სექსუალური შევიწროება, მათ შორის დასაქმების ადგილზე - შრომითი ურთიერთობის დროს, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს. ამასთან დაკავშირებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ორი ახალი მუხლი ემატება.
კანონპროექტი "რესპუბლიკელმა" დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და თამარ ხიდაშელმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი და ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.
პროექტით პასუხისმგებლობა მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარმღვევი სექსუალურ შევიწროებას მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2500 ლარის ოდენობით დასჯადი იქნება.
"ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსს" ცალკე მუხლად ემატება "სექსუალური შევიწროება", რაც გულისხმობს, სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასურველ სიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ქმედების ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში გამეორება - პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
როგორ ფიქრობთ, აქტუალურია თუ არა მსგავსი კანონპროექტის მიღება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): აღნიშნული კანონის მიღება ნორმალურია და ყველა ცივილურ ქვეყანაში მსგავსი კანონი არსებობს, რაშიც ცუდს ვერაფერს ვერ ვხდავ. აბსოლუტურად ნორმალურია, იმიტომ რომ არსებობს სხვდასხვანაირი ძალადობა, რაც ასევე გასათვალისწინებელია.
უნდა იყოს თუ არა ჯარიმა და რამდენი, ამას ვერ გეტყვით, ამას ალბათ სასამართლო გადაწყვეტს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა 2000 ლარი ჯარიმა კი არა, თავად პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იყოს საჭირო, გააჩნია შევიწროება რა ტიპისაა.
ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება და შრომითი უფლებები რაც უფრო დაცული იქნება, თუნდაც სამსახურიდან უმიზეზოდ გათავისუფლება, ძალიან მნიშვნელოვანია.
გია ბუღაძე (ფერმწერი): ეს საკითხი ალბათ აქტუალურია, თუმცა ჩვენს ქვეყანას სხვა უფრო აქტუალური საკითხები აწუხებს, როგორიცაა, ეკონომიკური მდგომარეობა, ტერიტორიული მთლიანობა.
რა თქმა უნდა, ეს საკითხიც აქტუალურია, მაგრამ ამ საკითხის წინ წამოწევა რამდენად საჭიროა, ვერ გეტყვით. ბევრი სხვა საკითხებიც გვაწუხებს, თუნდაც სოციალური. თუმცა, მიუხედავად სხვა ძირითადი პრობლემებისა, ეს საკითხიც მნიშვნელობას არ კარგავს.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): რა თქმა უნდა, მივესალმები, განსაკუთრებით ქალების მიმართ, შესაძლოა, კაცებზეც ხორციელდება. საქართველოში ქალი ჯერჯერობით გენდერულად თანასწორი არ არის, შესაბამისად, ასეთი შემთხვევებისგან დაცული არ არის.
რაც შეეხება საკითხის აქტუალურობას, ეს უფრო სოციალური სამსახურის საქმეა, რამდენი საჩივარია შესული. სამწუხაროდ, საქართველო იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც სიმართლე ბოლომდე არ იცის. ჯერჯერობით ეს უფრო ფარული პროცესია და ისეთი ღია არ არის, როგორც ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში. საქართველოში, ვინც მსხვერპლია, რამდენად იტყვის და ამ საკითხს ბოლომდე რამდენად მიყვება, არ ვიცი. კანონი ამ ყველაფერს, თუ დაარეგულირებს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): თავისთავად სექსუალური ინტერესის გამოვლენა აქტუალური საკითხია, მაგრამ ძალიან ბევრი რამ განსაზღვრებაზეა დამოკიდებული. ამ კანონმა, შესაძლოა, ძალიან ბევრი შანტაჟი, გაურკვევლობები და ა.შ. გამოიწვიოს, განსაკუთრებით ჩვენს კულტურულ კონტექსტში.
ასეთი სოციალური ინტერესი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქალების მიმართ ხდება, ამიტომ ქალი ამისგან უნდა დავიცვათ. თუმცა ძალიან საფრთხილო საკითხია.
ამ კანონის მიღებას ესაჭიროება საზოგადოების წინასწარ მომზადება და დებატების სერიები, ანუ ასე მიღება არ შეიძლება. მგონია, რომ პრაქტიკაში, შესაძლოა, ამის დეფორმაცია მოხდეს და საწინააღმდეგო შედეგი მივიღოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველანაირი ფორმის ძალადობის წინააღმდეგი ვარ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე