თაკო მათეშვილი
09.05.2016

 "ტვინის გადინება" - თანამედროვე საქართველოს სასტიკი რეალობა და პრობლემა, რომლის მოგვარების გადადებაც ქვეყანას მომავალს უსპობს - ასე ხედავენ ახალგაზრდა, ნიჭიერი, პროფესიონალი კადრების საზღვარგარეთ მასობრივ წასვლასა და დასაქმებას პროფესორ-აკდემიკოსები და ამბობენ, რომ თუკი სახელმწიფომ ამ ტენდენციის შეჩერებაზე არ იზრუნა, მას განვითარების პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

ამისათვის, მათი აზრით, პირველ რიგში, სტრატეგია უნდა ჩამოაყალიბდეს და კანონიდან დაწყებული, თითოეულ საფეხურზე ძირეული ცვლილებები განახორციელდეს. რაც ყველაზე მთავარია, მთავრობამ სახსრები არ უნდა დაიშუროს, რადგან განათლებაში თანხის ჩადების გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს.

"ბრეინ-დრეინი", სიტყვასიტყვით "ტვინის გადინება", მაღალკვალიფიციური კადრების ემიგრაციას ნიშნავს. ის პრობლემაა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი საქართველოში მწვავედ დგას.

"ტვინის გადინების" პროცესი 90-იან წლებში მასშტაბურად დაიწყო. მისი გამომწვევი მიზეზები კი იყო ხელფასების სიმცირე, უმუშევრობა, კარიერული წინსვლის არარსებობა და, ზოგადად, მძიმე სოციალური და პოლიტიკური გარემო.

კვლევები ცხადყოფს, რომ ქართველი ახალგაზრდობა სამშობლოში მიღებულ განათლებასაც არადამაკმაყოფილებლად აფასებს. ამის მიზეზი კი, გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, შემდეგი პრობლემებია: არასაკმარისი ქართულენოვანი ლიტერატურა, სწავლის საფასურის სიძვირე, ტექნიკური გაუმართაობა, სასწავლო პერსონალის არაკომპეტენტურობა და ა.შ. რაც განაპირობებს სტუდენტების სწრაფვას ევროპული სასწავლებლებისკენ, სადაც უკეთესი განათლების მიღებაა შესაძლებელი.

სწავლის დასრულების შემდეგ კი, რა თქმა უნდა, მათ იქ ბევრად მაღალანაზღაურებადი სამსახური ელიდებათ. შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნებაზე აღარც კი ფიქრობენ.

მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელი ძალა, ცხადია, უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილია. ადამიანები, რომელთაც საკუთარ ცოდნასა და უნარში ფულს უხდიან, იმ ქვეყნებში წასვლასა და დარჩენას ამჯობინებენ, სადაც უნარზე ფასი მაღალია. შედეგად, ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანას კარგი მოუტანონ, ქვეყანაში უბრალოდ აღარ რჩებიან.

არ არსებობს მიახლოებითი სტატისტიკაც კი, თუ რამდენ ადამიანს, რამდენ პროფესიონალს აქვს დატოვებული საქართველო და უცხო ქვეყანაში სამუშაოდ, საკუთარი თავის რეალიზებისათვისაა წასული. ჩვენი რესპონდენტების თქმით, ეს კიდევ ერთ პრობლემაა, რადგან სახელმწიფო ამის აღრიცხვას უნდა აწარმოებდეს.

პროფესორი, ფიზიკოსი ჯემალ მებონია აცხადებს, რომ ახალგაზრდების საზღვარგარეთ სასწავლებლად ან გარკვეული დროით სამუშაოდ წასვლა ცუდი არაა. საშიში ისაა, რომ ბევრი მათგანი შემდეგ უკან არ ბრუნდება.

"მსოფლიოში არ არსებობს წარმატებული უნივერსიტეტი, ჩემი სტუდენტებიდან ერთი მაინც რომ არ მუშაობდეს. მაგალითად გერმანიის ზოგ უნივერსიტეტში 20 ქართველი წარმატებული ფიზიკოსი მუშაობს. მიმოფანტულები არიან გერმანიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში და ა.შ. უამრავ ქვეყანაში.

