"ნაციონალური მოძრაობიდან" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წასვლას გუშინ დიდი რეზონანსი მოჰყვა. ვაშაძემ ეს გადაწყვეტილება პარტიაში სიახლეების ნაკლებობით ახსნა, თუმცა "ნაცმოძრაობაში" განაცხადეს, რომ იგი საარჩევნო სიის პირველ ათეულში ვერ მოხვდა, რის გამოც პარტია დატოვა.
პარტიიდან წასვლის შემდეგ, ვაშაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაც დააანონსა, თუმცა არ უთქვამს, ვისთან ერთად აპირებს ახალი გუნდის შექმნას.
გუშინვე ვაშაძის წასვლას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და მისი ამგვარი გადაწვეტილების შესაძლო მიზეზებზე ისაუბრეს. პოლიტოლოგების ნაწილის შეფასებით კი, "ნაციონალური მოძრაობიდან" ერთ-ერთი ლიდერის წასვლა პარტიაში დიდი ხნის წინ ძველსა და ახალ სახეებს შორის დაწყებულ უთანხმოებას უკავშირდება.
დღის ბოლოს კი "ნაცმოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის მთავარი თემაც საარჩევნო სიის ფორმირება იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ვაშაძის წასვლა სწორედ საარჩევნო სიას უკავშირდება. "რეზონანსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სიის პირველ ათეულში "ნაცმოძრაობის" რამდენიმე აქტიური წევრი ვერ მოხვდა.
პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სერგო რატიანმა განუცხადა, რომ გუშინ სიის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შედგა. პროცესი რეგიონებში გაგრძელდება და დაახლოებით 10 დღის შემდეგ დასრულდება.
რატომ წავიდა ვაშაძე
თავად ვაშაძემ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება პარტიაში ახალი ინიციატივების უქონლობით ახსნა. ისიც თქვა, რომ "ნაცმოძრაობა" დახურულ, კაბინეტურ სისტემად იქცა, რომელსაც კონკრეტული მმართველობა გიგა ბოკერიას, მიშა მაჭავარიანის, ხათუნა გოგორიშვილის, გოკა გაბაშვილისა და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძის სახით ჰყავს.
მისივე თქმით, ეს დახურული კაბინეტური სისტემა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირეა და პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს ემსახურება.
მოგვიანებით ვაშაძის განცხადებას სოციალური ქსელით საპარლამენტო უმცირესობის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ვაშაძე საპარლამენტო სიაში ადგილისთვის იბრძოდა და პარტია სწორედ ამ მიზეზით დატოვა.
"არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში არ ჰქონდა (რაზეც ვითომ უარი თქვა). ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა", - ნათქვამია ნადირაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ვაშაძის ამგვარ გადაწყვეტილებას მისი ყოფილი თანაგუნდელების ნაწილი გასაგებსა და ბუნებრივს უწოდებს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და ახლა უკვე ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წევრის, გოგა ხაჩიძის თქმით, გიორგი ვაშაძემ პარტია დაახლოებით იმავე მიზეზით დატოვა, რა მიზეზითაც გარკვეული პერიოდის წინ "გირჩის" წარმომადგენლებმა.
"ვაშაძის წასვლის მიზეზი პარტიის განახლებას უკავშირდება, რაც რეალურად არ ხდება. ფაქტია, რომ მის შემთხვევაშიც იგივე მიზეზი დასახელდა, რაც ჩვენს შემთხვევაში. ალბათ ეს ნიშნავს, რომ პარტიაში რაღაც ისე ვერ არის და ეს გადაწყვეტილება ბუნებრივი და გასაგებია," - გვითხრა გოგა ხაჩიძემ.
ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის პარტიიდან წასვლა ძველსა და ახალ "ნაციონალებს" შორის კარგა ხნის წინ დაწყებული ბრძოლის ნაწილია. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ვარაუდობს, რომ ვაშაძეც პარტიაში "მამათა და შვილთა" შორის დაწყებული ომის კიდევ ერთი თანამონაწილე აღმოჩნდა.
