უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, შესაძლოა, პირველი სამთავრობო ცვლილებების განხორციელება მოუწიოს. "რეზონანსის" ინფორმაციით, "რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" დაპირისპირება ჩიხში შედის - 3 "რესპუბლიკელი" მინისტრი თანამდებობას დროზე ადრე დატოვებს, აგვისტომდე აღარ მოიცდიან. რადგან განაწყენებულები არიან პრემიერზე, რომელმაც შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გააკრიტიკა.
ყოველ შემთხვევაში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ. "ქართულ ოცნებაში" კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
"დატოვებენ თუ არა "რესპუბლიკელები" დაკავებულ თანამდებობებს, ამ საკითხზე პარტია იმსჯელებს. მინისტრსაც აქვს თავის აზრი და იტყვის. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის გადადგმული ერთიანობისკენ.
"ვფიქრობ, პრემიერი უნდა დაფიქრდეს, სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებს. დიდი თანამდებობის პირია, მაგრამ არ დაავიწყდეს, რომ ჩვენი დამტკიცებულია, მათ შორის რესპუბლიკელების" ხმებით. ვინმეს არ ეგონოს, რომ ციდან ჩამოფრინდა ქვეყნის გადასარჩენად", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
სახელდება მათი შესაძლო შემცვლელების ვინაობაც. არსებული ინფორმაციით, თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესაიშვილი, გიგლა აგულაშვილს კი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნინო სულხანიშვილი ჩაანაცვლებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ადგილს კი ქეთევან ციხელაშვილი დაიკავებს."მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, რადგან ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის, მათ შორის პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება და საქართველოს მთავრობა გამოხატავს "ქართული ოცნების" ნებას, პრიორიტეტებს.
"ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრის მხრიდან, მითუმეტეს არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის, ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო. დიდ პატივს ვცემ პაატა ზაქარეიშვილს, მაგრამ მისი განცხადება, ჩემი აზრით, იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
თავად პაატა ზაქარეიშვილს კი თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე "ქართული ოცნების" დუმილი აკვირვებს.
დროზე ადრე სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. მისი თქმით, ახალ მინისტრებს პირადად კვირიკაშვილი დანიშნავს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმებს.
"ისეთი ტემპით მიმდინარეობს უფრსკრულის გაფართოება "რეპუბლიკელებსა" და ხელისუფლებას შორის, რომ გასაკვირი არ არის. მეჭიაური არ არის ეული წინასწარმეტყველი, რომელიც მხოლოდ საკუთარ აზრს ლაპარაკობს და არც იცის, რა განწყობა არსებობს პარტიის კენწეროში. მეჭიაურმა გამოხატა კენწეროში არსებული აზრი, და თანაც მაშინ, როცა თავდაცვის მინისტრს გადაწყვეტილი ჰქონდა "ორი ტანკის" შემოყვანა საქართველოში და ისიც დროებით", - განუცხადა "რეზონანსს" ცინცაძემ.
მისივე თქმით, მინისტრების დანიშვნას ექნება სიმბოლური ხასიათი და რეალურად ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.
"ქვეყანაში, სადაც პროფესიონალიზმის ცნებაც კი არ არსებობს, იქ კადრებზე ლაპარაკი ზედმეტია. სესიაშვილი გაცილებით მომზადებულია ამ პოსტისთვის, ვიდრე ხიდაშელი. იმიტომ, რომ სესიაშვილი 4 წელი, ასე თუ ისე ამ საქმეში იყო ჩართული. თუმცა საერთოდ არ მესმის, აქ რას შეცვლის კარგი თუ ცუდი მინისტრი?!
"ამ ცვლილებებიდან ველოდები იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურების კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.
"ახლა დაინიშნება მხოლოდ და მხოლოდ კვირიკაშვილის კადრი, რასაკვირველია, ივანიშვილთან შეთანხმებით, ვინაიდან ახლა ამ დანიშვნას ექნება სიმბოლური ხასიათი. არჩევნების მერე მაინც ახალი მთავრობა უნდა შედგეს", - გვითხრა ცინცაძემ.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით კი, "რესპუბლიკელებს" თანამდებობა აქამდე უნდა დაეტოვებინათ.
"გაუგებარი პოლემიკაა, ვფიქრობ, მეჭიაურის განცხადების ზედმეტი დრამატიზირება ხდება. როგორც ჩანს, კოალიაციის დაშლის შემდეგ "რესპუბლიკელებს" გულში წყენა აქვთ დარჩენილი და ამიტომაც ახდენენ ამის დრამატიზირებას. თუ დავაკვირდებით, ძირითად მათი კომენტარების ბაზაზე ხდება ვითარების განსაკუთრებულად წარმოჩენა. თორემ მეჭიაურს განსაკუთრებული არაფერი არ უთქვამს.
"რაც შეეხება თანამდებობს, აქამდე უნდა დაეტოვებინათ. ახლა ამით ვაჭრობენ, თუ პოლიტიკურ ქულას იწერენ, არ ვიცი. თუმცა ჯობია საკუთარი ამომრჩევლების მოძიებაზე იფიქრონ, რომელიც არ ჰყავთ", - უთხრა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, "რესპუბლიკელებმა" კოალიაცია მარტში დატოვეს, თუმცა, როგორც მაშინ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებდა, უმრავლესობის რეჟიმში და მინისტრებიც თანამდებობეზე აგვსტომდე დარჩებოდნენ.