ცისკარიშვილი: "იმედი მაქვს, ბატონი ბიძინა გაიხსენებს გამონათქვამს - დუმილი თანხმობის ნიშანიაო"
ეკატერინე ბასილაია
23.04.2016

 "არავინ არ აპირებს იმაზე კამათს, ბატონ ივანიშვილს აქვს თუ არა გავლენა საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე მთავრობაზე, ამაზე საუბარი მუდმივადაა და ეს კითხვა ევროპაში საქმიანი ვიზიტებისას ჩასული მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც დასმულა, მაგრამ ამერიკელი კონგრესმენის დანარჩენი სხვა ბრალდებები იმდენად მძიმეა, რომ იმედი მაქვს, ბატონი ბიძინა გაიხსენებს გამონათქვამს - დუმილი თანხმობის ნიშანიაო. მინდა ვირწმუნო, რომ ასეთ სერიოზულ ბრალდებებს ივანიშვილი გვერდს არ აუვლის," - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

ასევე აცხადებს, რომ ელოდება "მრეწველებისა და "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბლოკს და მისი აზრით, ამ ერთობას უნდა დაერქვას "თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის კოალიცია".

"რეზონანსი": ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა ივანიშვილი დაადანაშაულა იარაღით ვაჭრობაში, პუტინის გავლენის ქვეშ ყოფნაში, მოითხოვა მისი ანგარიშების გაყინვა და ისიც კი თქვა, ეს შესაძლოა საქართველოსთვის თავისუფლების ბოლო თვეები იყოს. რატომ ვერ გააქარწყლა ხელისუფლებამ მის მიმართ დასავლეთში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება?

სოსო ცისკარიშვილი: რაიმე განსაკუთრებული სიახლე ფაქტებთან დაკავშირებით შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ ემოციურობა, განცხადებისთვის შერჩეული დრო და თავად განმცხადებლის სტატუსი და ასევე, რომ იგი გამომძიებლად და პროკურორად გველინება, გვაფიქრებინებს, რომ მის მიერ წაკითხული დოკუმენტი ოკეანის გაღმა შექმნილი არ არის.

ეს ემოციურობა ხელოვნურია. თუ ასე უყვარდა მას საქართველო და ასე განიცდიდა მის დღევანდელ რეალობას, აქამდე სად იყო? ამასთან, არავინ არ აპირებს იმაზე კამათს, ბატონ ივანიშვილს აქვს თუა არა გავლენა საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე მთავრობაზე, ამაზე საუბარი მუდმივადაა და ეს კითხვა ევროპაში საქმიანი ვიზიტებისას ჩასული მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც დასმულა, მაგრამ დანარჩენი სხვა ბრალდებები იმდენად მძიმეა, რომ იმედი მაქვს, ბატონი ბიძინა გაიხსენებს გამონათქვამს - დუმილი თანხმობის ნიშანიაო.

მინდა ვირწმუნო, რომ ასეთ სერიოზულ ბრალდებებს ივანიშვილი გვერდს არ აუვლის, მას გამოცდილებაც გააჩნია, ჰყავს ადვოკატებიც და იმ დღის მოლოდინში ვიქნები, როდესაც ცილისწამებისთვის ამერიკელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.

"რ": საჩივარს რაზე, იარაღის ვაჭრობის ბრალდების გამო?

ს.ც.: იარაღით ვაჭრობის გამო. ასევე მთლად პუტინის პოლიტიკურ გაგრძელებად რომ არის მოხსენიებული. ნებისმიერ შემთხვევაში განცხადება საფრთხის შემცვლელია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის.

კონგრესმენის განცხადება უფრო სასოწარკვეთილ ქართველთა განწყობას გადმოსცემს და ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა სახის პოლიტიკოსებისთვის იყო ეს განცხადება ყველაფრის მომრჩენ მალამოსავით. თუმცა მეჭიაურის კომენტარი, რომ თურმე ივანიშვილისგან განსხვავებული ხედვა აქვს და თურმე ბატონი ბიძინა უსაფუძვლოდ ენდობა ნატო-ს, ესეც არცთუ წარმატებული პასუხია პიარის თვალსაზრისით.