სად წავა "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი
პარტიდან წასვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ იგი ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გეგმავს, თუმცა ვისთან ერთად შექმნის ახალ გუნდს, ამაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია.
"ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით," - განაცხადა მან.
პოლიტოლოგების ნაწილს უჭირს ვარაუდი, თუ სად შეიძლება მომავალში გიორგი ვაშაძე ვიხილოთ. სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ, შესაძლოა, მან მართლაც შექმნას ახალი პოლიტიკური მოძრაობა, თუმცა არც იმას გამორიცხავს, ვაშაძე მის ყოფილ თანაგუნდელებთან "გირჩებთან" ერთად აღმოჩნდეს.
ამ ვერსიას არ გამორიცხავს თავად "გირჩის" წარმომადგენელი გოგა ხაჩიძეც, თუმცა ამბობს, რომ ამაზე კონსულტაცია ჯერჯერობით არ ყოფილა.
"ვნახოთ, დრო გვაჩვენებს, რა როგორ იქნება. ალბათ თავად ვაშაძესაც დასჭირდება გარკვეული დრო, რომ თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბდეს, გაიაზროს არსებული რეალობა. ჩვენც ჩვენი მხრივ გვაქვს გეგმები, თუმცა ამ ეტაპზე მასთან კონსულტაცია არ ყოფილა. საბოლოოდ, მის ჩვენს რიგებში აღმოჩენას ვერ გამოვრიცხავ, ამიტომ ვნახოთ, რა იქნება," - უთხრა "რეზონანსს" გოგა ხაჩიძემ.
ვაშაძის პარტიიდან წამოსვლას გუშინ არანაკლები რეზონანსი მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებშიც. "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ვაშაძის მსგავსად სხვა ლიდერების წამოსვლაც არ გამორიცხა და თქვა, რომ პარტიის შიდა დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი ადრეც იყო.
"ვაშაძე არის ერთ-ერთი იმ წრიდან, რომელსაც საქმე აქვს გაკეთებული და ეს საქმე დღესაც ცოცხალია, ამიტომ ყურადღებით შევხედავთ, სად წავა და რას გააკეთებს ის," - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ორი ფრთაა, რომელიც ერთმანეთს არ ენდობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობაში" ერთი ფრთა ორიენტირებულია მიხეილ სააკაშვილზე, ხოლო მეორე - გიგა ბოკერიაზე.
"მეგონა, ვაშაძე უფრო სერიოზულ თამაშს თამაშობდა და გაიყოლიებდა ახალგაზრდებს, რომელთაც პოზიცია ჯერ არ გამოუხატავთ. ვგულიხმობ ორ ვარსკვლავს - კანდელაკს და თაქთაქიშვილს, რომლებიც ჩვენ ნერვებს გვიშლიან, მაგრამ ევროპაში კაშკაშებენ და რომელთანაც პრობლემა აქვს ბოკერიას და დანარჩენებს. როგორც გაირკვა, ისინი ახლა დუმილს ინარჩუნებენ, მაგრამ პირველები იყვნენ "გირჩის" წევრების შეფასების დროს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ბერძენიშვილმა.
"თუ ვინმე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, ხელი რატომ უნდა ვკრათ?!", - ასე გამოეხმაურა ვაშაძის პარტიიდან წასვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე.
მან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის საინტერესო ოპონენტი იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და გიორგი ვაშაძეს შორის განსხვავებული ღირებულებები და ხედვაა, კამათის დროს ზოგადად ყოველთვის საინტერესო ოპონენტი იყო. თუმცა "ნაციონალური" სიხისტე მის გამოსვლებსაც ახასიათებდა. იმედია, ეს სიხისტე არ გამოჰყვება, როცა "ნაციონალებიდან" წამოვა. სხვა მხრივ, თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა," - განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ თანამშრომლობა ყველა სუბიექტთან, მათ შორის, ძველ პარტნიორებთანაც შესაძლებელია.
