ექსპორტის პრობლემა მოგვარდა და ადგილობრივ ბაზარზეც თვალშისაცემი წისვლაა
მარი ჩიტაია
07.05.2016

 აზერბაიჯანში ქართულ ხორცზე შეზღუდვის მოხსნამ ფერმერების მდგომარეობა აშკარად გააუმჯობესა. მოთხოვნა ძირითადად ცოცხალ საქონელზეა. აზერბაიჯანის გარდა, ხორცი აქტიურად გადის არაბულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ერაყსა და ყატარში. არსებობს რეალური საფუძველი, რომ ადგილობრივ ბაზარზეც ხორცი 1-2 ლარით გაიაფდეს.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მესაქონლეობა, ფაქტობრივად, ერთადერთია, რომელსაც დღესდღეობით პრობლემა არ აქვს და ნორმალურად ვითარდება. ვითარება სულ უფრო უმჯობესდება. საქმე აშკარად იქითკენ მიდის, რომ შეიძლება ცვლილება ხორცის საცალო ფასმაც განიცადოს. ფერმერების განცხადებით, არსებობს რეალური საფუძველი, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხორცი 10%-ით გაიაფდეს.

მეცხოველეობის სფეროში დასაქმებულებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, თავის დროზე რატომ თქვა ქართულ ხორცზე უარი აზერბაიჯანმა. ის, რომ აკრძალვის მიზეზი ცხვრის დაავადება გახდა, მათთვის ნაკლებად დამაჯერებელია. მით უმეტეს, აღნიშნული დაავადება ზაფხულის ბოლოს ფიქსირდება. ზამთრის პერიოდში მისი არსებობა არ დადასტურებულა.სპეციალისტთა ინფორმაციით, მოსახლეობა საქონლის მოშენებით მასობრივად ინტერესდება. მთავარია, რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ, სხვა მხრივ ფერმერებს პრობლემა არ აქვთ.

ასოციაცია "მომავლის ფერმერის" წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემას ამოწურულად მიიჩნევს. მესაქონლეობა საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა და არის პოტენციალი ადგილობვრივი ბაზრის მოთხოვნა 100%-ით დააკმაყოფილოს.

"ამ ეტაპზე საქონელი აზერბაიჯანსა და არაბულ ქვეყნებში შეუფერხებლად გადის, ამ მხრივ შეზღუდვა არ გვაქვს. მართალია, რამდენიმე თვის წინ ექსპორტზე პრობლემა ნამდვილად იყო, მაგრამ ამით დარგი მნიშვნელოვნად არ დაზარალებულა. დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ მეხორცულ მიმართულებას პრობლემა არ შექმნია. დარგის სტაბილურობას ხელს უწყობს ისიც, რომ ფერმერული მეურნეობები ვითარდება, ვცდილობთ ახალი ტექნოლოგიების გავრცელებას, რაც სამომავლოდ წარმოების მასშტაბზეც აისახება", - აცხადებს ჭიჭაყუა და დასძენს, რომ ბაზრის ჩაკეტვა, თუ ეს კიდევ ერთხელ მოხდება, პრობლემას არც მომავალში გამოიწვევს, თუ პრიორიტეტად შიდა ბაზრის განვითარებას დავისახავთ.

"ვერ ვიტყვით, რომ რეალიზაციის პრობლემაა. შიდა ბაზარზე ყოველწლიურად 35000 ტონა ხორცი გვჭირდება, აზერბაიჯანში 18 000 ტონამდე გადის. ექსპორტი მცირე რაოდენობით ყატარსა და ერაყშიც ხორციელდება. ჩვენ გვჭირდება კარგი რეკლამა, რომ რეალიზაცია შევძლოთ. აზიის ქვეყნებში ხორცს დიდი რაოდენობით მოიხმარენ, პრიორიტეტიც ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ. ბაზარი რომც ჩაიკეტოს, პრობლემას არ შეიქმნება, ჩვენ მიერ წარმოებული ხორცი ადგილზეც შეიძლება მოვიხმაროთ. ქვეყანას აქვს პოტენციალი, მოთხოვნა მთლიანად უზრუნველყოს", - აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.

