პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე "რეზონანსს" და მის ყოველკვირეულ დამატება "მთელ კვირას" საკმაოდ მძიმე ბრალდებას უყენებს, ბოდიშის მოხდას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრით, ამ მუქარის ასრულება მაინცდამაინც დიდად არ დააზარალებს არც გაზეთს და არც მის მკითხველს, მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ ამ საკითხზე განმარტების გაკეთება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის პრეტენზია უკავშირდება მასთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც "რეზონანსის" ყოველკვირეულ დამატება "მთელი კვირას" 18 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სათაურით - "ოცნების" სიას 3 კაცი ადგენს". მისი აზრით, ეს ინტერვიუ არის იმის მაგალითი, რომ მედია "წერს ყველაფერს, ხშირად ცილისმწამებლურ, დაუზუსტებელ, გადაუმოწმებელ და, სამწუხაროდ, საკუთარი ინტერპრეტაციით ისეთ სტატიებს თუ ინტერვიუებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. მათ არც კანონი და არც მორალი ზღუდავთ."
შემდეგ ბრალდებები ასე გრძელდება: "რეზონანსი" არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტებს, შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, მიმართავს არაეთიკურ გზებს და აყენებს შეურაცხყოფას როგორც მოსახლეობას, ასევე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს".შემდეგ გამოთქმულია მოსაზრება, რომ "რეზონანსი" ამას მიზანმიმართულად აკეთებს და რომ ჩვენ გვსურს შევქმნათ "უარყოფითი განწყობა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიმართ".
და ბოლოს, ბოდიშის მოხდის მოთხოვნისა და ურთიერთობის გაწყვეტის მუქარის შემდეგ დასკვნის სახით წერია, რომ "რეზონანსი" "ჩაეწერა იმ გამოცემების ნუსხაში, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ მკითხველებს, მოქალაქეებს, რადგან არ იცავენ ყველაზე მთავარ ჟურნალისტურ სტანდარტს - მიაწოდოს მოსახლეობას სიმართლე".
ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, ქალბატონი ვიცე-სპიკერის ავტორობით მის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე (Manana Kobakhidze Official) გამოქვეყნებული ეს განცხადება პირადად მანანა კობახიძის მომზადებულია, თუ მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის. თუმცა მივიჩნევთ, რომ იგი წარმოადგენს "რეზონანსის" რეპუტაციის შელახვის პირდაპირ მცდელობას, თანაც საკმაოდ შეურაცხმყოფელი ფორმით, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.
ყველა ზემოთ მოყვანილი ბრალდების საფუძველი ხსნებულ განცხადებაში ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული: "ინტერვიუ, რომელიც გაზეთ "მთელი კვირისთვის" მომზადდა, გამოიცა არათუ დამახინჯებული, არამედ არასწორი ინტერპრეტაციით და მოგონილი სათაურით. გამოტანილია ფრაზა, რომელიც მე არ მეკუთვნის. მკითხველს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს სათაური - "ოცნების" სიას სამი კაცი ადგენს - ჩემი ნათქვამია".
დავიწყოთ სათაურით. სათაური არ არის ჩასმული ბრჭყალებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ წარმოადგენს ციტატას. უშუალოდ ინტერვიუში რესპონდენტი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის შედგენაში ჩართული არიან: პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. თუ დავთვლით, გამოდის 3 ადამიანი. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც სათაურშია მოცემული, არ ეწინააღმდეგება ინტერვიუსას რესპონდენტის მიერ ნათქვამის შინაარსს და კონტექსტს.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, აქვს თუ არა კიდევ რამე სხვა პრეტენზია ქ-ნ ვიცე-სპიკერს - გამოქვეყნებული ინტერვიუს რომელიმე სხვა ნაწილსაც ხომ არ მიიჩნევს "დამახინჯებულად" ან "არასწორად ინტერპრეტირებულად" - ის თავის საჯარო განცხადებაში სათაურის გარდა ინტერვიუს სხვა რომელიმე დეტალს არ ახსენებს, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი სიტყვები იყო "დამახინჯებული" და "არასწორად ინტერპრეტირებული".
ინტერვიუს ბეჭდური ვერსიისა და შესაბამისი აუდიო-ჩანაწერის მრავალგზის შედარების შედეგად მათ შორის შინაარსობრივი წინააღმდეგობა არ იქნა გამოვლენილი, რაშიც დაინტერესებული მკითხველი მალე თავად დარწმუნდება, თუკი ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდს ეწვევა, სადაც უახლოეს მომავალში ინტერვიუს აუდიო-ჩანაწერი აიტვირთება. დაურედაქტირებელი ონლაინ-ვერსია კი ხელმისაწვდომია საიტზე (www.resonancedaily.com).
ჩვენი აზრით, გაზეთში გამოქვეყნებული ეს ინტერვიუ ვერანაირად ვერ იქნება იმ მძიმე ბრალდებებისა და არაადეკვატური მოთხოვნის საფუძველი, რომელსაც ქალბატონი ვიცე-სპიკერი "რეზონანსსა" და მის ყოველკვირეულ დამატება "მთელ კვირას" უყენებს.
შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რა გახდა ქ-ნი ვიცე-სპიკერის გადამეტებული ბრაზის მიზეზი.
შესაძლოა, მოახლოებული წინასაარჩევნი ციებ-ცხელება და საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი, რომელსაც თან ახლავს გარკვეული დაძაბულობა, ზოგიერთ პოლიტიკოსს წაკითხულიდან შინაარსის სწორად გამოტანისა და ზოგადად რეალობის სწორად აღქმის უნარს უზღუდავს, ან შესაძლებელია ე.წ. შეწყალების სკანდალის შემდეგ ვიცე-სპიკერს სხვისი რეპუტაციის შელახვის მცდელობა საკუთარი შელახული რეპუტაციის აღდგენის ერთ-ერთ საშუალებად მიაჩნია.
მიგვაჩნია, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ უსამართლო და უხეში თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე იმ პოლიტიკურ ძალას აზიანებს, რომელსაც ის წარმოადგენს.
გაზეთ "რეზონანსის" რედაქცია