"ახალი ცივი ომის საზღვარი საქართველოზე გადის"
თაკო მათეშვილი
07.05.2016

 ნატოცა და რუსეთიც ერთმანეთის წინააღმდეგ ძალას მაქსიმალურად ამაგრებენ, რათა თავიანთი გავლენის არეალი სათანადოდ ჰქონდეთ დაცული. სწორედ ამას ემსახურება, სპეციალისტების აზრით, ნაბიჯები, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში აქტიურად დგამენ - ამაგრებენ საზღვრებს სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო ძალებისა და შეიარაღების მობილიზებით. ეს საზღვარი კი, მათი თქმით, საქართველოზე გადის.

სწორედ ამის დადასტურებაა, მათი განცხადებით, ისიც, რომ ნატოსათვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთი დასავლეთის და სამხრეთის სამხედრო ოლქებში ახალ დივიზიებს ჩამოაყალიბებს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. შოიგუს თქმით, დასავლეთის სამხედრო ოლქში ორი, სამხრეთის სამხედრო ოლქში კი ერთი დივიზია განლაგდება.

სამხრეთის სამხედრო ოლქი - რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას მოიცავს. აღნიშნულ ოლქს ექვემდებარებიან სამხედრო ბაზები სომხეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ოლქის დაქვემდებარებაშია შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია.

რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად სად განლაგდება ახალი დივიზია.

"თავდაცვის სამინისტრო მიმართავს რიგ ზომას, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალების გაზრდისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. წლის ბოლომდე დასავლეთის სამხედრო ოლქში ორი დივიზია, სამხრეთის სამხედრო ოლქში კი ერთი დივიზია ჩამოყალიბდება", - განაცხადა შოიგუმ უწყებაში გამართულ თათბირზე.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს დივიზიების დისლოკაციის ადგილების კეთილმოწყობა. სააგენტო "ტასის" ცნობით, თითოეული დივიზიის შემადგენლობაში დაახლოებით 10 000 სამხედრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნატო-საქართველოს ურთიერთობაში გარკვეული სასიკეთო სიახლეები და წინსვლაა, რის შესახებაც "რეზონანსის" მკითხველი ყოველთვის ინფორმირებულია.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის პორტი მალე შესაძლოა ამერიკული სამხედრო ძალების დისლოცირების ადგილი გახდეს. სწორედ ამაზე მეტყველებს სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საქართველოში აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაცის ჩამოსვლა და განცხადება, რომ მათ აინტერესებთ, თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ ბათუმში თავიანთი ტექნიკის გადმოსხმა.

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ რუსეთიდან წამოსული სამხედრო აგრესიისაგან თავდაცვის მიზნით ხუთი ქვეყნის: რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოსა და უკრაინის პორტებში ნატო კოალიციური ძალების საჰაერო-საზღვაო მუდმივმოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს განათავსებს.

გარდა ამისა, ქართულ-ამერიკულ სწავლება "#წიდუ ზფკეტუკ 2016"-ში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა 2 დღის წინ ვაზიანში ჩამოვიდა - 8 ერთეული ქ1ფ2 ტიპის ტანკი "აბრამსი", 7 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი", სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, "ჰამერის" ტიპის ჯიპები და სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა.

ქართულ-ამერიკული სწავლება "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (ტკა) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

წელს "ღირსეული პარტნიორი" ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება.

პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში ქ1ფ2 ტიპის ამერიკულ ტანკებს "აბრამსებს" გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება ს-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.

ეს ყველაფერი, სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას თქმით, ნატოს პასუხია რუსეთის იმ ნაბიჯზე, რომელიც საზოგადოებისათვის ახლახან გახდა ცნობილი, თუმცა იგი ბევრად ადრე ჩაიფიქრეს. შესაბამისად, სწორედ ნატოს ქმედება შეიძლება აღვიქვათ პასუხად, მათ შორის, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის მუდმივად განთავსების გეგმა და ა.შ.

ზოგადად, დივიზია, მაისაიას თქმით, 10 ათასიდან 15 ათასამდე შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა სამხედრო ოპერატიულ ერთეულს მოიცავს. იგი ძირითადად დამრტყმელი, შეტევითი ოპერაციების განხორციელებისათვის გამოიყენება. შედეგად, 3 დივიზია 45 ათას სამხედროს გააერთიანებს.

მაისაია ამბობს, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყეს კიდეც, რადგან ინფრასტრუქტურას უკვე ქმნიან. მისი თქმით, 2015-2016 წლის ბიუჯეტში ამის ხარჯები უკვე დევს.

"ეს დივიზიები ალბათ სპეცდანიშნულების რაზმის სახით იქნება. ესეთი მას უკვე ჰყავს სამხრეთში - მე-7 სადესანტო დივიზია. მას ნოვოროსიისკის დივიზია ჰქვია, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს ოკუპაციაში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

"ეს დივიზია ნოვოროსიისკისა და კრასნოდარის მხარეშია განლაგებული და მას საომარი მოქმედებების შემთხვევაში საქართველოზე შეტევის მიტანა ევალება. მეორე დივიზიაც, რომელიც შეიქმნება, ეჭვი არ მეპარება ანალოგიური იქნება - სპეციალური დანიშნულების.

"აღსანიშნავია, რომ ეს დივიზია არა სამხედრო ხელმძღვანელობას ემორჩილება, არამედ მოსკოვში შექმნილ სპეციალური ოპერაციების მართვის ცენტრს. ესა უძლიერესი სტრუქტურაა. ახალი დივიზიებიც, როგორიც ჩანს, ამ მართვის ცენტრს დაემორჩილებიან", - ამბობს მაისაია.

დიდი ალბათობით, მაისაიას თქმით, ახალ დივიზიათაგან ერთ-ერთი სამხრეთში, ყირიმის ნახევარკუნძულზე განლაგდება. მისი შენაერთების ნაწილი შეიძლება აზოვის ზღვის მიდამოებშიც განლაგდეს. ვარაუდობს, რომ მას მერვე დივიზია დაერქმევა და მისი ამოცანა ნატოს ჯარების შემოტევისაგან ყირიმის ნახევარკუნძულის დაცვა იქნება.

ანუ, ექსპერტის აზრით, მერვე დივიზია აქცენტს უკრაინაზე გააკეთებს. მეშვიდე კი, რომელიც უკვე არსებობს, მთლიანად საქართველოზე გადმოერთვება. რამე რომ მოხდეს, სწორედ ეს დივიზია ამოქმედდება. რაც შეეხება მესამე დივიზიას, იგი ბალტიისპირეთის, პოლონეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამ ყველაფრის შედეგად, როგორც მაისაია ამბობს, ივლება ერთგვარი საზღვარი იმ ტერიტორიებს შორის, რომლებზეც ნატოსა და რუსეთის გავლენა ვრცელდება და ეს საზღვარი სწორედ საქართველოზე გადის.

"ახალი რკინის ფარდა არა მარტო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთელ საქართველოზე ეშვება. ახალი ცივი ომის საზღვარი საქართველოზე გადის. საქართველო და უკრაინა ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი კერა გახდა. შავი ზღვისპირეთი გახდა არეალი, სადაც ნატო და რუსეთი ერთმანეთს უპირისპირდებიან", - ამბობს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×