სოციოლოგიური კვლევების მიხედვით. პარტიებში კი პირველ, მეორე და მესამე ადგილს "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები" იკავებენ.

"აირაის" კვლევის შედეგები საგრძნობლად განსხვავდება "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ("ენდიაი") მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული შედეგებისაგან, სადაც ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად დავით ბაქრაძე იყო დასახელებული.

"აირაის" კვლევა მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისს დაემთხვა. ანუ იმ პერიოდს, როცა მმართველი კოალიცია იშლებოდა და მას "რესპუბლიკური პარტია" და "ეროვნული ფორუმი" ტოვებდნენ.

"აირაის" თავისი კვლევის შედეგები საზოგადოებისათვის ჯერ არ წარუდგენია. პარტიებიდანაც, როგორც ჩანს, იგიჯერ მხოლოდ "თავისუფალ" დემოკრატებს გააცნეს, რადგან "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" განგვიცხადეს, რომ მათ ჯერ არაფერი იციან. სწორედ "თავისუფალი დემოკრატებისგან" გახდა ცნობილი "რეზონანსისათვის" კონკრეტული პროცენტებიც.

პარტიების რეიტინგი

კვლევაში 1500-მდე ინტერვიუერმა მიიღო მონაწილეობა. მიღებული შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 55% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. 70% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

"ქართული ოცნება" - 20%, "ნაციონალური მოძრაობა" - 19%, "თავისუფალი დემოკრატები" - 13% - ასეთი შედეგი მიიღეს "აირაიში" კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს.

შეკითხვაზე - ვინ მოაგვარებდა პრობლემებს - გამოკითხულთა 15%-მა "ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა, 13%-მა - "ქართული ოცნება" და 5%-მა - "თავისუფალი დემოკრატები".

ამისგან განსხვავებული იყო "ენდიაის" შედეგები, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. მისი მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" 15% მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას" - 13 %, "თავისუფალ დემოკრატებს" - 6%, "ლეიბორისტებს" - 4% და "პატრიოტთა ალიანსს" - 3%.

"თავისუფალი დემოკრატები" "ენდიაისაგან" განსხვავებით "აიარაის" შედეგებით კმაყოფილი არიან. ამბობენ, რომ მესამე ადგილი და 13% მათთვის დამაიმედებელია.

"პარტიის მიმართ ნეგატივი ამ კვლევაში პრაქტიკულად არ ფიქსირდება. მისი მიხედვით, პოტენციურად მზარდი მხარდაჭერაც ყველაზე მეტი "თავისუფალ დემოკრატებს" გვყავს. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო კვლევაა," - განუცხადა "რეზონანსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ზურაბ აბაშიძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ "აირაის" კვლევა "ენდიაის" კვლევის ტენდენციას იმეორებს - "ნაცმოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ისევ 1 %-ით ჩამორჩება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პროცენტებია აწეული.

"ეს კი შეიძლება ალგორითმიდან გამომდინარე იყოს, ანუ გააჩნია, საიდან ითვლება ეს პროცენტები - იმ ხალხიდან, რომელსაც არჩევანი გაკეთებული აქვს, თუ გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან.

"მთავარი პრობლემა იგივეა - ადამიანები არჩევნებს სკეპტიკურად უყურებენ და საშუალო სტატისტიკური ქართველი არჩევანს არც ერთ პარტიაზე არ აკეთებს. აქ არჩევნების ლეგიტიმურობის პრობლემა დგება.

"ხელისუფლების მთავარი ოპონენტი "ნაციონალური მოძრაობა" კი არა, ამომრჩეველია, რომელიც ყველა პარტიას "არა"-ს ეუბნება. ესაა მთავარი პრობლემა და ხელისუფლება ამას თვალს არ უსწორებს. "ნაცმოძრაობასთან" იწილო-ბიწილოთია გართული და ჰქონია, რომ სამყაროში ამ ორი პარტიის გარდა არაფერი არსებობს," - დასძენს ხუხაშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" განგვიცხადეს, რომ კვლევის შედეგებს ისინი ჯერ არ გაცნობიან, თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აირაის" კვლევის თანახმად, კითხვაზე - ვის არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში - "ქართულმა ოცნებამ" შედეგებით "ნაციონალურ მოძრაობას" გაუსწრო.

როგორც წიკლაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კვლევის ამ ნაწილში, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, "ქართული ოცნება" საერთოდ არ ფიგურირებდა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა იმ ადამიანების, ვინც არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას.

წიკლაური ინფორმაციით, "აირაის" მონაცემებით, კითხვაზე ვის არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა 32%-მა "ქართული ოცნება", 25%-მა კი "ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა.

პოლიტიკოსების რეიტინგი

რაც შეეხება ლიდერებთან დაკავშირებულ კითხვას - როგორია თქვენი განწყობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ - აქ 75%-მა "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დაასახელა, 64%-მა - ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას 60-60 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ.

მათ პრემიერის გიორგი კვირიკაშვილი მოსდევთ 56%-ით, ხოლო "ნაცმოძრაობის" ლიდერ დავით ბაქრაძეს 54% აქვს.

"ენდიაის" კვლევების თანახმად კი, კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოსწონთ, გამოკითხულთა 15%-მა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაასახელა, გამოკითხულთა 7%-ს ირაკლი ალასანია მოსწონს, 6%-ს - შალვა ნათელაშვილი, 5%-ს - გიორგი კვირიკაშვილი და 3%-ს კი - დავით სერგეენკო.

