დემაგოგი, გარეწარი, მოსყიდული, პროვოკატორი, გამყალბებელი, ნაგავი, ნაბი.....ი - მსგავსი შეურაცხმყოფელი სიტყვები გუშინ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე ისმოდა, რომელსაც აკადემიკოსები, წევრ-კორესპონდენტები და მეცნიერები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აკადემიის წევრის, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავდნენ, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.
3-საათნახევრიანი შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში წარიმართა. სიტყვით 23 მომხსენებელი გამოვიდა. აკადემიკოსები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდნენ. მათ აღშფოთებას კანონპროექტში შესული რამდენიმე პუნქტი იწვევდა და ასევე ისიც, რომ, მათი თქმით, იგი აკადემიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
რას გულისხმობს კანონპროექტი
როგორც განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიზანია გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა და მათი ჩართვა აკადემიის საქმიანობაში; ასევე, აკადემიის სტატუსის, ადმინისტრაციული პერსონალის სამართლებრივი მდგომარეობისა და მართვის ორგანოების უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრა.
კანონპროექტი ითვალისწინებს აკადემიის მიერ გრძელვადიანი (5-წლიანი) სამეცნიერო სტიპენდიების დაწესებას და წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტის სტიპენდიანტთა ინსტიტუტით ეტაპობრივ ჩანაცვლებას. წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიანტთა საერთო რაოდენობა 40-ს არ უნდა აღემატებოდეს. კანონის ამოქმედების შედეგად 9 სტიპენდიანტი აირჩევა, რადგან ამჟამად აკადემიაში 31 წევრ-კორესპონდენტი ირიცხება.
სტიპენდიანტად კი შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, ასაკით არაუმეტეს 50 წლისა.
კანონპროექტის კიდევ ერთი არსებითი სიახლე ისაა, რომ მეცნიერებათა აკადემიაზე სახელმწიფო კონტროლი მთავრობას უნდა ეკისრებოდეს და არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს.
ასევე, კანონპროექტის თანახმად, აკადემიას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტი (ამჟამად ჰყავს ორი). ამასთან, ადმინისტრაციულ, ანუ პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, თანამდებობაზე შეიძლება იყოს წევრი, რომლის ასაკი 70 წელს არ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ აკადემიის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი კვესტაძეცა და ვიცე-პრეზიდენტებიც - როინ მეტრეველი და თემურ ნანეიშვილი - 70 წელს გადაცილებული არიან.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, იგი სექტემბრიდან ამოქმედდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა თანამდებობები უნდა დატოვონ. ისინი ვადის ამოწურვამდე დარჩებიან პოსტებზე, თუმცა მომდევნო არჩევნებში, 2018 წელს, კენჭს ვეღარ იყრიან.
აკადემიკოსების არააკადემიური კრება
განხილვას აკადემიის პრეზიდენტი და წევრები ესწრებოდნენ. მათ შორის, როინ მეტრეველი, ლადო პაპავა, მარიკა ლორთქიფანიძე, ივანე კიღურაძე, მზექალა შანიძე და ა.შ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას ვერ დაესწრო ვიცე-პრეზიდენტი თემურ ნანეიშვილი.
აკადემიკოსებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, ირაკლი ჟორდანიამ გააცნო. მანამდე შეკრებილებს პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემაც მიმართა.
მისი თქმით, პროექტი აკადემიასთან შეთანხმებული არ ყოფილა და მხოლოდ იმის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ცვლილებები პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამაზე მან "რეზონანსთანაც" ისაუბრა.
მისი თქმით, ახალ კანონპროექტს ფუნდამენტური განხილვა და შესწავლა სჭირდება. მასში ზოგ რამეს კატეგორიულად არ ეთანხმებიან, ზოგზე მსჯელობა შეიძლება, ზოგი კი მოსწონთ.
"ჩვენზე პატარა ეროვნული აკადემია არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ აქვს. სულ 110 წევრია. მათგან 70 აკადემიკოსია, 40 - წევრ-კორესპონდენტი. ვანო კიღურაძე გვთავაზობს, რომ წევრ-კორესპონდენტები გადავიყვანოთ მილევად რეჟიმში, მათ ნაცვლად კი ავიყვანოთ სტიპენდიანტები. საქმე ისაა, რომ ეს იწვევს აკადემიის წევრების შემცირებას, 110-ის ნაცვლად გვეყოლება 70. ეს პრინციპულად მიუღებელია. სტიპენდიანტი კი აკადემიის წევრად ვერ ჩაითვლება.
