არჩევნებამდე დარჩენილი 5 თვე, შესაძლოა, ქუჩის აქციების ტალღამ მოიცვას, სადაც პროტესტის ადრესატი ძირითადად არა არსებული ხელისუფლების მოქმედება, არამედ ერთი კაცი - ექსპრემიერი ივანიშვილი იქნება. რამდენიმე ასეთი დიდი თუ პატარა საპროტესტო გამოსვლა უკვე დაანონსებულია და სტარტიც აღებული, მათგან პირველი "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ გასულ შაბათს მოეწყო, რომელსაც ორგანიზატორთა მცირეხნიანი დაკავებაც მოჰყვა. ივანიშვილს აქციებით, "ნაციონალების" გარდა, ემუქრებიან: ალასანიაც, ინაშვილიც და გაერთიანებული ოპოზიციაც.
ანალიტიკოსების თქმით, საპროტესტო აქციები და მანიფესტაციები აუცილებლად იქნება, პარტიებისათვის არჩევნების წელს ეს ერთგვარად საკუთარი ამომრჩევლების მოზიდვის საშუალებაა, თუმცა რამდენად ხშირი და ხალხმრავალი იქნება ამგვარი შეკრებები, ეს უკვე რთული საპროგნოზოა.
მათი ვარაუდით, შესაძლოა, ბევრ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის ქუჩაში გამოყვანისა და უკრაინული ევრომაიდანის მსგავსი პროცესის განვითარების სურვილი ჰქონდეს, მაგრამ არჩევნებამდე ეს გამორიცხულია, რადგან ცალკეულ პარტიებში ერთი ძლიერი ლიდერი არ ჩანს, ყველა ერთად კი არ გამოვა, თუმცა არჩევნების შემდეგ, გაყალბების ლოზუნგით, მთელი ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაცია და ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის შესაძლებლობა ძალიან დიდია.
"ჩანს, რომ "ოცნება" არც ერთ პრინციპულ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, არც "პანორამის" გაჩერებას, არც საარჩევნო კოდექსის ცვლილებას და არც ე.წ. კაბელების საქმეზე გამამართლებელ განაჩენს. დასავლეთთანაც კი გაიფუჭებს ურთიერთობას და არაფერს დათმობს, ამ კრიტიკულ პერიოდში "რუსთავი 2"-იც შეიძლება გააუქმოს.
ყველაფერზე წავა, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ეს კი ძალიან ცუდ ფონს ქმნის, ამიტომაც აქციების ტეხილი ზემოთ წავა და პროტესტის ფორმები გაიზრდება, მაგრამ მაიდანი არ გამოვა," - აცხადებს სოსო ცინცაძე.
იგივეს პროგნოზირებს გია ხუხაშვილიც.
"ახლა აქციები იქნება, მაგრამ ცალკეული პარტიების და ლოკალური. ხოლო უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდში, არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების ლოზუნგით, დიდი შანსია ერთმანეთთან დაპირისპირებული ერთეულებიც კი თემატურად ერთად გამოვიდნენ და ისეთი კრიზისი შეიძლება განვითარდეს, რომლის გადატანაც ხელისუფლებას გაუჭირდება. ერთი საგარეჯოს მენეჯმენტი გაუჭირდათ და წარმოიდგინეთ, საგარეჯო გამრავლებული 75-ჯერ. წინასაარჩევნოდ აქციებს არ ეყოლება გამოკვეთილი ლიდერი და ამიტომაც დიდ პრობლემებს ვერ ვხედავ, მაგრამ პოსტსაარჩევნო პერიოდში ამის ალბათობა ძალიან დიდია," - ამბობს ხუხაშვილი.
5 თვე არჩევნებამდე და უკვე დაანონსებული 5 აქცია
დღემდე დაანონსებული თითქმის ყველა აქციის ადრესატი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია იმ მოტივით, რომ მთავრობას კულუარებიდან ის მართავს და არც ერთი გადაწყვეტილება მის გარეშე არ მიიღება. ამიტომაც მიიჩნევა, რომ მთავარია ხმა მას გააგონონ.
