ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის თქმით, ამჯერად ორმხრივი მოლაპარაკება ოშკზე მიმდინარეობს
სალომე სარიშვილი
30.04.2016

 ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე იშხნის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძეგლზე თურქმა სპეციალისტებმა როგორც ფიზიკური, ისე კედლის მხატვრობის სამუშაოები დაასრულეს. ამის შესახებ "რეზონანს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს და დასძინეს, რომ ამჯერად ორ მხარეს შორის მოლაპარაკება თურქეთში მდებარე სხვა ქართული ძეგლებისა და საქართველოში ოსმალური ძეგლების აღდგენის საკითხზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" მეშვეობით, თურქეთის რეგიონალურ გვერდზე - "იშხან ქოიუ"-ზე უკვე აღდგენილი იშხნის სამონასტრო კომპლექსის ფოტოც გავრცელდა.

საგულისხმოა, რომ ფოტო-მასალაზე მხოლოდ ძეგლის საერთო სურათია ნაჩვენები, ხოლო რაც შეეხება ფრესკებსა და კედლის მხატვრობას, რაზეც სამეცნიერო წრეებში ბევრს საუბრობდნენ, კერძოდ კი მის არაჯეროვნად შესრულებაზე, ფოტოზე მისი ნახვა შესაძლებელი არაა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი ამბობენ, რომ იშხნის ძეგლზე სამუშაოები მცირე ხარვეზებით, თუმცა მაინც წარმატებულად დასრულდა, რაც, მათივე შეფასებით, ძალზედ მნიშვნელოვანია.

როგორც "რეზონანსს" ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, ძირითადი ხარვეზი კომპლექსზე კედლის მხატვრობის ნაწილში შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება, რადგან თურქმა სპეციალისტებმა ფრესკები მათივე მეთოდოლოგიით შეასრულეს, რაც ჩვენს მიერ შერჩეული მეთოდებისგან განსხვავებულია.ანთიძე ფიქრობს, რომ ეს მაინცდამაინც დიდ პრობლემად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან რეაბილიტაციის დასრულება თავისთავად ძეგლის გადარჩენას გულისხმობს და ეს ფაქტი უკვე წარმატებულ შედეგზე მეტყველებს.

"იშხნის ძეგლზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და საკმაოდ წარმატებულადაც. ცხადია, მცირე ხარვეზები არის, რადგან თავად რეაბილიტაციის სკოლა განსხვავებულია. მაგალითად, ჩვენ მხატვრობას იტალიური მეთოდებით ვუდგებით, თუმცა არსებობს სხვადასხვა სკოლა, რომლებიც მხატვრობის აღდგენას სხვაგვარად ითვალიწინებს.

"გარკვეული სამუშაოები იშხნის გუმბათის ყელში სხვა სკოლით ჩატარდა, თუმცა, დეტალურად მისი ნახვის შესაძლებლობა დასრულებამდე არ მოგვეცა, რადგან მისვლისას ხარაჩო უკვე აღარ იდგა. საბოლოო ჯამში, ძეგლი გადარჩა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ცხადია, არსებობს მცირე ხარვეზები და მესმის, რომ ეს სამწუხაროა," - ამბობს ანთიძე.

რაც შეეხება ტაო-კლარჯეთში არსებული სხვა ქართული ძეგლების რეაბილიტაციის საკითხს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკება ორ მხარეს შორის ოშკის ტაძარის აღდგენაზე მიმდინარეობს, რაც სამომავლოდ სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვასაც გულისხმობს.

ამბობს, რომ მხარეებს შორის ორმხრივი მოლაპარაკება საქართველოში მდებარე ოსმალური ძეგლების რეაბილიტაციის საკითხზეც მიდის, რაშიც ასევე თურქი სპეციალისტების აზრი იქნება გათვალისწინებული.

"ჩვენი ინფორმაციით, თურქულ მხარეს ოშკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული. ჩემი და კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის ბოლო ვიზიტისას მათთან საუბარი არა მხოლოდ ძეგლებზე, სხვა ბევრ საკითხზეც გვქონდა. აქ იგულისხმება მთლიანად კულტურის მიმართულებით თანამშრომლობა და სხვა. სწორედ მაშინდელი ვიზიტისას შეგვპირდნენ, რომ ოშკის პროექტს ჩვენც გადმოგვიგზავნიან, ამიტომ ამ ეტაპზე ძეგლზე ფიზიკური სამუშაოები დაწყებული არაა.

