ბრიუსელში გამართულმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ, მიიღო განცხადება და შეიმუშავა რეკომენდაციები, მაგრამ მძაფრი დაპირისპირების თემა გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხი .
"ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ დოკუმენტში ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებულად განხილვის რეკომენდაციას. მათი მცდელობა ამჯერად წარუმატებელი იყო.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიულ სტანდარტებს, მე ვგულისხმობ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას, თავისუფალი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სა და საკონსტუტიციო სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტას. ეს უნდა განხორციელდეს საშემოდგომო არჩევნებამდე. მანამდე ჩვენ ვიქნებით ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგნი. ეს არის "ევროპის სახალხო პარტიის" ცალსახა პოზიცია," - განაცხადა ასოცირების კომიტეტის დამთავრებისას "სახალხო პარტიის" ფრაქციის წევრმა, დეპუტატმა პოლონეთიდან იაცეკ საირუშ-ვოლსკიმ.
პოლონელი ევროდეპუტატის პოზიცია ამჯერად კომიტეტის არა მარტო ქართველმა, არამედ ევროპარლამენტარმა წევრებმაც არ გაიზიარეს და ევროკავშირის საბჭოსა (რომელიც წევრი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებისგან შედგება) და ევროპარლამენტს მიმართეს რეკომენდაციით ვიზალიბერალიზაციის პროცედურების საზაფხულო შესვენებამდე დასრულების შესახებ.
თუმცა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის გადადების საქმეში არც თვით "სახალხო პარტიაშია" ერთობა. სახალხო პარტიის ფრაქციის სხვა წევრმა ჩეხეთიდან, იოამირ შტეტინამ "რეზონანსს" განუცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებთან. მისი აზრით, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია.
"ვიზალიბერალიზაცია, პირველ რიგში, შეეხება საქართველოს მოქალაქეებს და არა პრემიერ-მინიტრს ან მთავრობის სხვა წევრებს. ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ძალაში," - აცხადებს ჩეხი ევროპარლამენტარი.
"მე მესმის ჩემი კოლეგის (იაცეკ საირუშ ვოლსკის) პოზიცია, მაგრამ არ შეიძლება ვიზალიბერალიზაციის იარაღად გამოყენება. მეორე მხრივ, საჭიროა პრესინგი საქართველოს მთავრობაზე, მითითება, რომ არ შეიძლება შერჩევითი სამართალი, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრება. ჩვენ განვაგრძობთ საპატიმროში მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების განთავისუფლების მოთხოვნას, ევროპელებისათვის ასეთი ანგარიშსწორება მიუღებელია," - მიაჩნია იოამირ შტეტინას.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის მხოლოდ საირუშ-ვოლსკისა და "სახალხო პარტიის" გადასაწყვეტი, მით უმეტეს, რომ თვითონ მათ პარტიაში ძალიან ბევრი პარლამენტარი მხარს უჭერს პროცესის დაჩქარებას.
"საბოლოოდ, კომიტეტში კენწრისყრის შედეგად, ჩვენი კოლეგების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა შესწორებას და ევროკავშირის საბჭოს და იგივე პარლამენტს მიეცა ჩვენი კომიტეტიდან რეკომენდაცია, რომ ზაფხულის შესვენებადმე დასრულდეს ეს პროცედურები. ისივე როგორც წინა რეკომენდაციებმა იმუშავა და შეიტანა თავისი წვლილი პროცესების დაჩქარებაში, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი რეკომენდაციაც პოზიტიურ წვლის შეიტანს ვიზა- ლიბერალიზაციის პროცედურების სწრაფად დასრულებაში," - განუცხადა "რეზონანსს" ზვიად კვაჭანტირაძემ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე თვლის, რომ საირუშ-ვოლსკის პოზიცია მიუღებელია.
"ვიზალიბერალიზაციის არჩევნებთან დაკავშირება აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ გვქონდა წინასწარ განსაზღვრული პირობები, რომლებიც უნდა შესრულებულიყო, რაიმე ახალი პირობა ევროსტრუქტურებს არ წამოუყენებიათ. ახლა ახალი პირობის დაყენება არის მიუღებელი, რადგან მაშინ პროცესი შეიძლება გაიწელოს დაუსრულებლად," - აცხადებს დეპუტატი.
"ევროპარლამენტში პოლიტიკური ძალა, სოციალ-დემოკრატები, მწვანეები, კონსერვატორები ცალსახად მხარს უჭერენ ვიზალიბერალიზაცისათვის საჭირო პროცედურების უმოკლეს დროში დამთავრებას, მხოლოდ "სახალხო პარტიის" ერთი ნაწილი, რომელიც ძალიან კარგ ურთიერთობაშია "ნაციონალურ მოძრაობასთან", ახმოვანებს რა მათ მოთხოვნებს, წინააღმდეგია და ცდილობს პროცესის მაქსიმალურად გაწელვას," - დარწმუნებულია გუგული მაღრაძე.
რაც შეეხება ასოცირების კომიტეტის განცხადებასა და რეკომენდაციებს, გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ ევროპული სტრუქტურები აფასებენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მან გასწია იმისათვის, რომ შეესრულებინა ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა.
"ახლად მიღებული კანონები ჩენს ხელისუფლებას ახალ და ახალ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის ფინანსურადაც. თუ "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებდა, რომ სურდა ევროპასთან დაახლოება, მაგრამ არ იღებდა ისეთ კანონებს, რომელიც მას ტვირთად დააწვებოდა, მათგან განსხვავებით ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო კანონსა და რეგულაციებს," - განაცხადა პარლამენტარმა.