შავი ზღვის პორტებში ნატო საზღვაო მუდმივმოქმედ დაჯგუფებებს განათავსებს
თაკო მათეშვილი
29.04.2016

 ბათუმის პორტი მალე შესაძლოა, ამერიკული სამხედრო ძალების დისლოცირების ადგილი გახდეს. სწორედ ამაზე მეტყველებს, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საქართველოში აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაციის ჩამოსვლა და მათი განცხადება, რომ მათ აინტერესებთ, თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ ბათუმში თავიანთი ტექნიკის გადმოსხმა.

პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან წამოსული სამხედრო აგრესიისაგან თავდაცვის მიზნით ხუთი ქვეყნის: რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოსა და უკრაინის პორტებში ნატო კოალიციური ძალების სამხედრო-საზღვაო მუდმივმოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს განათავსებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესის ხელმძღვანელობით, სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დახვდა.აეროპორტიდან ამერიკელმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ბათუმის პორტში გადაინაცვლეს და მის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

ლოგისტიკის სფეროს ოფიცრებმა კი საქართველოს ლოგისტიკური მომსახურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე პარტნიორ ქვეყნებსა და ნატოს მაღალი სტანდარტით სთავაზობს. მათ შორის, ორმხრივი და მრავალეროვნული საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.

პორტში ვიზიტის დროს საუბარი შეეხო ასევე, საქართველოში მაისში დაგეგმილ სწავლებაში "ღირსეული პარტნიორი" ამერიკული სამხედრო ტექნიკის ბათუმის პორტის საშუალებით შემოყვანას. მხარეებმა ლოგისტიკური თვალსაზრისით, სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

"მათი ვიზიტის მიზანია, ახლოს გაიცნონ ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია საზღვაო პორტებს, ზოგადად, შავი ზღვის აკვატორიაში და მათ შორის, საქართველოშიც", - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ევროპაში აშშ-ის სარდლობის მეთაურმა კი საქართველოში ვიზიტის მიზანზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოფიცრები აშშ-ის ევროპული სარდლობიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნატოდან და ევროპის ქვეყნებიდან. საქართველოში ჩამოვედით, რათა გავეცნოთ ბათუმის პორტის შესაძლებლობებს - თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენი ტექნიკის გადმოსხმა.

 "ჩვენი დელეგაციის შემადგენლობის ნაწილი ლოგისტიკის სფეროს ოფიცრებიც არიან. ჩამოვედით საქართველოში, რათა ვაჩვენოთ თქვენს ქვეყანას, ჩემს კარგ მეგობარს და ძალიან კარგ სამხედროს - გენერალ კაპანაძეს, რომ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, ვაგრძელებთ მუშაობას ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებისთვის.

"მალე საქართველოში ერთობლივი სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი" ჩატარდება. სწორედ ამ ადგილას შემოვა ბულგარეთიდან ბორანით წამოსული აშშ-ის არმიის სატანკო ასეული საქართველოში, რომელიც წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, მსურდა ამ ტერიტორიის ნახვა და გაცნობა", - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.

შავი ზღის აუზში ტურის ფარგლებში, საქართველოს შემდეგ, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის დათვალიერების მიზნით ნატოს წევრ შავი ზღვის აუზის ქვეყნებსაც ესტუმრებიან.

ამ ყველაფერს მოსალოდნელს უწოდებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ამბობს, რომ ცოტა ხანში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე პირველი თემა არა გაფართოების საკითხი იქნება, არამედ ის, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთიდან წამოსული სამხედრო აგრესიისაგან და სხვა ტიპის საფრთხეებისაგან თავის დაცვა.

მისი თქმით, ამ კონცეფციაში ჯდება რუმინეთის ახალი ინიციატივაც, რომელიც ამერიკელების ხელდასმით იქნა გახმოვანებული, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს კოალიციური ძალების სამხედრო საზღვაო მუდმივმოქმედი დაჯგუფებები განთავსდეს, რომლებიც შავი ზღვის აუზის არეალში იმოქმედებენ.

"საუბარი ნატოს წევრ სამ სახელმწიფოზეა - რუმინეთზე, ბულგარეთსა და თურქეთზე. ამ პროექტის ძირითადი ბირთვი ეს სამი სახელმწიფო იქნება. საქართველო და უკრაინა კი, ამ შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული პარტნიორების რიცხვში მოიაზრებიან და ამის გამო გათვალისწინებულნი იქნებიან.

"ვარშავის სამიტზე ამასთან დაკავშირებით ალბათ სპეციალურ კონცეფციას მიიღებენ. შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაშია დისლოცირებული, ახლა სწორედ იმ ფუნქციას ასრულებს, რასაც ნატოს სამხედრო დაჯგუფება შავი ზღვის აკვატორიაში შეასრულებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, სწორედ ამაზეა საუბარი და ბათუმის პორტის გამოყენებაც ამისათვის უნდათ - ტექნიკური ან ლოგისტიკური მიზნებისათვის", - ამბობს მაისაია.

ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, მისი თქმით სწორედ რუსეთისაგან თავის დასაცავად შავი ზღვის პორტების გამაგრებაა. ამბობს, რომ ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას სერიოზულად განიხილავს. ამაზე, ექსპერტის თქმით, ისიც მეტყველებს, რომ ბათუმის პორტი ამ დაჯგუფების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები და ფლოტი არ გააჩნია, რადგან მიხეილ სააკაშვილმა ეს სახეობა საერთოდ გააუქმა. ეს დიდი შეცდომა იყო. ახლა კი, როგორც ჩანს, ამ დანაკლისის შევსებას ცდილობენ. ეს სიახლე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და დადებითია", - დასძენს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×