"ასაკობრივ შეზღუდვას რაც შეეხება - ნიკო მუსხლიშვილი, ილია ვეკუა, ევგენი ხარაძე, ალბერტ თავხელიძე, თამაზ გამყრელიძე - ყველა 70 წელზე გაცილებით ასაკოვანი იყო. თუკი კაცი ფიზიკურად კარგადაა, ეს ასაკობრივი დისკრიმინაცია რა საჭიროა?" - გვითხრა კვესიტაძემ.
ამის შემდეგ სიტყვით თავად კანონპროექტის ავტორი ივანე კიღურაძე გამოვიდა. მისი თქმით, ცვლილებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვას, მათი მხარდაჭერის ეფექტური მეთოდების შემუშავებას და აკადემიის საქმიანობაში აქტიურ ჩართვას; სტიპენდიანტთა ინსტიტუტის შემოღება კი წევრ-კორესპონდეტთა ინსტიტუტს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.
კიღურაძის გამოსვლას დარბაზიდან უკმაყოფილო შეძახილები და რეპლიკები მოჰყვა. ზოგი მას აკადემიის დაღუპვის მცდელობაში ადანაშაულებდა: "შენ ღუპავ აკადემიას", "გამოვალ და გაჩვენებ ვინ რას ღუპავს", "არ გინდა პროვოკაციები", "შენ არჩევნების გამყალბებელი ხარ", "მოსყიდულო", "იმის გაკეთებას აპირებ, რაც სააკაშვილმა ვერ გააკეთა" - ისმოდა დარბაზიდან კიღურაძის მისამართით და ასევე კიღურაძისგან დარბაზში მსხდომი ზოგიერთი წევრისადმი.
"აკადემიას ვინც ღუპავს, ეგ მე ვიცი," - განაცხადა ივანე კიღურაძემ, რასაც დარბაზიდან მალხაზ გულაშვილის, ასევე გიორგი გიგაურის შეკითხვები მოჰყვა. ისინი კიღურაძეს სთხოვდნენ დაესახელებინა, ვინ ღუპავდა აკადემიას.
"საჭიროდ არ მიმაჩნია თქვენ პირადად ამ კითხვაზე პასუხი გითხრათ," - უპასუხა კიღურაძემ.
მას განსაკუთრებულად მწვავედ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე დაუპირისპირდა. მას გიორგი კვესიტაძისა და როინ მეტრეველისადმი პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ კანონპროექტი სწორედ მათ გადადგომას ემსახურება.
რაც შეეხება თემურ ნანეიშვილს, რომელიც კიღურაძის მეგობარია, კრების დამსწრეთა ნაწილის აზრით, კიღურაძემ იგი კონკრეტული მიზნებისათვის "გაწირა".
სიტყვით გამოსვლისას ელიზბარ ჯაველიძემ სტიპენდიის ინსტიტუტის შესაძლო დაწესება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამით წევრ-კორესპონდენტის სტატუსით გარდაცვლილი ქართველი მეცნიერების უგულებელყოფა მოხდება.
"აქ არის შეთქმულება, ოთხი წელია ივანე კიღურაძე ეროვნულ აკადემიას ებრძვის. ნათქვამი აქვს, რომ სანამ კომიტეტის თავმჯდომარეა, პარლამენტში აკადემიიდან არც ერთი წინადადება არ გავა," - განაცხადა ჯაველიძემ.
მისმა ნათქვამმა დარბაზში მყოფი გოგი ჩაგელიშვილი აღაშფოთა და სიტყვიერ კამათსა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა. "შენნაირების გამო აგინებენ აკადემიას" - მიმართა მან ჯაველიძეს. კამათში კიღურაძეც ჩაერთო და ჯაველიძეს "მოსყიდული" უწოდა. პასუხად კი ჯაველიძემ, "მოსყიდული შენ ხარ, შე უბედურო"-ო, მიუგო.
"თქვენ რომ შევარდნაძეს ერთ ადგილს ულოკავდით და არჩევნებს უყალბებდით, მე ვიბრძოდი. სულელები ხართ ყველა," - აცხადებდა ჯაველიძე.
ჯაველიძესა და ჩაგელიშვილს შორის გაწევ-გამოწევაც იყო. ისინი აკადემიის სხვა წევრებმა შეაჩერეს - "ეს ნაგავი, ნაბ...ი, რას ბედავს," - ისმოდა აკადემიკოსების მხრიდან.