"არაა აუცილებელი ყველა დაბრუნდეს, გარკვეული ნაწილი იქ რომ დარჩეს, ეს ურთიერთობის დამყარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც ხომ უნდა ბრუნდებოდეს უკან?! ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ აქ სამეცნიერო განათლება არ ჩაკვდეს. თუმცა აქ დასაბრუნებლად ხომ პირობები უნდათ. იქ კარგ მდგომარეობაში არიან, ფინანსურად უზრუნველყოფილნი და რატომ დაბრუნდებიან?" - კითხულობს პროფესორი.

ამისათვის კი, მისი თქმით, სახელმწიფომ განათლება პრიორიტეტად უნდა დასახოს. ამბობს, რომ ამას სიტყვიერად ყველა ეთანხმება, მაგრამ რეალური მუშაობა არ ჩანს. მებონია მიიჩნევს, რომ ვერც ერთი დარგი ვერ განვითარდება და ვერ იქნება სტაბილური, თუკი განათლება პრიორიტეტად არ იქცა.

"ახალი ხელისუფლების დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ ვერც ამათ გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამაზე ის მოვლენებიც მეტყველებს, რაც ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის გარშემო განვითარდა. პირველ რიგში, კანონია შესაცვლელი - უმაღლესი განათლების შესახებ, სასკოლო განათლების შესახებ. მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები არ შველის. რამდენი ხანია ამის საჭიროება არსებობს და მაინცადამაინც სტუდენტებს უნდა გამოეხატათ პროტესტი, რომ ყურადღება მიექციათ? ახალგაზრები ინსტიქტურადაც კი გრძნობენ, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა იყოს," - დასძენს იგი.

"მთელ კვირასთან" ინტერვიუში პროფესორი ამ პროცესში მეცნიერებათა აკადემიის წვლილზეც საუბრობს და ამბობს, რომ ისიც ვერაა ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ქვეყანში დარჩენის სტიმული.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ აკადემიას სამეცნიერო ინსტიტუტები აღარ აქვს. მათ ჩამოშორებას მებონია დიდ შეცდომად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს ინსტიტუტები მნიშვნელოვანი სამეცნიერო ძალა იყო, კარგი კვლევები კეთდებოდა. ახლა მათი გაძლიერებაა საჭირო, რათა ნიჭიერი ახალგაზრდები ქვეყანაში დარჩნენ.

"ქვეყანა ვერ განვითარდება, თუ მას თანამედროვე დონის მკვლევართა ჯგუფები არ ჰყავს. რომ ამბობენ სოფლის მეურნეობა უნდა განვავითაროთო, ვინ უნდა განავითაროს? არარსებულმა ხალხმა?

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია გაპარტახებული იყო, მაგრამ ქვეყანა მაინც მიხვდა, რომ განვითარებისათვის განათლება აუცილებელი იყო და შემოსავლის 30% ამ მიმართულებით გაუშვა. შედეგად, სულ რაღაც 20 წელიწადში იაპონიამ სასწაულები მოახდინა და ბევრ რამეში აშშ-საც კი აჯობა. ასე რომ, ჩვენთანაც განათლებისთვის ყურადღების მიქცევაა აუცილებელი - კანონის შეცვლა და ფინანსების გამოყოფა," - დაძენს პროფესორი.

აკადემიკოსი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული თავის სფეროშიც იგივე პრობლემების არსებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართველოლოგებისთვის, ფილოლოგებისთვის, ჰუმანიტარებისთვის, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შესაფერისი სამეცნიერო საქმიანობა არ არსებობს.

სისტემის დაშლის შემდეგ, მისი თქმით, კავშირი, რომელიც უნივერსიტეტებსა და აკადემიის ინსტიტუტებს შორის იყო - მოიშალა. შესაბამისად უნივერსიტეტი და აკადემია კურსდამთავრებულებს ვერ ასაქმებენ.