ქუჩაში გამოსვლისთვის პირველი თემად საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნა დაანონსდა. თუკი ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის წელს შეცვლაზე არ დათანხმდება, არასაპარლამენტო ოპოზიცია დიდი საპროტესტო აქციების ტალღით იმუქრება და "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა 10 პარტიასთან ერთად ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის საკოორდინაციო საბჭოც ჩამოაყალიბა. პროტესტის დაწყების თარიღი უცნობია. ჯერჯერობით პარლამენტში საარჩევნო კოდექსის საკონსტიტუციო ცვლილება განიხილება და თუ ხელისუფლება ოპოზიციის კანონოპროექტს ჩააგდებს და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ დათანხმდება, ამის შემდეგ დაანონსებულის აღსრულების დროც დადგება.
მეორე გასაპროტესტებელი თემა "პანორამა თბილისის" მშენებლობა და ასევე ბოტანიკური ბაღისა და კრწანისი-შინდისის შემოვლითი გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის ექსპრემიერ ივანიშვილის კომპანიისთვის მიყიდვაა.
გაერთიანება "ერთად", სადაც 24 გარემოსდამცველი ორგანიზაცია თუ მოძრაობა შედის, აცხადებს, რომ აქციებზე დაჭერები ვერ შეაშინებთ და არ გაჩერდებიან. შაბათს მათ "პანორამასთან" აქცია უკვე მოაწყვეს. მიუხედავად მოლოდნისა, ამ აქციაზე ბევრი ხალხი არ მისულა - მაქსიმუმ 150 კაცი. დააკავეს აქციის 6 მონაწილე, მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ორგანიზატორი "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი რამდენიმე საათში გაუშვეს.
ფერაძე აცხადებს, რომ ივანიშვილს თბილისის ოკუპაციას არ დაანებებენ და წინააღმდეგობას არ გააჩერებენ. უფრო მეტიც, იმედი აქვთ, რომ თანდათან ოპოზიციაც შეუერთდებათ.
ივანიშვილის საწინააღმდეგოდ პროტესტს გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა". პრინციპში, "ბოტანიკური ბაღის" 4 ჰექტარის გაცვლისა და კრწანისი-შინდისის გზის ახლოს 29 ჰექტარის გაყიდვის საკითხიც მათ წამოსწიეს და პირველი აქციებიც ამ მიმართულებით მათ დააანონსეს. გარდა ამისა, მოლოდინია, რომ საარჩევნო პროცესის თანდათან გახურების შემდეგ პარტია გასაპროტესტებლად წინა პლანზე კიდევ სხვა თემებსაც წამოსწევს.
ივანიშვილს ასევე ემუქრება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაც. თუკი ე.წ. კაბელების საქმეში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 5 თანამშრომელი გამტყუნდება, ის ბრძოლის დაწყებას აპირებს "ქუჩის აქციებით და ფიზიკურადაც".
"ეს იქნება რეალურად საბოლოო წვეთი, რომ მოვლენები გადავიდეს ახალ ფაზაში და ეს ფაზა იქნება ის, რომ მე მოვუწოდებ საზოგადოების დიდ ნაწილს, პირდაპირ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ფიზიკურადაც. მე დავიწყებ ხალხის მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში, იმიტომ რომ ეს იქნება ბოლო წვეთი მოთმინების, რომელიც დამოუკიდებლობის მოყვარე ხალხს დაეცემა," - განაცხადა ალასანიამ.
პირადად ივანიშვილის წინააღდეგ არ იგეგმება, მაგრამ შესაძლოა ამ კვირიდან დაიწყოს სოციალური პროტესტი ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულების მხრიდან. ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშებისა და ტყიბულის მეშახტეების შემდეგ ეს უკვე მესამე დიდი სოციალური გაფიცვა იქნება წელს. პროფკავშირებში კი ასეთივე პროცესებს პროგნოზირებენ ჭიათურაშიც და კაზრეთშიც, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურმა ძალებმა ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის გასაკრიტიკებლად წარმატებულადაც გამოიყენონ.
მაიდანის სურვილი ოპოზიციაში
პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ცხელი ზაფხული გველოდება, აქციები თანდათან უფრო მოხშირდება და იქნება უფრო მეტი, ვიდრე დღესაა დაანონსებული.
დიპლომატიის აკადემიის რექტორის, სოსო ცინცაძის თქმით, რაც დღეს ხდება, ეს ყველაფერი ცუდ ფონს აჩენს და დღევანდელ სიტუაციას "ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდს ადარებს, როდესაც შევარდნაძე საპროტესტო მუხტს არაფრად აგდებდა, მაგრამ საბოლოოდ ამ არხეინობამ ყველაფერი მისივე საწინააღმდეგოდ დაასრულა.
პროგნოზირებს, რომ დიდი ალბათობით დასასრული რევოლუციური არ იქნება, რადგანაც ოპოზიციის ფლანგზე ერთი ძლიერი ლიდერი არ ჩანს, ხალხი კი ჩვენთან ყოველთვის გადამრჩენელ მესიას ელოდება, როგორც ეს იყო 2003-ში სააკაშვილის და 2012-ში ივანიშვილის სახით. ხოლო რადგანაც ასეთი მესია არ ჩანს, დიდ სურვილის მიუხედავად ოპოზიციას სერიოზული შედეგის მიღწევა გაუჭირდება.
"ქართველებს უყვართ მიტინგებზე სიარული. ხალხი ოღონდ მიტინგებზე ატარე და თუ გინდა პურს ნუ აჭმევ. თუმცა მგონია, რომ აქციები უშედეგო იქნება. ოპოზიციიდანაც სურვილი დიდია, მაგრამ მაიდანი არ იქნება. ჩვენი საზოგადოება შორსაა უკრაინული პრინციპულობისგან და არც გარედან დახმარების ფაქტორი ჩანს. ჩვენთან თუ რამე მოხდება, ეს შიდა ძალებზე დაყრდნობით მოხდება და ამიტომაც ისეთი დიდი ძალა არ ექნება," - ამბობს ცინცაძე.
პოლიტოლოგს უკვირს, რატომ ჯიუტობს ყველა საკითხზე ხელისუფლება და ივანიშვილი. ამბობს, რომ წესით, ივანიშვილს "პანორამას" მშენებლობის თუ მიწების ყიდვის პროცესი არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის უნდა გადაევადებინა, რადგანაც ადვილად პროგნოზირებადი იყო ოპოზიცია ამ ყველაფერს სათავისოდ რომ გამოიყენებდა. ასევე უკვირს კაბელების საქმეზე მთავარი პროკურორის განცხადება, რომ ბრალდების მხარე გაიმარჯვებსო, რადგან თვლის, რომ აღქმა იყო, თითქოს ხელისუფლება შეეგუა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაამართლებდნენ, პროკურორის განცხადებამ კი ყველაფერი არია.
სოსო ცინცაძე: "აშკარაა, რომ საპროტესტო მუხტი უფრო და უფრო ძლიერდება და ამ დროს არ ვიცი, რაში სჭირდება მთავრობას, რომ ცეცხლზე მუდმივად ნავთს ასხამს. ეტყობა არ ეშინიათ და ამიტომ დათმობებზე წამსვლელი არ არის. მათ სურთ დაანახონ ყველას, რომ იმდენად ძლიერები არიან, ეს პროტესტი მათ ვერაფერს დააკლებს. ეს პროტესტი ძალზედ სუსტია, ხელოვნურია და მას დასაყრდენი არ გააჩნია, ხალხის უმრავლესობა მისი მომხრეა, ეს პროტესტანტები კი მყვირალა, ხმაურიანი უმცირესობაა. ასეთი განწყობა ჰქონდა შევარდნაძესაც 2003 წელს, თუმცა ის გადააყოლეს ამ თავდაჯერებას. დღეს არის თუ არა მიმსგავსებული სიტუაცია, არ ვიცი. შესაძლოა ხელისუფლებას გათვალისწინებული აქვს შევარდნაძის ეპოქის შეცდომები და სხვა ბერკეტები, სხვა მონაცემები აქვს. თუმცა მაინც ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მთავრობაში არავინ არაფერს არ ფიქრობს და ყველას მაგივრად ფიქრობს მარტი ერთი კაცი, რომელიც მესიის სახელით მოვიდა.
