პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლას ამომრჩეველი ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად აღიქვამს. მისი თქმით, ბურჭულაძე საზოგადეობაში ივანიშვილის მსგავსად ავტორიტეტით სარგებლობს და ისიც ქველმოქმედებას ეწევა.
მათი საქმიანობა და მოღვაწეობა იდენტურია, ამიტომაც მომღერალს "ქართული ოცნებისთვის" ამომრჩევლის წართმევა არ გაუჭირდება. მისი აზრით, ბურჭულაძე "ოცნების" მთავრი კონკურენტია და ის "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეების ყურადღებას ნაკლებად დაიმსახურებს.
"მთელი კვირა": როგორ ფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ვაშაძის წასვლა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ პარტიაში სერიოზული კრიზისია?
რამაზ საყვარელიძე: "ნაციონალურ მოძრაობაში" პრობლემები უკვე დიდი ხანია, არსებობს. ამის ნათელი მაგალითი კი "გირჩის" შემთხვევაა, რომლის წევრებმაც პარტია გიორგი ვაშაძეზე ადრე დატოვეს.
კრიზისი ნაკლებად ითქმის, უფრო თაობათა დაპირისპირებაა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ეს კრიზისის წინაპირობა იყოს.
როგორც ჩანს, ძველ თაობას პოზიციების დათმობა არ სურს, ხოლო ახალგაზრდებს კი მეორეხარისხოვან წევრებად ყოფნა. როდესაც ადამიანში ლიდერობა თავს იჩენს, მას დამოუკიდელად ყოფნაც უნდება.
"მ.კ": შეიძლება წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობა" სხვებმაც დატოვონ?
რ.ს: პრესონალურიად ვერ გეტყვით, ვინ შეიძლება პარტიის დატოვება კვლავ გადაწყვიტოს, მაგრამ ზოგადი კლიმატი ისე გამოიყურება, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ პარტიის ძველმა თაობამ შეცდომების გამოსწორება სცადოს და ახალ თაობას უფრო გაუფრთხილდეს.
"მ.კ": პარტიაში მსგავსი რყევა წინასაარჩევნოდ "ნაციონალურ მოძრაობას", როგორ ფიქრობთ, რამდენად დააზარალებს, შეიძლება სტაბილური ამომრჩეველი დაკარგოს?
რ.ს: ნებისმიერი გუნდის გაყოფისას, რომელსაც ამომრჩეველი ჰყავს, თავისთავად იგულისხმება, რომ ის მხარდამჭერების გარკვეულ ნაწილს კარგავს. რა თქმა უნდა, ძალაუნებურად ხმების გამყოფია როგორც "გირჩი", ასევე გიორგი ვაშაძეც. თუმცა ვაშაძის ერთ კონკრეტულ პიროვნებაში ამხელა პოტენციალს არ ვიგულიხმებდი, მაგრამ ის საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ახალგაზრდების მობილიზებას მოახდენს. ეს კი უკვე სერიოზული ფაქტორი იქნება, რადგანაც ახალგაზრდები პარტიაში ყველაზე ძლიერი და დამრტყმელი ძალაა.
"მ.კ": ბოლო დროს ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ის ქვეყანაში არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. როგორ ფიქრობთ, ექსპრეზიდენტს რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს?
რ.ს: არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა", რა თქმა უნდა, მისთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. როცა საარჩევნო სცენარში მათთვის საჭირო განვითარება არ იქნება, ლოგიკურია სხვა სცენარის განხორციელებას მოინდომებენ.
სააკაშვილმაც და ამ პარტიის სხვა წევრებმაც ირიბად თუ პირდაპირ განაცხადეს, რომ არჩევნების შემდეგ რევოლუციური სცენარი გამორიცხული არ არის. მათ ეს აწყობთ იმიტომ, რომ რევოლუციურ პირობებში ჩვენს საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა ძნელი არ იქნება და არც ის არის გამორიცხული, რომ უმცირესობამ უმრავლესობა მიიღოს.
"მ.კ": პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლას მინდა შევეხოთ. ვნახეთ, რომ შკშ-ის გამოკითხვით ბურჭულაძე პოლიტიკოსებს შორის წამყვან პოზიციაზეა. როგორ ფიქრობთ, მას რა შანსი აქვს, თუ წინასაარჩევნოდ პოლიტიკაში შემოვა?
რ.ს: პაატა ბურჭულაძის შანსი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რომ ის ცნობადია. ამას კი ქართულ პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ნიშას, სავარაუდოა, რომ ბურჭულაძე წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" ხმებს წამოიღებს და მმართველ გუნდს ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს წაართმევს. ის, ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" კონკურენტი და მეტოქე არ არის. მის მხარეს უფრო "ოცნების" მომხრეები გადავლენ.
"მ.კ": ცნობადობა, ქველომოქმედება და საზოგადოებაში ავტორიტეტი - შეიძლება ბურჭულაძეს ბიძინა ივანიშვილის ადგილის დაკავების მცდელობა ჰქონდეს? ქართულ პოლიტიკაში შეიძლება მან ივანიშვილი ჩაანაცვლოს?
რ.ს: ის კრიტერიუმები, რაც ახლა თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, ბურჭულაძეს საშუალებას მისცემს, ამომრჩევლისთვის ივანიშვილის ალტერნატივა გახდეს. მისი პარტია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც "ქართული ოცნების" ჩამნაცვლებელი.
თუმცა მის წინაშე კითხვები გაჩნდება, შეძლებს კი ის იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც "ოცნებას" აგერ უკვე 4-წელია ვერ მოუგვარებია? ამაში ამომრჩევლის დარწმუნება ბურჭულაძეს და მის გუნდს ძალიან გაუჭირდება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ის ხელისუფლებაში არასდროს არ ყოფილა და ქვეყნის მართვის გამოცდილება არ გააჩნია. ასეთი ნდობის გაჩენა, საკამოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
"მ.კ": არასაპრალამენტო ოპოზიციის გაერთიანებას მინდა შევეხოთ. როგორ ფიქრობთ, თუ გაერთიანდებიან, არჩევნებში რა შანსი ექნებათ?
რ.ს: რთული მდგომარეობაა, როცა ოპოზიციას წინასაარჩევნოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს. თუმცა გაერთიანება არ მგონია, რომ პანაცია იყოს, რადგან ამ დროს ძალაუნებურად მეტ-ნაკლებად განსხვავებული პლატფორმის მქონე პარტიები გაერთიანდებიან. თუ ეს განსხვავება გაჩნდა, მაშინ კითხვები ჩნდება, რა აერთიანებთ? მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი? ამ კითხვაზე პასუხი ბევრ უხერხულობას ქმნის-ხოლმე.