"თავისუფალ დემოკრატებში" იმითაც კმაყოფილი არიან, რომ ამ ნაწილში, წინა კვლევისგან გამნსხვავებით, დავით ბაქრაძე არ ლიდერობს და ასევე იმითაც, რომ ირაკლი ალასანია მოწინავე პოზიციებს იკავებს.

"ოპოზიციის ლიდერებში პირველ ადგილზეა. ესაა კვლევა, როელიც ამ რეალობას ასახავს. დანარჩენ ნაწილში - უმუშევრობის, ეკონომიკური მდგმარეობისა და ქვეყნის ევროპული კურსის მიმართ ხალხის დამოკიდებულება დაახლებით ისეთივეა, როგორიც "ენდიაის" კვლევაში იყო. პარტიების რეიტინგის ნაწილში კი საგრძნობლად განსხვავებულია. "თავისუფალი დემოკრატების" შემთხვევაში ეს განსხვავება კიდევ უფრო მკვეთრია," - გვითხრა ზურაბ აბაშიძემ.

კვლევის ასეთ შედეგს ბურჭულაძის მიერ დაარსებული "საქართველოს განვითარების ფონდის" წევრი ხათუნა ლაგაზიძე არ გაუკვირვებია. ამბობს, რომ ხალხი პოლიტიკური სპექტრით უკმაყოფილოა და ახალი ლიდერების, ახალი სახეების მოლოდინშია. პაატა ბურჭულაძის მიერ განვლილი გზა, როგორც საზოგადოებრივი აქტივისტისა და მსოფლიოში ცნობილი ქართველისა, მისი აზრით, ქმნის იმ პირველ ადგილს, რომელიც საზოაგდოებამ ბურჭულაძეს "ძალიან მაღალი პროცენტით" მიაკუთვნა.

ჩვენს კითხვაზე, იქნება თუ არა ეს რეიტინგი საქარლამენტო არჩევნებში პაატა ბურჭულაძის ჩართვის საფუძველი, ლაგაზიძე შემდეგნაირად გვპასუხობს:

"ეს ამ ეტაპზე ერთ რამეს ადასტურებს - საზოგადოებას ახალი ლიდერების მოთხოვნილება აქვს. ის ასეთ ლიდერებს ეძებს და როგორ ჩანს, პოულობს კიდეც. თუმცა შეცვლის თუ არა ეს პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილებას, ამას პასუხი თავად მან უნდა გასცეს. ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხი მანამდე არ გვექნება, სანამ ის ამერიკიდან არ დაბრუნდება."

რეიტინგული ლიდერების სია გია ხუხაშვილისთვის მრავლისმთქმელია. პაატა ბურჭულაძის პირველ ადგილზე ყოფნას იმით ხსნის, რომ იგი წარსული ცოდვებით დამძიმებული არაა და ეს ფაქტორი მოქმედებს. სერგეენკოს რეიტინგი კი, მისი აზრით, საკმაოდ ლოგიკურია.

ზოგადად, ამომრჩეველთა მოთხოვნილების შეფასებისას იგი ამბობს, რომ აშკარაა - პირველ ადგილებს ის ადამიანები ინაწილებენ, რომლებიც ძველი ცოდვებით დამძიმებულები არ არიან, მათ მიმართ ნაკლები ნეგატივია.

"პირველ ხუთეულში მოხვედრილი ადამიანები ერთმანეთს ძალიან ბევრი რამით გვანან. ჩანს, რომ საქართველოში დღეს ასეთი ტიპის მენეჯერებზეა მოთხოვნა - გაწონასწორებული, დალაგებული. ხალხში ავანტიურაზე მოთხოვნილება არაა. ესე გარკვეული დასკვნების საფუძველს იძლევა," - ამბობს ხუხაშვილი.

სოციოლოგი და საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა კი ამბობს, რომ მანამ, სანამ შედეგების შეფასებას დავიწყებდეთ, უნდა ვიცოდეთ, თუ რას იკვლევდნენ მკვლევარები, რა სიტყვებს ხმარობდნენ კვლევისას და ა.შ.

ლიდერების შემთხვევაში დასმული კითხვა - როგორია თქვენი განწყობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ - მისი აზრით, ძალიან ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამბობს, რომ განწყობა ემოციური დამოკიდებულებაა და ძნელი სათქმელია, ვინ რა იგულისხმა პასუხის გაცემისას.

მისი თქმით, შესაძლოა, დადებითი განწყობა ადამიანს ერთის მიმართ ჰქონდეს, მაგრამ ქვეყნის მართვას მეორეს ანდობდეს, რადგან მას უფრო საქმის გამკეთებელ ადამიანად მიიჩნევდეს.

"პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსი არაა, იგი საზოგადო მოღვაწეა და უცნობია, საერთოდ რატომ მოხვდა ამ კვლევაში. პრეზიდენტი, მინისტრი და ბურჭულაძე ერთ კონტექსტში როგორ აღმოჩნდნენ, ვერ ვიგებ.

"სერგეენკოს თითქმის ყველა კვლევაში პირველი ადგილი უკავია ხოლმე. მისი მაღალი რეიტინგი ცნობილია, გასაგებია და ლოგიკაში ჯდება. პრეზიდენტის მიმართაც შეიძლება დადებითი განწყობა იყოს. ბაქრაძე და ნათელაშვილი რომ არ არიან სამეულში, ეს უკვე კარგია. ეს კვლევა კი სინამდვილესთან შედარებით ახლოსაა," - აცხადებს ბიგვავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×