თაკო მათეშვილი
28.04.2016

 ვიზიტი ვიზიტისთვის - ასე აფასებენ პოლიტოლოგები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ვიზიტს და ამბობენ, რომ იგი არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, ვინაიდან მას უფრო გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და აქ თავად ფაქტი იყო მნიშვნელოვანი - კვირიკაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა.

ისინი მიიჩნევენ, რომ ვიზიტი არ იყო კარგად დაგეგმილი და მომზადებული. შედეგად, კვირიკაშვილი არც ობამას შეხვედრია და არც ჰილარი კლინტონს, რომელიც შესაძლოა სულ მალე ამერიკის ახალი პრეზიდენტი იყოს.

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში 25 აპრილს გაემგზავრა. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა ამერიკელ სენატორებს, მათ შორის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს და ა.შ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაშინგტონში ატლანტიკურმა საბჭომაც უმასპინძლა, სადაც ის ორგანიზაციის პრეზიდენტს, წევრებსა და ექსპერტებს ესაუბრა.

იგი ამერიკაში "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" (ტვშ) ორგანიზებით გამართულ შეხვედრასაც დაესწრო, სადაც ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო. მან საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში სამი მნიშვნელოვანი აქცენტი გამოყო: დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის სტაბილური განვითარება.

გუშინ იგი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენსაც შეხვდა. მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს. კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა პარტნიორობის 25 წლის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

"ვისაუბრეთ, როგორ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა მომავალში, როგორ გავაფართოვოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, როგორ გავაფართოოთ ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და სიღრმე. ვფიქრობ, ძალიან საჭირო და საინტერესო დიალოგი შედგა. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობაზე და, რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი წინასაარჩევნოდ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა.

თავად ბაიდენმა კი დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროატლანტიკური კურსის ერთგულობა საქმით დაამტკიცა.

საქართველოში პრემიერის ვიზიტს აფასებენ და ამბობენ, რომ იგი არანაირი კონკრეტული შედეგის მომტანი არ იქნება. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის თქმით, ეს გაცნობითი სახის შეხვედრა იყო - საქართველოში ახალი ლიდერი გაჩნდა და, ბუნებრივია, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის მისი გაცნობა საინტერესოა.

გარდა ამისა, პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ვიზიტი იმის იდენტიფიცირებასაც ემსახურებოდა, თუ რამდენად რეალურადაა კვირიკაშვილი საქართველოში ძალაუფლების მფლობელი და იგი რეალური ლიდერია თუ "მოგონილი".

"ვფიქრობ, ამ ვიზიტის შედეგად უფრო მეტი შეერთებულმა შტატებმა მიიღო, ვიდრე საქართველომ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ პარტნიორობას ვაგრძელებთ და ეს ბუნებრივია, გარღვევა არაფერია. მათ, უბრალოდ კვირიკაშვილი გაიცნეს და ნახეს, თუ ვისთან აქვთ საქმე - რეალურ პრემიერ-მინისტრთან თუ ნომინალურ ფიგურასთან.

"რა დასკვნები გაკეთდა აშშ-ში მასთან დაკავშირებით, ამას ახლო მომავალში გავიგებთ, სხვადასხვა ფორმით შევიტყობთ. მეტი რა უნდა ჩამოიტანოს, სისტემურის ჩამოტანა დღეს აბსოლუტურად არარეალურია, რადგან აშშ ბევრად უფრო დიდი პრობლემებითაა დაკავებული, ვიდრე საქართველოსთან განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმაა", - აცხადებს ხუხაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენთან შეხვედრისას განხილული საკითხები ეკონომიკური თუ სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებას შეეხებოდა, იგი ამბობს, რომ ეს მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კეთილი სურვილები იყო. რამე კონკრეტული საკითხი კი ვერ გადაწყდებოდა.

"კვირიკაშვილისთვის თაფლობის თვე დასრულდა და რეალური პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო", - დასძენს იგი.

ქართულ დოპლომატიასა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მუშაობას უწუნებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და ამბობს, რომ ვიზიტი კარგად მომზადებული არ იყო. ამბობს, რომ ეს ვიზიტი უფრო მეგობრობის დემონსტრაციად უნდა ჩავთვალოთ - აქ მთავარი არა შედეგი, არამედ ფაქტი იყო, რომ პრემიერის ვიზიტი ამერიკაში შედგა.

"ეს შტატებში კვირიკაშვილის პირველი ვიზიტი იყო. თანაც, ჩვენ სადაც საჭიროა და სადაც საჭირო არაა, ყველგან ვიმეორებთ, რომ ამერიკა ჩვენი ნომერი პირველი სტრატეგიული მოკავშირეა. ვიზიტი კი ზუსტად იმ დღეებში დაიგეგმა, როცა პრეზიდენტი ობამა ვაშინგტონში არ იყო. მასთან შეხვედრა, როგორც ჩანს, თავიდანვე არ იყო დაგეგმილი.

"ყველაზე მაღალი რანგის ადამიანი, ვისაც საქართველოს პირველი პირი შეხვდა, ვიცე-პრეზიდენტი იყო, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. რამდენადაც ვიცი, წამვანი კომიტეტების თავმჯდომარეებსაც ყველას არ შეხვედრია. მაკკეინიც მორიგია, იგი ყველას ხვდება. საქართველოს არაოფიციალური მამაა", - ამბობს ცინცაძე.

პოლიტოლოგი ამ ვიზიტს გაცნობითსაც კი არ უწოდებს, რადგან იგი პრეზიდენტს არ შეხვედრია. მისი აზრით აშკარაა, რომ ჩვენმა საელჩომ და ელჩმა კარგად ვერ იმუშავეს და დასძენს, რომ ეს არც უკვირს, რადგან აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე, მისი აზრით, არაკომუნიკაბელური და დიპლომატიისათვის შეუფერებელი პიროვნებაა.

"შეხვედრას გაცნობითსაც ვერ დავარქმევთ, ვინ გაიცნო? ბაიდენი და მაკკეინი? გაცნობით პირველი პირი - პრეზიდენტი უნდა გაეცნო. ჰილარი კლინტონს მაინც შეხვედროდა. მართალია, ახლა ის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, მაგრამ 15 - წუთიანი გაცნობითი შეხვედრაც ძალიან კარგი იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს ის დიდი ალბათობით ამერიკის მომავალი პრეზიდენტია. მოკლედ, ჩემი აზრი ისაა, რომ ვიზიტი საელჩოს მიერ კარგად მომზადებული არ იყო", - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×