საქართველოში 1 კგ ე.წ. ცოცხალი წონის ღირებულება ამ ეტაპზე 4,70 ლარია. შარშან ეს მაჩვენებელი 4,50 ლარს შეადგენდა, ხოლო 2 წლის წინ 5 ლარი იყო.

ფერმერების განცხადებით, მეცხოველეობის წინსვლას თავის დროზე "იაფი კრედიტის" პროგრამამ და აზერბაიჯანის მზარდმა ბაზარმა შეუწყო ხელი, თუმცა ამ მიმართულებით ვითარება თითქმის პერიოდულად იცვლება.

შპს"მესხეთის პროდუქტის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოდერძიშვილი ფიქრობს, რომ ხორცის ექსპორტს პრობლემა არ შეექმნება, თუმცა ფერმერი ერთ-ერთ დაბრკოლებად მიჩნევს ბიუროკრატიულ მექანიზმს, რომელიც ექსპორტიორი ქვეყნების მხრიდან საკმაოდ მკაცრია.

"ხორცის ერთი პარტია გავიტანეთ სომხეთსა და ერაყში, მოლაპარაკებები გვაქვს აზერბაიჯანულ მხარესთან და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც გავაქტიურდებით. ქართველ ფერმერებს აზერბაიჯანში ხორცი უპრობლემოდ გააქვთ. ძირითადად მოთხოვნა იქ ცოცხალ საქონელზეა.

რაც შეეხება არაბულ ქვეყნებს, საბაჟო პროცედურაა რთული, რის გამოც ახალი ხორცის გატანა რისკს უკავშირდება. ერაყში ექსპორტირებისას საბაჟო პროცედურას 5 დღე დასჭირდა. ბიუროკრატიული ბარიერიერებია. ამიტომ ფერმერებს გაყინული პროდუქტის გატანა უფრო უღირთ", - ამბობს გოდერძიშვილი.

მისი ვარაუდით, მესაქონლეობის სფეროში არსებული მდგომარეობა, შეიძლება, ხორცის გაიაფების საფუძველი გახდეს. "ვითარება ბოლო პერიოდში რადიკალურად შეიცვალა, მცირე ფერმერებიც მომრავლდნენ, რამაც საქონლის სულადობაზე საგრძნობი გავლენა მოახდინა. ამ მხრივ სასიკეთო აღმოჩნდა აზერბაიჯანის ბაზარის გაიხსნაც. ამდენად, ყველა საფუძველია იმისთვის, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხორცის ფასი შემცირდეს. ჩემი აზრით, შესაძლებელია, პროდუქტი 1-2 ლარის ფარგლებშიც გაიაფდეს", - ვარაუდობს გოდერძიშვილი.

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ფერმერების ინფორმაციით, ცოცხალი საქონლის რეალიზაცია ადგილზეც არ უჭირთ.

"რეალიზიაცია არ ჭირს. ახალციხის აგრარულ ბაზარში, სადაც საქონელს ვყიდით, აზერბაიჯანელი გადამყიდველები თითქმის ყოველდღიურად გვაკითხავენ. შეზღუდვის მოხსნამ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა, ახლა აშკარად უკეთესი სიტუაციაა იმასთან შედარებით, რაც 2-3 თვის წინ იყო. დღესდღეობით ცოცხალი საქონელი მხოლოდ აზერბაიჯანში გადის. სხვა ქვეყნებში, უმეტესწილად, მზა ხორცი გააქვთ. გრძელვადიან პერსპქეტივაში მეტი წარმატება გვექნება, თუ რეგიონებში მაღალი სტანდარტის სასაკლაოებსა და საწარმოებს შევქმნით. გადამამუშავებელ მრეწველობაზე უნდა დავფიქრდეთ, რაც დიდ სარგებელს მოგვცემს", - ამბობს რუდიკ პეტროსიანი, ახალციხელი მეწარმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×