"ნაცმოძრაობის" პირველი ათეული
რაც შეეხება თავად "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, როგორც "რეზონანსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, მათი საარჩევნო სია ჯერჯერობით შედგენილი არაა, ცნობილია მხოლოდ სიის ფორმირების პრინციპები.
"სიაში იქნებიან ახალი სახეები, ვინაიდან პარტია განახლებაზე ზრუნავს. თუ როგორ შეირჩევიან სიაში მოხვედრილი ადამიანები, პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ შემუშავებული, სრულად გააზრებული და მხარდაჭერილია. ხოლო, რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტია შესაძლოა დატოვონ სხვა წევრებმა, მათ შორის კანდელაკმა, მინაშვილმა და თაქთაქიშვილმა, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი რჩებიან პარტიაში და აგრძელებენ ბრძოლას," - გვითხრეს "ნაციონალურ მოძრაობაში".
"რეზონანსის" ინფორმაციით, დეპუტატი გიორგი კანდელაკი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ათეულშია და შესაბამისად, მისი წასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. რაც შეეხება ახალ სახეებს, ჯერჯერობით არასაბოლოო, თუმცა "ნაცმოძრაობის" პირველ ათეულის სავარაუდო სია, ჩვენი ინფორმაციით, ასე გამოიყურება:
1. დავით ბაქრაძე; 2. რომან გოცირიძე; 3. გიორგი ქადაგიძე; 4. ელენე ხოშტარია. 5. სალომე სამადაშვილი;
6. გიორგი კანდელაკი; 7. ზაზა ბიბილაშვილი; 8. ნიკა მელია; 9. ირაკლი აბესაძე; 10. ოთო კახიძე.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საარჩევნო ათეულში გარდა დავით ბაქრაძისა, პრაქტიკულად ყველა ახალი სახეა, ლოგიკურია, რომ ამან შესაძლოა პარტიაში გარკვეული განხეთქილება და უთანხმოება შექმნას. მაგალითისთვის, პირველ ათეულში არ მოიაზრებიან პარტიის ისეთი სახეები, როგორებიც არიან მიხეილ მაჭავარიანი, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და ირმა ნადირაშვილი.
"რეზონანსის" ინფორმაციით, პირველი ათეულის სიის ფორმირებასთან დაკავშირებით პარტიის ძველსა და ახალ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ახლაც გრძელდება და შესაბისად, გამორიცხული არაა ვაშაძის მსგავსად პარტიიდან წამომსვლელთა რიგებს უკვე "ძველი" "ნაციონალებიც" შეუერთდნენ.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში ძველსა და ახალ სახეებს შორის ბრძოლა მართლაც არსებობს, მათი რიგებიდან ძველი სახეების წასვლის პროგნოზირება მაინც რთულია.
"განვმეორდები და ვიტყვი, რომ მამათა და შვილთა ომი პარტიაში მართლაც არსებობს, მაგრამ თუკი საარჩევნო სიის ფორმირების საკითხზე ახალსა და ძველ სახეებს შორის განხეთქილება მოხდა და ამან ძველი "ნაციონალების" პარტიიდან წასვლა გამოიწვია, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ პარტიის ლიდერებში ერთი ჭკვიანი ადამიანიც კი არაა.
"მათ ერთად ჯოჯოხეთურ 4 წელს გაუძლეს - უამრავ სამართლიან და არასამართლიან ლანძღვა-გინებას, ლიდერების დაკავებას და ა.შ. მაგრამ პარტიამ სიცოცხლე მაინც გააგრძელა. თუკი ახლა ფინიშის სწორზე გასვლისას, მაშინ როცა პარლამენტში მეორე ადგილი პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ, პარტია დაშალეს, მაშინ მათზე კომენტარიც კი ზედმეტი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გარედან მაყურებელი საზოგადოება ვართ, ამიტომ რა მოხდება, ამის პროგნოზირება რთულია," - დასძენს სოსო ცინცაძე.