 "ზოგადად, ჩვენ ვცილობთ ყველა საკითხზე შეთანხმებას მივაღწიოთ და ძეგლების ერთიანი ინვენტარიზაცია მოვახდინოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო ამ პროცესის შემდეგ თურქულ მხარეთან ერთად ვიფიქრებთ, საქართველოში ოსმალური და თურქეთში ქართული ძეგლების რეაბილიტაციის დაგეგმვაზე," - ამბობს ანთიძე და დასძენს, რომ ამგვარი შეთანხმება ნაცვალგებით პრინციპს სულაც არ გულისხმობს, არამედ ესაა ინფორმაციის გაცვლა და ერთმანეთის ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა.

"ოშკთან დაკავშირებით პროექტს უახლოეს მომავალში ველოდებით, თუმცა, აქ საუბარი მხოლოდ სატენდერო პირობებზე არაა, აქ საუბარია უშუალოდ პროექტის გაზიარებასა და ჩვენი აზრის მოსმენაზე. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ამაზე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ იზრუნა.

"როგორც თურქულ მხარეს, ისე ჩვენც გარკვეული რეკომენდაციები გვაქვს. იმავე აჰმადის მეჩეთის რეაბილიტაციის საკითხზე ჰქონდათ მათი რეკომენდაცია, როგორც ჩვენ იშხნის მონასტრის შემთხვევაში. შემიძლია გითხრათ, რომ ორივე მხრიდან ხარვეზები მაქსიმალურადაა გამოსწორებული, ხოლო რეკომენდაციები გაზიარებული. იმ მიზნით, რომ საქმე რეკომენდაციის საკითხამდე არ მივიდეს, გადაწყდა, რომ ოშკის საპროექტო გეგმა წინასწარ, ფიზიკური სამუშაოების დაწყებამდე ვნახოთ.

"რაც შეეხება ქართველი სპეციალისტების მომავალ სამუშაოებში ჩართვას, საპროექტო გეგმის გაცნობა უკვე ჩართვას გულისხობს და პრაქტიკულად, ეს უკვე გარანტიაცაა. ამდენად, ორმხრივი შეთანხმების შედეგად ძეგლის რეაბილიტაცია ჩვენი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ისევე, როგორც ოსმალურ ძეგლებზე მათი სპეციალისტებისა.

"მაგალითად, რაბათში უკვე მომზადდა პროექტი, რომელიც წყვილი აბანოს რესტავრაციის დაწყებას გულისხმობს. მაქსიმალურად ვეცდებით მათი თხოვნები გავითვალისწინოთ, ცხადია, ის, რაც შესაძლებელია. სხვა ძეგლებზე კი ეტაპობრივად ვიმუშავებთ, რადგან ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია," - უთხრა "რეზონანსს" ნიკოლოზ ანთიძემ.

"რეზონანსი" შეეცადა იშხნის სამონასტრო კომპლექსზე შესრულებული სამუშაოებზე შეფასება სხვადასხვა ხელოვნებათმცოდნეებისგან მოესმინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი ამ საკითხზე დეტალურად ინფორმირებული არაა, ამიტომ მათ შეფასებისგან თავის შეკავება არჩიეს.

დამატებითი ცნობები არ გააჩნია არც ისტორიკოსების ნაწილს, რადგან, მათი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ აუცილებელია ძეგლის დეტალურად დათვალიერება.

ისტორიკოს ბუბა კუდავას ინფორმაციით, გარდა იშხნისა, ტაო-კლარჯეთში სხვა ძეგლებზე არანაირი სამუშაოები დაწყებული არაა, ხოლო იშხანზე უკვე დასრულებულ სამუშაოების დეტალებზე ქართველი სპეციალისტები ისევ არ არიან ინფორმირებული.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იშხნის ძეგლი არ მინახავს. რამდენადაც ვიცი, იქ ბოლოს შიდა ტერიტორიაზე არც უშვებდნენ, ამიტომ დამატებითი ახალი ინფორმაცია არ მაქვს. ერთადერთი, რაც ვიცი ისაა, რომ სხვა ძეგლებზე ამ ეტაპზე არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა, ხოლო იშხანს შესაფასებლად დეტალური დათვალიერება უნდა. ამიტომ ასე ზედაპირულად და თანაც დისტანციურად შეფასება ძალიან რთულია. სამწუხაროა, რომ ქართული მხარე ამ პროცესში ჩართული ისევ არაა," - გვითხრა ბუბა კუდავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×