"ჩვენთან მიტინგი სანახაობაა და ამდენი "გაუმარჯოს" არსად არ ისმის. ხალხი ახლაც ახალ მესიას ეძებს, მესიის გარეშე კი პროცესებს სერიოზული ტალღა არ წაჰყვება და შესაძლოა ამიტომაცაა არხეინად "ქართული ოცნება".
"მე საქართველოში არ მინახავს ორატორი, რომელიც საქმეზე ლაპარაკობს, რომელიც პროგრამაზე ლაპარაკობს და იმაზე, როგორ უნდა გაკეთდეს საქმე. ჩვენთან ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ მოვალ და ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენი საზოგადოება 90-იანი წლებიდან ბრბოდაა ქცეული და რასაც იმსახურებს, ისეთი მთავრობა და პოლიტიკური პარტიები ჰყავს," - დასძენს ცინცაძე.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ცხელი ზაფხული გველოდება, როგორც წმინდა სეზონური, ისე პოლიტიკური გაგებით. პროტესტის ფორმა მრავალფეროვანი იქნება. პროტესტი იქნება წმინდა პოლიტიკურიც და ტაქტიკურიც.
"ტაქტიკურში ვგულისხმობ იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება, საარჩევნო პროცესის მაქსიმალურად დელეგიტიმაცია მოხდეს. როგორც ჩანს, მოვლენების ასეთ განვითარებაზე უარს არც სხვა პარტიები იტყვიან," - აღნიშნავს ხუხაშვილი.
მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებას საზოგადოებაში ძალიან დაბალი მხარდაჭერა აქვს, ამ პირობებში ბევრ საკითხზე დათმობაზე წაუსვლელობა და გაჯიუტება, მას ძვირი დაუჯდება. ეს ქმნის რეალურ საფუძველს, არჩევნებამდე მაქსიმალური ესკალაციით მივიდეთ, ხოლო არჩევნების შემდეგ პერიოდში კი უფრო რთულ პროცესებს უნდა ველოდოთ.
"არჩევნებამდე სულ მუდმივად იქნება გართულება. ველოდები კომრომატებით ბრძოლას. ახლა უბრალოდ გახურების პროცესი მიმდინარეობს. "ნაციონალურ მოძრაობას" ახლაც ჰგონია, რომ მათი ხელისუფლება კადრების გამო დასრულდა და ეცდებიან იგივე მეთოდი გამოიყენონ. მათ ექსკლუზიური სვლები მომზადებული ექნებათ და ამდენად სერიოზული კომპრომატის ხილვის მოლოდინი არის.
"აქციებიც იქნება, თუმცა არჩევნებამდე დიდ აქციებს არ ვფიქრობ. ის ძალები, რომლებსაც ქუჩის პოტენციალი აქვთ, ახლა კონსოლიდირებულად ერთად ვერ დადგებიან. იგივე "პატრიოტთა ალიანსი" და "ნაციონალური მოძრაობა" ახლა ერთად არ დადგება. ცალ-ცალკე კი მასშტაბური გრძელვადიანი აქციები ყველას გაუჭირდება.
"ამიტომაც აქციები იქნება, მაგრამ ლოკალური და მუდმივი გახურების რეჟიმში. საკუთარი ძალების დემონსტრირებას მოახდენს "ნაციონალები", ალასანიას პარტია და "პატრიოტთა ალიანსი" გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ ეს არ იქნება სერიოზული და ქვეყანაში რეალური კრიზისის შემქმნელი აქციები. თუმცა არჩევნების შემდეგ გაყალბების ლოზუნგით კი თემატური თანამშრომლობით ყველა ძალის კონსოლიდაციაა მოსალოდნელი და, შესაძლოა, ხელისუფლებამ სერიოზული პრობლემა მიიღოს, რომლის გადალახვა მთავრობას გაუჭირდება. ასეთი განვითარება არ ნიშნავს, რომ ახალი ლიდერი გაჩნდება. ჩვენ შეიძლება პირველად მივიღოთ პოლიტიკური პროცესი, სადაც ორიენტაცია მესიებზე კი არ იქნება, არამედ პარტიებზე," - დასძენს ხუხაშვილი.