სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ დეპუტატი მეჭიაური მისი განცხადებებით მხოლოდ ექსპრემიერის სათქმელს ამბობს
სალომე სარიშვილი
10.05.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატი თამაზ მეჭიაური მისივე განცხადებებით, მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ამბობს.

ექსპერტის თქმით, ამგვარი ვარაუდი არა მხოლოდ გუშინდელი განცხადებების შემთხვევაში, არამედ ბევრი სხვა საკითხების წამოჭრისას დადასტურდა. "ბატონი მეჭიაური მხოლოდ ისეთ თემებზე საუბრობს, რომელიც შეიძლება მხოლოდ ბატონ ივანიშვილს აწუხებდეს და ეს უკვე დიდი ხანია, ძალიან კარგადაა გასაგები", - ამბობს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი.

ცისკარიშვილის აზრით, პრემიერ-მინისტი გიორგი კვირიკაშვილი ყველანაირი გზით ცდილობს მის მიმართ გაჩენილი საზოგადოებრივი ნდობა შეინარჩუნოს და ამის დასტური დეპუტატ მეჭიაურის მისამართით გაკეთებული მისი გუშინდელი, საპასუხო განცხადებაც იყო.

თუმცა, პოლიტოლოგის თქმით, ამ ბალანსმა დიდხანს, შესაძლოა, არ გასტანოს, რადგან პრემიერს ივანიშვილის გავლენისგან თავის დაღწევა გაუჭირდება, რასაც ცისკარიშვილის ვარაუდით, შესაძლოა მისი თანამდებობაც კი შეეწიროს.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიახლეებზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის ესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: ჩემთვის ასეთი ტიპის განცხადებების ავტორი წარმოდგენილია, როგორც მხოლოდ რუპორი ბატონი ბიძინა ივანიშვილისა. წარმოუდგენელია, რომ ბატონი მეჭიაური "ქართული ოცნების" ლიდერი საკუთარი ინიციატივით გამხდარიყო. არც კი გვახსოვს ბოლოს ივანიშვილმა სიტყვა ნატო როდის ახსენა, მაგრამ სამაგიეროდ თავისი აზრების გამომხატველად აგერ მეჭიაური მოგვივლინა.

სხვა შემთხვევაში სრულიად მკაფიო დასახელების კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც პოლიტიკური ვექტორების შეფასებასთან არანაირი საერთო არ აქვს, ასე არ მოიქცეოდა. ის მხოლოდ ისეთ თემებზე საუბრობს, რომელიც შეიძლება მხოლოდ ბატონ ივანიშვილს აწუხებდეს და ეს ძალიან კარგადაა გასაგები.

"რეზონანსი": თუმცა მეჭიაურის განცხადებებზე გუშინ როგორც პრემიერს, ისე მთავრობის სხვა წარმომადგენლებასაც კი მოუწიათ განმარტებების გაკეთება. პრემიერმა ისიც კი თქვა, რომ დეპუტატ მეჭიაურის განცხადება აბსოლუტურად აცდენილია "ქართული ოცნების" საგარეო კურსს. როგორ ფიქრობთ, რამდენად საზიანოა, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში ამგარი რადიკალური განცხადებები თავად გუნდისთვის, ხომ არ შეიძლება ეს გარკვეულ დაპირისპირებად მივიჩნიოთ?

ს.ც: მოდით, ნუ ჩავთვლით, რომ ეს ადამიანი (თამაზ მეჭიაური) რომელიმე პოლიტიკური ძალის ლიდერია, ასე არგებს თავად "ოცნებასაც" და საზოგადოებასაც, რომელიც ადრე თუ გვიან გამოავლენს ზუსტად იმავე დამოკიდებულებას, რასაც ბატონი მეჭიაურისგან ვიღებთ. თუმცა როდის მოხდება ეს, არჩევნებამდე, თუ მას მერე, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ამიტომ ამ საკითხზე, მის განცხადებებსა და გუნდის ზიანზე საუბარი ახლა ნაადრევია.

თუ ამდაგვარი რამ მოხდა, მაშინ აღარავის ექნება ეჭვი იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთ ლიდერად მოხსენიებული ბატონი თამაზი გვარად მეჭიაური კი არა, მეჭიაური-ივანიშვილისაა.

ფაქტია, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი საზოგადოების საკმაოდ მაღალ ნდობას ფლობს, თუმცა ახლა ის ორ ცეცხლს შუაა მოხვედრილი. ძნელია ფორმალურად ივანიშვილს წარმოადგენდე და ამავე დროს საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის მისაღები იყო, იგი ჯერჯერობით ამას ახერხებს და სტაბილურობას ინარჩუნებს.

ნუ გაგვიკვირდება, რომ აუცილებლად დადგება ის საათი, როცა თანამდებობის დატოვება ბატონ კვირიკაშვილსაც მოუწევს. გარდა ამისა, ალბათ არც ის იქნება გამორიცხული, პრემიერ-მინისტრად საქართველოს კადრებთუხუცესის რუპორი მოგვევლინოს, ვგულისხმობ რა, ისევ თამაზ მეჭიაურს.

მიუხედავად იმისა, რომ მეჭიაურის მიმართ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნეგატიური განწყობა არსებობს, მის დაბალანსებას ისევ ივანიშვილი ახერხებს, რომელმაც ქვეყანას ქველმოქმედება აჩუქა.

"რ": მმართველ ძალას რომ თავი დავანებოთ, დაპირისპირება და უთანხმოება არც ოპოზიციურ ძალებს აკლიათ. რას ფიქრობთ, რა ხდება "ნაციონალურ მოძრობაში," გასულ კვირას მთავარი ოპოზიციური ძალა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დატოვა. მედიაში ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ პარტიაში ძველსა და ახალ სახეებს შორის უთანხოებაა და ეს საარჩევნო სიების პირველ ათეულს უკავშირდება...

ს.ც: ვფიქრობ, იმ პოლიტიკური ძალის წიაღში, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობს. პარტია უკვე წლებია საკუთარი თავის გამხნევებას ცდილობს, თუმცა ამისთვის უკვე საკმარისი რესურსი აღარ გააჩნია. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ამგვარი დაპირისპირება მითუფრო გაიზრდება.

როგორი კონფიგურაციით წარდგება ამ სათაურის მქონე პოლიტიკური ძალა არჩევნებზე, ამის წინასწარმეტყველება ძალიან უმადური საქმე იქნება, რადგან მოქმედი პირნი მხოლოდ საქართველოში არ გახლავთ - ზოგიერთი მათგანი უკრაინიდან იბრძვის, ზოგი უნგრეთიდან, ხოლო ზოგიც მოსკოვიდან აკონტროლებენ სიტუაციას, თუმცა რა პასუხი ექნება ჩვენს საზოგადოებას, ამას არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა აუცილებლად გავიგებთ.

"ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური კრიზისი ჯერ კიდევ 2012 წლიდან დაუდგა, თუმცა მათ ეს წლები მაინც ვაჟკაცურად გადალახეს, დღეს კი ვხედავთ, რომ მათი წინასაარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ მაშინვე, 4 წლით ადრე დაიწყო.

კარგი იქნება, თუ საკუთარ ამბიციებს დაიკოებენ და ერთმანეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ნაცვლად, ისევ ერთ გუნდად შეიკვრებიან. თუ, რა თქმა უნდა, კვლავ სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×