"რ": "ოცნება" დასავლეთიდან მათზე წამოსულ ყველა კრიტიკას "ნაციონალების" შეკვეთილს უწოდებს და თქვენც მათი ლობისტების კვალს ხედავთ?

ს.ც.: ამას ვერ გამოვრიცხავთ. ტექსტი თავისი უნიკალურობით შესაძლებელია იყოს, რასაკვირველია, "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით შესრულებული, მაგრამ ეკრანზე ხშირად შემჩნეულ ლიდერებს ასეთი თხრობის სტილი არ გააჩნიათ.

"რ": "ოცნება" ამბობს, რომ კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტის წინ სპეციალურად დაამთხვიეს ამგვარი პროვოკაცია. თქვენც ახსენეთ დრო. თქვენ რა იგულისხმეთ - მომავალი არჩევნები, თუ აშშ-ში პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი?

ს.ც.: ერთია, რომ კარს მომდგარია ევროკავშირის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, ასევე შორს არ არის ნატო-ს სამიტი და როდესაც საუბარია იმაზე, რომ სრულიად კრიმინალური შინაარსისაა ჩვენი სახელმწიფოს მართვა, არ მგონია, ასეთ დროს ამგვარი განცხადება სხვა ვინმეს ინტერესში შედიოდეს, თუ არა რუსეთის.

"რ": დასავლეთში მუდმივად არის ეჭვები, რომ ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშაა. თუკი "ნაციონალური მოძრაობა" ახერხებს დასავლეთში ლობისტების და მხარდამჭერების ასე შენარჩუნებას, "ოცნებამ" კეთილგანწყობილი პოლიტიკოსების პოვნა რატომ ვერ მოახერხა, მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ივანიშვილი არ თვლის ამას საჭიროდ?

ს.ც.: განვლილი ათეული წლების განმავლობაში ბატონი ბიძინას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარტექნოლოგიებთან შეხების ნულოვანი პროცენტი გააჩნია. ალბათ სრულიად ლოგიკურია მისი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რადგან ივანიშვილმა ამ ნულოვანი გამოცდილებით შეძლო ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი გამხდარიყო.

როგორც ჩანს, მისთვის არავის შეუბედავს ეთქვა - რასაც თქვენ ბრძანებთ, ასე კი არა, საწინააღმდეგოდ უნდა იყოს და სხვადასხვა პოლიტიკური სივრცეა გასავლელი წარმატებისთვის ბიზნესში და წარმატებისთვის პოლიტიკაში. როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა ამ დასკვნამდე ჯერ არ მისულა.

ივანიშვილის პრემიერობის დროს განხილვას ექვემდებარებოდა მხოლოდ მისი საკუთარი ინიციატივები და პრაქტიკულად არც ერთი მინისტრის გულში გატარებული ოცნება არ გამხდარა სერიოზული განხილვის საგანი. ამდენად, აქედან მოყოლებული მინისტრებმა ინიციატივა სრულიად დათმეს. როდესაც მართვის სტილი ერთპიროვნული მმართველობა და განსხვავებული აზრის მიუღებლობაა, კითხვაც არ უნდა იბადებოდეს, რატომ არ მოქმედებს საქართველოში ლობიზმის ინსტიტუტი, რომელიც მართლაც აუცილებელია ჩვენს პლანეტაზე და რომელსაც სასიკეთო ნაბიჯების გადასადგმელად დიდი მარაგი აქვს.

"რ": პრემიერ კვირიკაშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას როგორ შეაფასებდით, სადაც კრიტიკული კითხვებიც დაისვა სტალინის ძეგლებსა და საარჩევნო გარემოს ცვლილებაზე?

ს.ც.: სტალინის თემა ასეთ თავყრილობაზე თითიდან გამოწოვილი იყო და ის ინიცირებული იყო იმ სრულიად უმწეო და უსაფუძვლო ინფორმაციიდან, რომელსაც ევროპის პოლიტიკოსთან დიდი ნაწილი სწორედ საქართველოდან იღებს. შეიძლებოდა პასუხი კატეგორიული და ცალსახა ყოფილიყო.

ნურავინ დამაბრალებს სტალინისტობას ადამიანს, რომლის ბაბუაც ბოლშევიკებს დახვრეტილი ჰყავს, მაგრამ სრულიად დაუნახავები ნუ ვიქნებით, სტალინი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოს იყო და ეს მსოფლიო მასშტაბი არის მომასწავებელი არა მარტო გამარჯვებების, არამედ მარცხისა და შეცდომებისაც, თუნდაც დანაშაულებისა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს თემა ნებისმიერი კამათისათვის უნდა დაიხუროს.

"რ": ზვიად კვაჭანტირაძემ "ნაციონალები" და კონკრეტულად გიორგი კანდელაკი დაადანაშაულა იმაში, რომ იყო მცდელობა მზაკვრული კითხვები დასმულიყო, თუმცა არ გამოუვიდათო და მან ოპოზიციას "მაოხრებელი გზირებიც" უწოდა.

ს.ს.: ბატონი ზვიადი ემოციური ადამიანია და მისგან შეიძლება ასეთი რამ მოვისმინოთ და არც ვეკამათოთ, მაგრამ ასე ერთმანეთზე გადაბრალება შორს არ წაგვიყვანს.

"რ": გასაჯაროვდა "აირაის" კვლევის არაოფიციალური შედეგი, სადაც "ოცნებას" აქვს 20%, "ნაციონალებს" - 19% და "თავისუფალ დემოკრატებს" - 13%. უკვე მეორე კვლევა აჩვენებს, რომ მმართველი ძალის რეიტინგი უკიდურესად დაბალია და ის უტოლდება "ნაციონალებისას". მიზეზი რა არის?

ს.ც.: ეს ჩემთვის იმის მიმანიშნებელია, რომ ამ კვლევისას ძირითადი ძალისხმევა იმით შემოიფარგლებოდა, "ენდიაის" კველევის მონაცემებისთვის 6-6 პროცენტი მიემატებინათ. სხვანაირად ვერ შევაფასებ.

ჩვენ ეს ციფრები ნანახი გვაქვს "ენდიაის" კვლევაშიც, უბრალოდ, ახლა ამ სამ პარტიას 5-6% მიუმატეს. გასაკვირი არაფერია, შესაძლოა ეს იყოს "ენდიაისთან" გარკვეული შეთქმულება, რომლის ავტორიტეტის გაძლიერება სურს დღეს "აირაისაც".

"რ": "მრეწველებმა" თქვეს, რომ ისინი საარჩევნოდ ისურვებდნენ "პატრიოტთა ალიანსთან" ბლოკს. თუ ელოდებით ასეთ ბლოკს და რა აერთიანებთ მათ - "რესპუბლიკელებთან" დაპირისპირება?

ს.ც.: რეალური იქნება, თუ ასეთ კოალიციას დაერქმევა "თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის კოალიცია". მით უმეტეს, როდესაც არსებობს წყენის სერიოზული მიზეზი და შემდგომ ერთი და იგივე პოზიციის გამომჟღავნებაც. ამასთანავე, "მეოცნებე" კოალიციის დაშლის შემდეგ "მრეწველთა პარტიისთვის" ამგვარი კოალიცია ერთადერთი თავშესაფარი გახლავთ.

"რ": ირმა ინაშვილის ლიდერობით 10 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია აპირებს გაერთიანებას და საარჩევნო ბლოკსაც არ გამორიცხავენ. ჩანს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" არასაპარლამენტო ფლანგზე ლიდერ ძალად ჩამოყალიბდა?

ს.ც.: რასაკვირველია, ასეა. "პატრიოტთა" გარდა ასე წარმატებულად სხვა სუბიექტს ძნელად თუ მოიაზრებდა ვინმე. ჩვენ ვიცით, რომ ნინო ბურჯანაძე კატეგორიულად წინააღმდეგია სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან თანაშრომლობისა.

ქვეყანაში, სადაც 235 პარტიაა დარეგისტრირებული, ბლოკების ჩამოყალიბების ქვეცნობიერი მოტივაცია მაინც თავშესაფრის ძიებაა. დღეს სრულიად ცხადია, რომ "პატრიოტთა ალიანსი" წარმატებულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა და სრულად ნათელია მათი დამოკიდებულება ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებებთან. ამიტომაც ამ ძალასთან ბლოკის შეკვარზე იმ არასაპარამენტო 9 პარტიის სწრაფვაც, რომლებსაც დამოუკიდებლად გამარჯვების შანსი ნაკლებად აქვთ, ადეკვატურია.

თუმცა ბლოკის ეს მრავალწევრიანობა არ უნდა აღიქმებოდეს წარმატების უცილობელ წინაპირობად. ჯერ არ ვიცით რამდენი პარტია დარეგისტრირდება საარჩევნოდ და რა ბლოკები იქნება.

"რ": რამდენად შესაძლებელია, რომ ამ არასაპარლამენტი 10 პარტიას შეურთდეს "მრეწველებიც", თუ "პატრიოტთა ალიანსს" მოუწევს არჩევანის გაკეთება - "მრეწველები", თუ 9 არასაპარლამენტო პარტია?

ს.ც.: არ მგონია. "მრეწველებს" "პატრიოტთა" ლიდერებთან საურთიერთოდ ცალკე დერეფანი აქვთ და ისინი, როგორც "ქართული ოცნების" ნაწილი, ეცდებიან რეალობას ზევიდან გადახედონ. არც ის მგონია, რომ 10-ვე პარტია საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბდეს. შესაძლოა, იყოს გარკვეული საკითხებზე ერთობა ჯერ კიდევ დაულაგებელ საარჩევნო კანონმდებლობასთან კავშირში და საარჩევნო ბლოკად ყველა 10-ვე პარტია არ შეიკრიბოს.

ასე ყველა ერთად კოალიციაში რომ აღმოჩნდეს, ეს შეიძლება გინესის წიგნში შესატანი ფაქტი გახდეს. თუ "ალიანსმა" გადაიფიქრა და არ უნდა მომავალ პარლამენტში სეროზული სუბიექტი იყოს, მაშინ შეიძლება 10 კი არა, 15 პარტიაც შეიყვანის კოალიციაში.

"რ": საარჩევნო კანონმდებლობა ახსენეთ და რატომ ვერ თანხმდება ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად რაღაც რეალური ნაბიჯი გადადგას და მხოლოდ უმცირეს ცვლილებას - კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის 3%-იდან 2%-ზე ჩამოწევას რატომ თანხმდება, ამას ხომ ოპოზიციაში ყოფნისას თავადაც ითხოვდა?

ს.ც.: ეს სიჯიუტე შიშის მანიშნებელია, რომელიც პარტია "ქართულ ოცნებაში" ნამდვილად სუფევს და ახლა, როდესაც რეალობასთან მარტო დარჩნენ, მზად არიან ხელისუფლების შესანარჩუნებად გამოიყენონ ყველა ის ხერხი, რომელიც ქართული პარლამენტარიზმისთვის ცნობილია. ამიტომ არ ერიდებიან არც მკვახე განცხადებებს, არც სიჯიუტეს თმობენ და ყურიდან ყურში ატარებენ რაიმე პროგრესულ შეთავაზებას.

ამბობენ, რომ ცვლილება იქნება, მაგრამ წელს არა, 4 წლის შემდეგ. შიშით იმასაც კი ვერ ამბობენ - მომავალ არჩევნებზეო, რადგან ეშინიათ, რომ შესაძლოა 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად კოალიცია ვერ შეიქმნას და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. რიგგარეშე არჩევნებისაც ეშინათ და ამიტომ იძახიან - 2020 წელსო.

ეს არის პოლიტიკური სიმხდალე. ისინი აგრძელებენ იმ გზით სიარულს, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში არჩევნები ერქვა.

"რ": თუ რეალურ ცვლილებას არ დათანხმდება ხელისუფლება, რა იქნება შემდეგ?

ს.ც.: არც არაფერი არ იქნება, იქნება რამდენიმე აქტიური მსვლელობა, მაგრამ ამას შედეგი არ ექნება. ძალიან ძნელია რამეში გადავარწმუნოთ ადამიანი, რომელიც უპირობო და მუდმივი თამადაა დღევანდელი "ქართული ოცნების".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×