ეროვნული ვალუტა 2,20-ის ნიშნულს პირველად ჩამოსცდა
მარი ჩიტაია
05.05.2016

 ლარი ბოლო 14 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. "ბლუმბერგის" ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში გუშინ კურსი 2,1970-მდე დაეშვა, რაც 2015 წლის მარტის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. როგორც "რეზონანსი" ვარაუდობდა, კურსი გამყარებას გააგრძელებს, ამას უკვე მთავრობაშიც დაუფარავად ადასტურებენ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ყველა წინაპირობა არსებობს. მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ლარი აუცილებლად გამყარდება.

"ყველა წინაპირობა არსებობს როგორც ფუნდამენტურად, ისევე განწყობის კუთხით. რაც შეეხება კონცერტებს და პროგრამა "ჩექ ინ ჯორჯიას", მოგეხსენებათ, ეს არის 35 ფესტივალი. ეს მოქმედებს როგორც საერთაშორისო ტურიზმის, ასევე შიდა ტურიზმის განვითარებაზე", - აცხადებს ქუმსიშვილი.

თავის მხრივ, ლარის მიმართ იმედიან განწყობას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც ინარჩუნებს. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის შეფასებით, 2015 წლის ძირითადი გამოწვევა საგარეო შოკი იყო. ამ გამოწვევას ქვეყანამ შედარებით უკეთ გაუძლო, ვიდრე შეიძლებოდა სხვა სიტუაციაში ყოფილიყო.

"ეს იყო რთული წელი, თუმცა სირთულეს წარმატებით გავართვით თავი. რაც დრო გავა, ეს უფრო მეტად გამოჩნდება. ძირითადი გამოწვევა საგარეო შოკი იყო. ქვეყანამ ამას გაუძლო", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ ექსპერტებიც, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ კურსი მალე 2,2 ნიშნულს ჩამოსცდება. ამისათვის ერთ-ერთი პირობა ეკონომიკური ზრდაა. ყველაზე დიდ იმედს ისინი ტურიზმის სექტორზე ამყარებენ და ფიქრობენ, რომ იქ მოპოვებული წარმატება ქვეყნის ეკონომიკას უკეთესობისკენ შემოატრიალებს.

როგორც "გალტ ენდ თაგარტის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ვარაუდობს, ეკონომიკის ზრდა წელს საქართველოში 4%-ს გადააჭარბებს და შესაძლოა, 5%-საც მიაღწიოს. დადებითი ტენდენცია უკვე გამოკვეთილია, ეკონომიკა შემოტრიალდა, როგორც რეგიონის ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც, სადაც ზრდა უფრო დიდი იქნება.

გაჩეჩილაძემ აქცენტი გააკეთა ტურიზმსა და ვიზიტორების ზრდის დადებით დინამიკაზე. "დამატებით 500 000 ტურტისტი რომ ჩამოვიდეს რუსეთიდან, ეს საკმარისი იქნება, რომ მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე, ეკონომიკა 2,5%-3%-ით გაიზარდოს. გარდა ამისა, მოსალოდნელია სხვა კუთხითაც მატება - სავალუტო შემოდინებები და ლარის გამყარება", - ამბობს გაჩეჩილაძე და დასძენს, რომ ლარის უფრო მკვეთრი გამყარება არ არის კარგი, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა მეტი უცხოური ვალუტა უნდა შეისყიდოს.

"შესაძლოა მთლიანობაში ძალიან კარგი წელი მივიღოთ. რეზერვები შეგვევსება 300-დან 500 მილიონ დოლარამდე, თუ ლარი არ გაამყარეს ზედმეტად, რაც ჩემი აზრით, შეცდომა იქნება", - აღნიშნავს ბანკირი.

მართალია, სპეციალისტებს გრძელვადიან პერიოდში ლარის გამყარებასთან დაკავშირებით პროგნოზის კეთება უჭირთ, თუმცა ოდნავადაც არ აეჭვებთ, რომ მოკლევადიან პერიოდში კურსი კიდევ უფრო გამყარდება. ეს პროცესი, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის განმარტებით, სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული.

"უახლოეს დღეებში ლარი კიდევ გამყარდება. რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, ცალსახად საუბარი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ზოგადად, მაისი არ არის გამორჩეული თვე, თუმცა კონცერტებია დაგეგმილი, რაც ტურისტების რაოდენობას გაზრდის. რომ დავაკვირდეთ პროცესებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და რუსეთში შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ექსპორტი გაიზრდება. ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება", - აღნიშნავს ბესო ნამჩავაძე.

მიუხედავად ამისა, ეკონომისტი ფიქრობს, ლარი 2-იან ნიშნულს ზაფხულშიც ვერ ჩამოსცდება. "მთავარი და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეროვნული ბანკი ვალუტის გამყარებას ხელს შეუშლის, არის ის, რომ ეს იქნება სწრაფი, მნიშვნელოვანი გამყარება, მაგრამ დროებითი პროცესი", - განმარტავს ნამჩავაძე.

მომავალ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტს 2015 წლის ანგარიშს წარუდგენს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აშშ-ის დოლარის მიმართ ლარის კურსის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა წინა წლებში დაფიქსირებული ლარიზაციის ზრდა, განსაკუთრებით დეპოზიტების შემთხვევაში.

"2015 წლის პირველ სამ კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი იზრდებოდა, თუმცა ოქტომბრიდან ტენდენცია შეიცვალა და ლარიზაციის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო. ეს ფაქტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად ლარით გაცემულ სესხებზე პროცენტის მატებას უკავშირდება, რითაც პროცენტული სხვაობა უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებთან შედარებით გაიზარდა. საბოლოოდ, სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი 2015 წელს, გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გამოკლებით, 2.1 პროცენტული პუნქტით - 35.6%-მდე გაიზარდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეპოზიტების ლარიზაცია წლის პირველ ნახევარში, კურსის გაუფასურების მიუხედავად, სტაბილური იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში შემცირდა და წლის ბოლოს 31%-ს მიაღწია", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×