მოგვიანებით, ელიზბარ ჯაველიძე ჟურნალისტებსაც ესაუბრა და თქვა, რომ კანონპროექტი აკადემიკოსების ზურგს უკანაა შექმნილი, კიღურაძე იმ დღიდან, რაც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, აკადემიას, გიორგი კვესიტაძესა და როინ მეტრეველს ებრძვის, იმის გამო, რომ "მის დაკრულზე არ ცეკვავენ".
"მე კი განსაკუთრებით მემტერება, რადგან წერილი დავუწერე და არჩევნების გაყალბებაში ვამხილე. შევარდნაძის დროს არჩევნები მან გააყალბა. ხათუნა გოგორიშვილი მისი სტუდენტია. ეს კაცი ავადმყოფია. ჩვენი შენიშვნები თუ არ გაითვალისწინეს, ბრძოლას ვაპირებ. მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძვი, ჯერ შევარდნაძის ხელისუფლებას ვებრძოდი, მერე სააკაშვილისას და თუ არ გაითვალისწინეს, ამათაც ბრძოლას დავუწყებთ და ეგ იქნება," - უთხრა მან "რეზონანსს".
შეხვედრაზე აზრი სხვა აკადემიკოსებმაც გამოთქვეს. მათი უმეტესობა კიღურაძის კანონპროექტს უპირისპირდებოდა. მათ შორის იყო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ლადო პაპავაც, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ კანონპროექტში ზოგი რამ მოსწონს, მაგალითად აკადემიის მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლის იდეა, მაგრამ ზოგი მუხლი მიუღებელია.
"ბევრი რამ, რაც თავის დროზე "ნაციონალებმა" ჩაწერეს კანონში, პირდაპირაა გადმოწერილი. "ნაცმოძრაობამ" აკადამიას დარტყმა მიაყენა და წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტი გაუქმების მდგომარეობაში ჩააყენა. იმის ნაცვლად, რომ "ოცნებას" ეს ინსტიტუტი მოდიფიცირებულად აღედგინა, ჩემთვის ბევრი კითხვის გამჩენი სტიპენდიანტის ინსტიტუტი შემოიტანა. სტიპენდიანტი წევრ-კორესპონდენტს ანაცვლებს. ლოგიკური იქნებოდა, ორივე იყოს. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. გამორჩეულ ახალგაზრდა მკვლევარებს სტიპენდიები მივცეთ, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ წევრ-კორესპონდენტები აღარ იყვნენ.
"მთავარი კი აკადემიის ხელმძღვანელების ასაკობრივი დისკრიმინაციაა. ამას დისკრიმინაციად არ ჩავთვლიდი, პიროვნული პრობლემიდან რომ არ იყოს გამომდინარე. თუკი დღეს კანონპროექტის ავტორს აკადემიის ხელმძღვანელობა არ მოსწონს, ამის გამო კანონში ცვლილება არ უნდა შეიტანოს.
"აკადემიის პრეზიდნტი თამაზ გამყრელიძე რომ ყოფილიყო, კანონში ეს ჩანაწერი არ გაჩნდებოდა. 2013 წელს, არჩევნების დროს ბატონი თამაზი 80 წელს გადაცილებული იყო, მაგრამ ბატონი ვანო მის კანდიდატურას მაინც მხარს უჭერდა. ბევრი უჭერდა მხარს, მაგრამ 4-5 ხმა დააკლდა და კვესიტაძე გავიდა. მოგვწონს თუ არა, შემდეგი არჩევნები 2018 წელსაა. პარლამენტს ვადა რომ გასდის და საჩქაროდ კანონს იღებ, ეს ჩემთვის მიუღებელია. ამას პიროვნული კონფლიქტის სუნი სდის და არა საქმის ინტერესებისა," - განაცხადა პაპავამ.
ხმაურიანი სხდომის დასასრულს აკადემიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც კანონპროექტზე დასკვნას მოამზადებს. კომისიის წევრები იქნებიან ირაკლი ჟორდანია, ლადო პაპავა, გია ჯაფარიძე, უჩა კვარაცხელია, გივი ჯაფარიძე და ავთანდილ კორახაშვილი. გიორგი კვესიტაძის თქმით, აკადემიკოსები ერთი კვირის შემდეგ კვლავ შეიკრიბებიან და კანონპროექტთან დაკავშირებით კომისია მათ შემუშავებულ დასკვნას გააცნობს.