საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მან ჯერ არ იცის, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში. ამის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ პარტია საარჩევნო სიებს თუ გარკვეული ძალების ზეწოლის შედეგად დააკომპლექტებს, მისთვის "ოცნებაში" ყოფნა მიუღებელი იქნება.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის გარკვეული სახის აზრთა სხვადასხვობა არსებობს. აცხადებს, რომ ივანიშვილს საკუთარი გარემოცვა ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს და ბევრ რაღაცას უმალავს.
მეჭიაურის აზრით, "ივანიშვილი ღმერთი არ არის" და შესაბამისად, ყოველთვის მართალი ვერ იქნება. მისი აზრით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კადრების შერჩევისას შეცდა. ამ ხალხმა ის უბრალოდ გამოიყენა, რადგანაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ საკუთარი ინტერესების გატარება დაიწყეს.
"მთელი კვირა": იქნებით თუ არა "ქართული ოცნების" პარტიულ სიაში, ან მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი?
თამაზ მეჭიაური: ვერ გეტყვით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ყველაფერს ალბათ დრო გვიჩვენებს.
"მ.კ.": თქვენმა თანაპარტიელმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ პარტიაში სიებს რამდენიმეკაციანი ჯგუფი ადგენს და ეს "ქართული ოცნებისთვის" დამღუპველია. თქვენ რას იტყვით, ვინ წყვეტს სიაში მოსახვედრი კანდიდატების ვინაობას და ვინ არის ეს ხალხი, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ?
თ.მ.: ვერ გეტყვით ვინ არიან, ეტყობა მართლა არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც სიებს ადგეს, მე არ ვარ ამ ჯგუფში და არც სიის შედგენაში ვიღებ მონაწილეობას. ამაში გასაკვირი არც არაფერი მგონია - აბა, ახლა სიას 100 კაცი ხომ ვერ შეადგენს?! მთავარი რაოდენობა არ არის. აქ მნიშვნელობა იმას აქვს, ვინ არის ეს ხალხი და სიაში რა კომპეტენციის და დამსახურების ადამიანები შეჰყავთ.
"მ.კ.": გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიაში "ოცნების" ძველი სახეები აღარ იქნებიან...
თ.მ.: ვერ გეტყვით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სიების შედგენის პროცესში მე ჩართული არ ვარ. ახლა ნერვიულობა იმაზე შემიყვანენ თუ არა სიაში ნამდვილად არ ღირს.
თუ ადამიანი პარლამენტში ყოფნას იმსახურებს და ხალხის მხარდაჭერა აქვს, ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისთვის სასარგებლო საქმეს ყოველთვის გააკეთებს. არ არის აუცილებელი ვიღაცას ეხვეწო, გინდა თუ არა სიაში შემიყვანეთო. ამის საუკეთსო საშუალება მაჟორიტარად კენჭისყრაა.
"მ.კ.": თქვენ განაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატებმა არ გაამართლეს. ვის გულისხმობთ და არგამართლებაში რა იგულისხმეთ?
თ.მ.: და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ. მგონი, ისედაც ყველა კარგად ხვდება, ვისზეა საუბარი. არგამართლებაში იმას ვგულისხმობ, რომ 2012 წელს ერთმანეთის მხარდაჭერით და ერთიანი პროგრამით მოვედით, შემდეგ კი ინტერესები შეეცვალათ და სრულიად სხვა პოლიტიკური კურსით წავიდნენ. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ხალხმა ბიძინა ივანიშვილი გამოიყენა, თავი აარჩევინეს და საკუთარი ინტერესების გატარება დაიწყეს.
"მ.კ.": თქვენ თქვით, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მართალი არ არის და თქვენს გზას მონახავთ. რას გულისხმობთ?
თ.მ.: ყოველთვის მართალი მხოლოდ ღმერთია, ბიძინა ივანიშვილს ბევრი ღმერთად თვლის, ჩემთვის კი ის ჩვეულებრივი ადამიანია. მიუხედავად მისი უზარმაზარი დამსახურებისა, ივანიშვილს შეცდომებიც აქვს როგორც საკადრო გადაწყვეტილებების დროს, ასევე საგარეო ვექტორის არჩევისას.
"მ.კ.": თქვენი გზის მონახვაში "ქართული ოცნებიდან" წასვლას ხომ არ გულისხმობთ?
თ.მ.: მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემი ეს განცხადებები იმას ნიშნავს, რომ პარტიას პირად ხედვას ვთავაზობ, "ქართული ოცნება" როგორი უნდა იყოს. პარტიისთვის ჩემი შეხედულებები მისაღები თუ იქნება, მათთან ერთად ვიქნები. "ოცნება" სიას თუ ვიღაც პიროვნებების ზეწოლის ქვეშ დააკომპლექტებს, ჩემთვის ასეთი პოლიტიკური ძალა მიუღებელი იქნება. პარლამენტში კანდიდატები ხალხის მხარდაჭერის გამო უნდა ხვდებოდნენ და არა ვიღაც გარედან მართული ძალებით, რომელთა ზეწოლის მეშვეობითაც სიები შედგება.
"მ.კ.": რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მის გარემოცვას ჩაკეტილი ჰყავს და ბევრ რამეზე ინფორმაციას არ ფლობს? რა არ იცის მან და რას უმალავენ?
თ.მ.: ბიძინა ივანიშვილს თავისი გარემოცვა საგარეო ვექტორის თვალსაზრისით მცდარ ინფორმაციას აწვდის და ცრუ ილუზიებს უქმნიან. ამის ნათელი მაგალითი ის არის, რომ ივანიშვილი ნატოს კვლავ მთავარ სტარტეგიულ პარტნიორად განიხილავს. მაშინ, როცა ნატოს წევრ მთავარ ქვეყნებს საერთოდ ვერც კი წარმოუდგენიათ, საქართველო რატომ უნდა მიიღონ. აქედან გამომდინარე, ეს მისი გარემოცვის ბრალია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს.
ჩვენ ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მხოლოდ ევროპისკენ უნდა გავამახვილოთ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა გვჭირდება თუ არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაერთიანება. ეს კი იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ მათგანაც შესაბამისი მზადყოფნა იქნება.
"მ.კ.": გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ შესაძლოა, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" ან ირაკლი ღარიბაშვილის ჯერ არ ჩამოყალიბებულ პარტიაში გადახვიდეთ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
თ.მ.: მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ იმ ადამიანთან ვითანამშრომლო, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ბედი ადარდებთ და პატრიოტები არიან. მინდა, რომ ჩემს პარტიასთან ერთად ვიყო. მე ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. ვნახოთ, რა მოხდება, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.
"მ.კ.": თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებები იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული დაპირისპირება გაქვთ?
თ.მ.: რა თქმა უნდა, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. როგორც გითხარით, ჩემი ხედვა დასავლეთთან და რუსეთთან მიმართებაში მისას ეწინააღმდეგება. არ ვარ მომხრე, რომ ივანიშვილს ნატოს მიმართ ასეთი პოზიცია აქვს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას რაღაცაში ვუპირისპირდები და პიროვნული უთანხმოება გვაქვს. პირიქით, მისი დამსახურებაა, ასე თავისუფლად რომ გესაუბრებით. მის გარეშე პარლამენტში ვერ მოვხვდებოდი. მეორე მხრივ, რაღაცაში უთანხმოება იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები გავხდებით. უბრალოდ, ხალხსაც და ივანიშვილსაც ატყუებენ, რომ ნატოს წევრი მალე გავხდებით.