მოხვდება თუ არა ქართული ანბანის სამი სახეობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ეს ნოემბერში გადაწყდება, მას შემდეგ, რაც იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ამ საკითხზე მუშაობას დაასრულებს.
აღნიშნული ნომინაცია იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) ძეგლთა დაცვის შესაბამისმა სამსახურმა გასული წლის მარტში გადაუგზავნა, თუმცა როგორც სააგენტოში გვითხრეს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებას თან გარკვეული პროცედურები ახლავს, რომელიც დაახლოებით წელიწად-ნახევარს გრძელდება.
მანამდე კი სააგენტო დარგობრივი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რაც მთავარია, საზოგადოების ჩართულობით ახალი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე მუშაობს, თუმცა კონკრეტულად რა ელემენტი შეიძლება მომდევნო წლებში იუნესკოს წარვუდგინოთ, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, რადგან როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს პროცესი საკმაოდ დინამიკურია და ხშირად ახალ ელემენტებზე მსჯელობა უწევთ.
ცნობისთვის, წლევანდელი ნომინაცია, სახელწოდებით - "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა", ასომთავრულ, ნუსხურ და მხედრულ ანბანს მოიცავს, რომელთა მთავარი ღირებულება მისი უწყვეტი თანაარსებობაა. აღსანიშნავია, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში უკვე შეტანილია ორი ქართული ძეგლი, ესენია: ქართული პოლიფონია (მრავალხმიანობა) და ქვევრის ღვინის უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი.
"არსებობს გარკვეული პროცედურები, რაც ამა თუ იმ ელემენტმა უნდა გაიაროს. ექსპერტები ნომინაციაზე მსჯელობენ, ამავე პერიოდში უშულოდ ნომინაციის შესახებ შესაძლოა გარკვეული კითხვებითაც კი მოგვმართონ. ამდენად, ეს ადვილი პროცედურა ნამდვილად არ გახლავთ", - აცხადებენ ძეგლთა დაცვის სააგენტოში.
გადაწყვეტილების მიღების ბოლო ეტაპი კი ექსპერტების მიერ შესაბამისი კომისიისთვის რეკომენდაციით მიმართვაა, რომელიც 24 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭებათან დაკავშირებით სწორედ ისინი იღებენ.
საგულისხმოა, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატან ერთ ელემენტს, ყოველწლიურად ძალიან ბევრი ქვეყანა ამზადებს და შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია.
ძეგლთა დაცვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განყოფილების უფროსის მაკა თაქთაქიშვილის თქმით, მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაზე მხოლოდ ერთი ელემენტის გადაგზავნა შეიძლება. მისი თქმით, ელემენტის გადაგზავნა ქვეყანას მომზადებისთანავე შეუძლია და ამ პროცესს გაწერილი ვადა არ გააჩნია.
"აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ამ ნუსხაში ქართული მრავალხმიანობაა შესული, რომელიც 2001 წელს, როგორც ხელთუქმნელი შედევრი, 19 შედევრს შორის დასახელდა. უნდა აღინიშნოს, რომ იუნესკომ ამ მიმართულების სულ 5 პროექტი განახორციელა, ხოლო 2008 წელს კი ქართული მრავალხმიანობა ავტომატურად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში გადავიდა.
"მეორე ნომინაცია, რომელიც ასევე ამ ნუსხაშია შესული, ღვინის დაყენების უძველესი, ქართული ტრადიციული მეთოდია. ეს ნომინაცია 2012 წელს გაიგზავნა და 2013 წლის ბოლოს წარმომადგენლობით ნუსხაში დასახელდა. ქვეყნებს წარმომადგენლობით ნუსხაში შეუძლიათ გააგზავნონ ის არამატერიალური მემკვიდრეობის ნიმუში, რომელიც მათი აზრით, მნიშვნელოვანია და ღირს მსოფლიომ გაიცნოს", - ამბობს ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი და დასძენს, რომ სააგენტო ახალ ნიმუშებზეც მუშაობს, რომელსაც იუნესკოს მომდევნო წლებში წარუდგენს.
"რასაკვირველია, ჩვენ ახალ ელემენტებზე ყოველთვის ვმუშაობთ და გვაქვს გარკვეული პოზიციები. ელემენტის მომზადების პროცესში გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ ერთი ორგანო არაა, მასზე მუშაობა დარგობრივ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს და რაც მთავარია, თვითონ ამ ელემენტის მატარებლებთან, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც ამა თუ იმ ელემენტს თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად, იდენტობის საფუძვლად მიიჩნევენ.
"ახალი ელემენტის შერჩევის პროცესი ახლა მიმდინარეობს, თუმცა ჩემი მხრიდან რამე კონკრეტულზე საუბარი, ამ ეტაპზე მართებული არ იქნება", - გვითხრა მაკა თაქთაქიშვილმა.