1991 წლის 30 აპრილი საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. სწორედ ამ დღეს, თბილისის "დინამოს" სტადიონზე ქართული გვარდიის პირველი სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც 500-მდე ახალწვეული მონაწილეობდა. იგი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ და თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა, თენგიზ კიტოვანმა ჩაიბარეს. ასე ჩაეყარა საფუძველი ქართულ არმიას.
ქართული არმიის ოცდახუთწლიანი ისტორია ბევრ დრამატულ, სისხლიან თუ სასახელო მომენტს იტევს. ამ ხნის მანძილზე, ქართულმა არმიამ სამი ომი გადაიტანა. 1990-იან წლებში განვითარებულმა დრამატულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ქვეყანა ჯერ სამოქალაქო, ხოლო შემდეგ კი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების ქარცეცხლში გაჰხვია, შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული რუსული სამხედრო აგრესია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.
მიუხედავად ზემოაღნიშნულ კონფლიქტებში განცდილი მარცხისა, ჯარმა მნიშვნელოვანი სამხედრო გამოცდილება შეიძინა. დაშვებული შეცდომების გააზრება, გაანალიზება და გამოსწორების ცდები კი მის ბრძოლისუნარიანობაზე უდავოდ პოზიტიურად აისახება.
დღესდღეობით ქართული არმიის პირადი შემადგენლობა 21 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. ქართველმა ჯარისკაცებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს არაერთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, სადაც მათმა დისციპლინირებულობამ და პროფესიონალიზმმა დასავლელი პარტნიორების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ჯარი, დაარსებიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ და როგორია მისი პოტენციალი - ამის შესახებ "რეზონანსს" 2002-2008 წლებში ქართული არმიის სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო მიმომხილველი, გიორგი ინაური ესაუბრა.
"2002 წელს, როდესაც ჯარში გამიწვიეს, ვმსახურობდი ადგილას, რომელსაც ყაზარმას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ეს იყო მიტოვებული და ნახევრად დანგრეული შენობების ერთობლიობა. გვეცვა ნახევრად დაძონძილი უნიფორმა, კვებაზე საერთოდ საუბარიც კი ზედმეტია. ოფიცრებში ნიჰილიზმი იყო გამეფებული და ეს ნეგატიური ფონი ჯარისკაცთა ბრძოლისუნარიანობასა და შემართებაზე პირდაპირპროპორციულად ისახებოდა.
"2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისაკენ, თუმცა ბევრი ნაბიჯი, რომლებიც მეტწილად მხოლოდ პიარზე იყო გათვლილი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის გამოყოფილი კოლოსალური ფინანსური რესურსების არამიზნობრივად ხარჯვას იწვევდა. ამას ერთვოდა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მაღალჩინოსნის მიერ სხვადასხვა კორუფციული გარიგებით თანხების მიტაცებაც.
"იმ ფინანსური ინვესტიციით, რაც თუნდაც 2004-2008 წლებში განხორციელდა არმიაში, ხარისხობრივად უკეთესი, უკეთ აღჭურვილი და ორგანიზებული არმიის შექმნა შეიძლებოდა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოსათვის და შესაბამისად, იმ ავადსახსენებელი ომის შემდეგ ქართული ჯარიც და საზოგადოებაც უფრო თავაწეული იქნებოდა და რუსებსაც ეს აგრესია გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებოდათ", - თქვა ინაურმა "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს პოლიტიკური ელიტის მხრიდან ქართული არმიის საქმიანობაში ჩარევა არ ხდება, უდავოდ მისასალმებელია. არმიის მთავარ პრობლემად კი იგი თანამედროვე შეიარაღების სიმცირეს მიიჩნევს.
"სამწუხაროდ, დღეს ქართული არმია თანამედროვე შეიარაღების სიმცირეს განიცდის. ეს ფაქტი კი რეგიონში მიმდინარე რთული პროცესების გათვალისწინებით, რომ არაფერი ვთქვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზებზე, შემაშფოთებელია.
"საქართველოს დღეს პრაქტიკულად არ ჰყავს სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალები, საჰაერო სივრცე და საზღვაო აკვატორია პრაქტიკულად უკონტროლო და დაუცველია. სამწუხაროდ, ჩვენი არსენალი ვერც ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების სიმრავლითა და თანამედროვეობით ვერ დაიკვეხნის.
"კარგია, რომ ჯარისკაცს ღირსეული ანაზღაურება აქვს. კარგია, რომ თავდაცვის უწყება მაქსიმალურად გამჭვირვალეა საზოგადოებისათვის. ამ მხრივ პროგრესი არნახულია, მაგრამ არმიას მეტი ფინანსები სჭირდება, მეტ ფინანსებს კი უფრო ძლიერი ეკონომიკა, რაც ამ ეტაპზე სამწუხაროდ გადაუჭრელი ამოცანაა", - თქვა ინაურმა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დასაწყისში პორტალმა "პდწიფდ აშკუზწცუკ"-მა მსოფლიოს ქვეყნების შეიარაღებული ძალების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალები სამხრეთ კავკასიაში უსუსტესია და აზერბაიჯანს მნიშვნელოვნად, სომხეთს კი მცირედით ჩამორჩება. რეიტინგში აზერბაიჯანმა 64-ე ადგილი (1,5221 სარეიტინგო ქულა), სომხეთმა 74-ე ადგილი (1,8231 სარეიტინგო ქულა), საქართველომ კი 75-ე ადგილი (1,8434 სარეიტინგო ქულა) დაიკავა.