გვანცა ღვედაშვილი
09.05.2016

თბილისის საკრებულოს უმცირესობა რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლას მოითხოვს. ამ მოთხოვნით უმცირესობა ბოტანიკური ბაღისა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებული უთანხმოების შემდეგ გამოვიდა. მერთან შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

გარდა ამისა, 25 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანება, საპროტესტო აქციებთან ერთად, სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს. ისინი საჭირო დოკუმენტების მიწოდებას შესაბამისი უწყებებისგან ელოდებიან. როგორც "პარტიზანმა მებაღემ" ნატა ფერაძემ განაცხადა, დოკუმენტების გადაცემა შეგნებულად ჭიანურდება.

დედაქალაქის მერის საკრებულოში დაბარებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება იქნება, თბილისის მერი დეპუტატების წინაშე წარდგება.

ნარმანიას საკრებულოში რიგგარეშე მისვლას უმრავლესობის წევრი გია ვოსლკიც ურჩევს.

"ვურჩევდი დავით ნარმანიას, რომ მივიდეს... მითუმეტეს დასამალი კი არა, მე ვფიქრობ, ხმამაღალი სალაპარაკო გაქვს იმაზე, რაც გააკეთა ქალაქის მერიამ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკურ ბაღთან მიმდებარე ტერიტორია. ვფიქრობ, არა მარტო ნარმანიამ პიარსამსახურმაც ხმამაღალი განცხადებები უნდა აკეთოს," - განაცხადა ვოლსკიმ.

თავად დავით ნარმანია აცხადებს, რომ საკრებულოში მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მივა, ან მაშინ, თუ უმრავლესობა მიიწვევს. ამბობს, რომ არაერთხელ ყოფილა საკრებულოში რაიმე საკითხის განხილვისას ან ღონისძიებების დროს, თუმცა როდესაც საუბარი არის პოლიტიკურ შოუზე და ოპონენტების მხრიდან მოწვევაზე, მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

საკრებულოში მისვლა ნარმანიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც ურჩია.

უნდა მივიდეს თუ არა ნარმანია საკრებულოში? - ამ კითხვით "მთელი კვირა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართავს.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მე ღიაობის პრინციპის მომხრე ვარ. მერი იქნება, პრეზიდენტი თუ სხვა ვინმე, რაც უფრო გახსნილი იქნება და ღია საზოგადოებასთან, მით უკეთესი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ უნდა იყოს ტენდენციური და არ უნდა ემსახურებოდეს წინასაარჩევნო პროცესებს. სხვა შემთხვევაში კი ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, რაც უფრო ღია იქნება საზოგადოებასთან, მით უკეთესი.

 

 

 იგორ კვესელავა  (პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი): კონსტიტუციით მიღებულია, რომ როგორც პრეზიდენტი მიდის წელიწადში ერთხელ და აბარებს ანგარიშს, ასევეა მერიც. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა შემთხვევები საქართველოს ისტორიაშიც, რომ პრეზიდენტი არ მისულა ამ ერთი წლის ვადაში და გადაცილებულა ეს პერიოდი.

წესის მიხედვით, ნარმანია ვალდებულია საკრებულოში წელიწადში ერთხელ მივიდეს, ასე რომ, მას შეუძლია მივიდეს დეკემბერში. გულახდილად რომ გითხრათ, რამდენი 20-30 - კაციანი ჯგუფიც შეიკრიბება და ნარმანიას მოსვლას მოითხოვს და მივიდეს, ეს არასწორია.

საკითხი, რაზეც ნარმანიას საკრებულოში მისვლას თხოვენ, სასამართლოს გზით არის გადასაწყვეტი და ნარმანიამ რა უნდა უთხრას მათ, არ ვიცი, არის თუ არა მთავრობის გადაწყვეტილება სწორიო, ეს?!

თუ განსაკურებული შემთხვევა არ იქნება და საკრებულოს დიდი ნაწილი არ მოითხოვს ნარმანიას მისვლას, არ უნდა მივიდეს, თუმცა კარგი იქნება თუ საკრებულოში გაგზავნის რომელიმე მოადგილეს, რომელიც საკრებულოს წევრებს არსებულ პრობლემებზე სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): ყველა, იქნება ეს უმცირესობა, უმრავლესობა თუ არასამთავრობოები, ხომ მოითხოვენ კანონის დაცვას? და ეს კაცი იცავს კანონს და არ მიდის დეკემბრამდე. რომ მივიდეს, მერე იტყვიან, რომ დაარღვია კანონი, რათა ბიძინა დაეცვაო.

მეორეც, თუ მართლა აინტერსებთ, გამოიძახონ სპეციალისტები, იქნება ეს არქიტექტორები, გარემოს დამცველები თუ სხვა და მათ დაუსვან შეკითხვები.

 

 გიგი თევზაძე (ლექტორი):  რასაკვირველია, ნარმანია საკრებულოში უნდა მივიდეს, აბა, რა უნდა ქნას. როცა ამდენი ადამიანი ითხოვს მის მისვლას, ვალდებულია, მივიდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×