ნატოში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო თუ უარს არ იტყვის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დაბრუნებაზე, ალიანსში არ მიიღებენ.
"ამას ამბობს ყველა იმიტომ, რომ ყველა გაურბის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ყველა ქვეყანა, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ნატოში, ამას ამბობს. თუ ჩვენ მოვითხოვთ ნატოსგან, დაგვიბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, მაშინ მან უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადოს რუსეთს. მითხარით, რომელი ქვეყანაა დღეს მზად ამისთვის?," - აღნიშნა მეჭიაურმა.
მეჭიაურის განცხადებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ამბობენ, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები აქამდეც არსებობდა.
თამაზ მეჭიაურის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
"ნამდვილად უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც "ქართულ ოცნებას" და საქართველოს მთავრობას გააჩნია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის და პარტია "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორ ფიქრობთ, მმართველ გუნდში, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "მე ვფიქრობ, არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მითუმეტეს, მმართველი გუნდი კოალიციურია და ამაში არაფერია გასაკვირი. არა მგონია, საგარეო კურსს ამით რამე საშიშროება ემუქრებოდეს. იმიტომ, რომ ევროპის გზა არის ერთადერთი დამცველი, სხვა გზა არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, არა მგონია მმართველმა გუნდმა სხვა მიმართულებით დაიწყოს ფიქრი."
ირმა სოხაძე (მომღერალი): "მე არ მოიმისმენია, მაგრამ თუ თქვა, რომ მხარს არ დავუჭერ ნატოში ინტეგრაციასო - ფაქტია, ეს განცხადება საგანგაშოა. ახლა უნდა გვინდოდეს ნატოში ინტეგრაციაც და ევროპისკენ სვლაც იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს არის ერთადერთი დამცავი ფარი."
თედო დონდუა (ისტორიკოსი): "შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ როგორც ვიცი, უმეტესობა დასავლეთთან ინტეგრაციას უჭერს მხარს და ამავე დროს, ითვალისწინებს იმ საფრთხეს, რაც ჩრდილოეთიდან მომდინარეობს. ერთი კაცი რას იტყვის, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ეს მმართველი გუნდის უმრავლესობის აზრი არ არის. ვფიქრობ, ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა არ არის საჭირო."
ქეთი ბექაური (იურისტი): "მე ვფიქრობ, ეს ბატონი თამაზის პირადი მოსაზრება იყო და არ შეიძლება აღქმული იყოს მთელი გუნდის მოსაზრებად, ან რამე საფრთხის შემცველად. საზოგადოებამ იცის მმრთველი გუნდის მიზანი და ეს დადასტურებულიც არის.
ბატონმა თამაზმა ამით პესიმიზმი უფრო გამოხატა. ამ ეტაპზე ის ასეა განწყობილი და, საბოლოო ჯამში, არა მგონია, ის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყოს."
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): "აზრთა სხვადასხვაობა რომ არის, ფაქტია. ეს ჩემი მოსაზრება არ არის, ამას თვითონ ამბობენ. იმედია, ეს მმართველი გუნდის ერთიანი აზრი არ არის, მაგის უფრო მეშინია. საფრთხის შემცველი ბუნებრივია, არის.
თუ ჩვენი მთავარი საფრთხე არის რუსეთი, მაშინ ჩვენი ოკუპანტისა და მტრის ყველა მეგობარი, მთავრობაში, თუ პარლამენტში საფრთხის შემცველი კი არა, პირდაპირი ღალატია. მთავარი მაინც ჩვენი მოსახლეობის განწყობა მგონია, რომელიც ყველა გამოკითხვაში აფიქსირებს, რომ მისი არჩევანი ნატო და ევროინტეგრაციაა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე