პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე 9 მაისის მოახლოებასთან ერთად ექსცესების გახშირებას ვარაუდობს და ამბობს, რომ სწორედ ამას ემსახურებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან ოკუპაციის სიმბოლოდ აღიარებული გეორგიევსკის ლენტებითა და რუსული დროშებით მორთული ავტომობილებით შემოვიდნენ.
აქვე დასძენს, რომ გეორგიევსკის ლენტს ორივე მხარე - რუსულიცა და ქართული ჯგუფები - სათავისოდ იყენებს და საკუთარი მიზნების რეალიზებისათვის პროვოკაციებსაც არ ერიდებიან.
"რეზონანსთან" ინტერვიუში არეშიძე ამომრჩევლების სადავო რაოდენობასაც ეხება.
"რეზონანსი": სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციას, რომ ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია, ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემი გაყალბებულია და არათუ ამომრჩეველი, საქართველოს მოსახლეობაც კი არაა ამდენი.
მამუკა არეშიძე: როგორც ვიცი, ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 3 მილიონ 700 ათასია. ეს იმ ადამიანთა რიცხვია, რომლებიც საქართველოში ცხოვრებენ. 3 მილიონ 500 ათას ამომრჩეველში კი ისინიც იგულისხმებიან, ვინც საქართველოდან დროებით გასულია. მოსახლეობისა და ამომრჩევლის რაოდენობას შორის სხვაობა ნახევარი მილიონი მაინც უნდა იყოს. საქართველოს მოქალაქეები ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ და თუკი ელემენტარულ მათემატიკას მოვიხმართ, დავასკვნით, რომ ასეა.
ამომრჩეველთა ეს რაოდენობა - 3 მილიონ 500 ათასი ჯერ კიდევ წინა არჩევნებიდან მახსოვს და ოპოზიცია ამას მაშინაც აპროტესტებდა. ოღონდ მაშინ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციონერები იყვნენ.
"რეზონანსი": ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. არადა, როგორც ცნობილია, რუსეთში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს.
მ.ა: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და არ ვიცი, საარჩევნო ყუთები როგორ განაწილდება. შეიძლება შვეიცარიის წარმომადგენლობასთან კიდევაც გაიხსნას უბანი, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ყუთი იქნება. ერთ საარჩევნო უბანს კი კანონით მხოლოდ 1500-მდე მოქალაქის მიღება შეუძლია. შვეიცარიის წარმომადგენლობასთან ერთი უბანი რომც გაიხსნას, ეს არაფერს ცვლის, რადგან ჩვენი მოქალაქეები მთელ რუსეთში არიან მიმოფანტული.
არ ვიცი, როგორ მოხდება სხვა ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ბევრ ქვეყანაში საარჩევნო უბნები მხოლოდ ერთ ადგილას - საელჩოსთანაა ხოლმე გახსნილი. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საელჩოსთან და ზოგჯერ საკონსულოსთანაცაა ხოლმე გახსნილი, მაგრამ პოტენციური ამომრჩეველი ხომ მთელ ქვეყანაშია მიმოფანტული.
სულ რომ გადაკარგულში იყოს საქართველოს მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შანსი მაინც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ის ამომრჩეველში მაინც უნდა ჩათვალო.
"რ": როგორც გაირკვა, საქართველოში მყოფი ამომრჩევლებიდანაც 200 ათასამდე ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მათ ნაწილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვს წესრიგში (ნაწილი რელიგიური მოსაზრებების გამო არ იღებს აიდი ბარათს), გარკვეულ კატეგორიას კი მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნია და ამის გამო ვერც ერთ უბანზე ვერ რეგისტრირდება. 200 ათასი ადამიანი ამომრჩეველთა, დაახლოებით, 6 პროცენტია. როგორ უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ ეს პრობლემა?
მ.ა: პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ რაც არ უნდა არეული ჰქონდეს ადამიანს საბუთები, იგი ამომრჩეველთა საერთო სიაში მაინც უნდა იყოს ჩართული. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მან უნდა მოახერხოს და ეს მასა მინიმუმამდე დაიყვანოს.
თხოვნითა თუ მოწოდებით უნდა მოახერხონ და ადამიანებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოაწესრიგებინონ. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენ ადამიანს არ უნდა რელიგიური მრწამსის გამო აიდი ბარათების აღება. ამ 200 ათასი ადამიანიდან ყველა კატეგორიის ზუსტი რაოდენობა უნდა ვიცოდეთ. ვისაც მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ აქვს, იმათი ბედიც განსაზღვრული უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გადამოწმდნენ ეს ადამიანები - არსებობენ თუ არა?
წინა ხელისუფლების პირობებში გარდაბანში, სადაც მე ვიყრიდი კენჭს, არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი ფორმა სწორედ ეს იყო - ქალაქში, სხვადასხვა ოჯახზე მიწერილი იყვნენ ადამინები, რომელთაც თითქოსდა მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდათ. რეალურად კი ისინი არ არსებობდნენ. ასეთი შეცდომა დღევანდელმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს.
"რ": 9 მაისის მოახლოებასთან დაკავშირებით დაძაბულობა შეიმჩნევა. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში რუსეთიდან გეორგიევსკის ლენტებითა და რუსული დროშებით მორთული ავტომანქანები შემოვიდნენ. ელოდებით თუ არა დაპირისპირებასა და არეულობას?
მ.ა: 9 მაისთან დაკავშირებით არეულობის მოლოდინი არ მაქვს, თუმცა გარკვეულ ექსცესებს არ გამოვრიცხავ. წინა შემთხვევებიც გვახსოვს - ადამიანებთან, რომლებიც ქვეყანაში გეორგიევსკის ლენტებით შემოდიოდნენ, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონფლიქტი და დავა ჰქონდათ. რა თქმა უნდა, გეორგიევსკის ლენტებით შემოსული ადამიანები ორგანიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ.
ახლახან გახლდით მოსკოვში და ძალზე იშვიათად თუ გვხვდებოდა მანქანა, რომელსაც უკანა მინაზე გეორგიევსკის ლენტი ჰქონდა მიმაგრებული. აქ ვინც ამ ლენტით შემოდის, გასაგებია, რომ კონკრეტული მიზანი ამოძრავებს. არ ვფიქრობ, რომ პროვოკაციას უნდა ავყვეთ და ამ ლენტების გამო გაწევ-გამოწევა არ უნდა მოვაწყოთ.
სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, რატომაა გეორგიევსკის ლენტი ოკუპაციის სიმბოლოდ აღიარებული. იგი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთანაა დაკავშირებული. უბრალოდ, ვიღაცას სჭირდებოდა, რომ მაინცდამაინც ეს ლენტი აღქმულიყო ოკუპაციის სიმბოლოდ.
როგორც რუსული მხარე ცდილობს, გეორგიევსკის ლენტს პროვოკაციული დატვირთვა მისცეს, ისე ცდილობს საქართველოშიც ვიღაცა, რომ ეს ოკუპაციის სიმბოლოდ იყოს აღქმული. ორივე მხარეს არსებული ეს ჯგუფები სათავისო მიზნების რეალიზაციისათვის შეგნებულ პროვოკაციაზე მიდიან.