"მაგალითად ჩვენთან, ენათმეცნიერების ინსტიტუტში, მაგისტრატურადამთავრებულებს ვიღებთ სტაჟიორად, მაგრამ იმის გამო, რომ ვაკანსია არ არის, ვერ ვასაქმებთ. შესაბამისად, ეს პერსპექტიული ახალგაზრდები იძულებულნი არიან უკან გაბრუნდნენ, მათ შესაფერისი სამუშაო არ აქვთ. მეცნიერის სამუშაო სამეცნიერო დაწესებულებაშია, ან ისეთ დაწესებულებაში, სადაც თავისი კვალიფიკაციით რაღაც შედეგს მოიტანს.

"შედეგად, ვისაც კი შეუძლია, ცდილობს უცხოეთში წავიდეს. ჩემი ძალიან ბევრი კოლეგაა წასული. განსაკუთრებით აქტიურად გერმანიაში მუშაობენ. იქ საკმაოდ წარმატებულებია არიან და ბუნებრივია, აქეთ არც იყურებიან," - დასძენს აკადემიკოსი.

იმის გამო, რომ უმაღლესი სამსაფეხურიანი განათლება სათანადოდ ვერ აეწყო, არაბულის თქმით, აკადემიური ხარისხი საკმაოდ დაბალი თამასა აღმოჩნდა იმისთვის, რომ სამსაფეხურგავლილი ახალგაზრდისთვის სამეცნიერო დონე უზრუნველყოფილი იყოს. მისი აზრით, ახლანდელი აკადემიური ხარისხი მაშინდელ ასპირანტურადამთავრებულ მეცნიერებათა კანდიდატს ვერ უტოლდება.

ნიჭიერ ახალგაზრდებს კი, ქვეყანაში დასარჩენად, არაბულის თქმით, უნდა ჰქონდეთ როგორც ფინანსური, ისე პროფესიული დაინტერესება.

"სხვათა შორის სწორედ ამას გულისხმობდა ვანო კიღურაძის ინიციატივა მეცნიერებათა აკადემიაში სტიპენდიანტთა ინსტიტუტის შემოღების თაობაზე, რომელიც იქნებოდა ის არხი, რაც მათ სამეცნიერო ამბიციას დააკმაყოფილებდა. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც უხელფასოდაც შეუძლია იდეისთვის მუშაობა. ასე რომ, მატერიალურს თუ არა, მორალურ სტიმულს მაინც უნდა სთავაზობდე, იმისთვის რომ წინსვლა შესძლოს," - დასძენს იგი.

ჩვენთან ინტერვიუში აკადემიკოსი იმაზეც საუბრობს, თუ რა ზიანი ადგება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას "ტვინის გადინებით" და ამბობს, რომ საქართველო მატერიალური რესურსებით არცთუ მდიდარი ქვყანაა. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, ან რამე სხვა, რისი ათვისებაც განსაკუთრებულ შემოსავლებს მოგვიტანდა.

მიიჩნევს, რომ საქართველოს განსაკუთრებული სიმდიდრე მისი ინტელექტუალური რესურსია. ეს დიდი მემკვიდრეობაა, რასაც საუკუნეების ისტორია აქვს.

"ქართველის მიდრეკილება წიგნიერებისაკენ, მეცნიერებისა და შემოქმედებისაკენ - ეს ფაქტობრივად გენეტიკური თვისებაა. მცირერიცხოვანი ერისთვის ამგვარი პოტენციალის გაფანტვა საგანგაშოა. მთელი ევროპა ისე ვითარდება, რომ ეკონომიკა ინტელექტზეა დაფუძნებული, ამ ვითარებაში, როცა შენი ასეთი ოქროს საგანძური - ინტელექტი განუკითხავად გადის, ისე, რომ ვერც აკონტროლებ და შესწავლასაც ვერ ახერხებ, ეს დაუშვებელია! სახელმწიფოებრივი პოლიტიკის არსებობაა საჭირო თუ როგორ უნდა დაიწყოს ამ პროცესის შეჩერება," - აცხადებს ავთანდილ არაბული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×