"გუნდი იმას ემორჩილება, ვისგანაც იგი კვირიკაშვილმა მემკვიდრეობით მიიღო"
თაკო მათეშვილი
11.05.2016

 მმართველ გუნდში ბოლო დროს გააქტიურებულ დაპირისპირებებზე საუბრისას სპეციალისტები მიდიან დასკვნამდე, რომ გუნდის ხელმძღვანელი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, რომ გუნდის წევრების ნაწილი არა მას, არამედ "ვიღაც სხვას" ემორჩილებიან და რომ ეს ვიღაც სხვა სწორედ ისაა, ვისგან მემკვიდრეობითაც კვირიკაშვილს გუნდი ამ შემადგენლობით ერგო.

მეტიც, მათი თქმით, კვირიკაშვილს არათუ "ოცნების" მართვის სადავეები არ უპყრია ხელთ, არამედ სიტუაცია იმდენად უკონტროლოა, რომ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი მისი იმიჯის შელახვაზე აქტიურად მუშაობს, რადგან სწორედ პრემიერის პასუხისმგებლობაა თითოეული ხმაურიანი განცხადება, დაპირისპირება, თუ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციისაგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირება.

ჩვენი რესპონდენტები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" მომავალი საარჩევნო სია ბევრ რამეს ახდის ფარდას. პირველ რიგში კი იმას, თუ რამდენად არის გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტილებების მიმღები ფიგურა.

ეს, მათი თქმით, იმით გაირკვევა, მოხვდებიან თუ არა გუნდში ისეთი სკანდალური დეპუტატები, როგორებიც არიან: თამაზ მეჭიაური, გოგი თოფაძე, სოსო ჯაჭვლიანი და ა.შ.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ერთი შეხედვით კვირიკაშვილი ამ გუნდის წარსულზე და აწმყოში დაშვებულ შეცდომებზეც პასუხს არ უნდა აგებდეს, რადგან იგი მას არ შეუკრებია და მითუმეტეს, "ქართული ოცნება" ძალიან ჭრელი კონგლომერატია.

ამბობს, რომ მეჭიაურისნაირი ფიგურები, მისი სტილის მიმდევრები, რომელთაც მან "ქართველი ჟირინოვსკები" შეარქვა, კვირიკაშვილის გუნდად ვერანაირად ვერ ჩაითვლებიან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი თითოეული გამონათქვამი და მათ მიერ დეკლარირებული საგარეო კურსი კვირიკაშვილის იმიჯზე პირდაპირი დარტყმაა.

"თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი მეჭიაურს ჭკუას არ კითხავს და რომ ეს გუნდი კვირიკაშვილს მემკვიდრეობით გადაეცა, იგი პასუხს მაინც კვირიკაშვილს მოსთხოვს, რადგან პრემიერი, ამ მთავრობის მეთაურია და მის შეცდომებზე პასუხს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ის აგებს.

"ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები სრულიად შეგნებულად აყენებენ პრემიერისა და საკუთარი ხელისუფლების იმიჯს ქვეყნის გარეთ დარტყმას", - ამბობს ლაგაზიძე.

ჩვენს კითხვაზე, თუ ვის ემორჩილებიან ეს ადამიანები, ლაგაზიძე შემდეგნაირად გვპასუხობს: "პრემიერს რომ არ ემორჩილებიან, ცხადია. ვის ემორჩილებიან, ამაზეც ცხადია პასუხი - იმას ემორჩილებიან, ვისი გუნდის წევრებიც არიან, ანუ, ვისგანაც ხვდა მემკვიდრეობით კვირიკაშვილს," - აცხადებს იგი.

"ქართული ოცნება", პოლიტოლოგის თქმით, ცდილობს ამ ყველაფერს დემოკრატიის სახელი დაარქვას, მაგრამ რეალურად მმართველი პარტიის შიგნით მიზანმიმართული ქაოსია.

თუმცა, მისი აზრით, "ქართული ოცმნებისათვს" მთავარი ისაა, თუ როგორი იქნება მომავალი საპარლამენტო გუნდი. საარჩევნო სია, მისი შეფასებით, დასავლეთის თვალში "ოცნების" ბოლო კარტია, რაც შეიძლება მის განაჩენად იქცეს - მომავალ გუნდზე დასავლეთის რეაქცია შესაბამისი იქნება.

"იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს გუნდი, დასავლეთს ან ექნება მასთან პარტნიორობის გაგრძელების სურვილი, ან არ ექნება, თუ მის საარჩევნო სიაში "კოლექტიური მეჭიაურები" და ქართველი ჟირინოვსკები უპირატესად იქნებიან წარმოდგენილები. ზოგადად, თუკი ესენი სიაში იქნებიან, ვეღარავინ იტყვის, რომ "ოცნებას" პროდასავლური კურსი აქვს", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

პრემიერი გუნდში სიტუაციას რომ ვერ აკონტროლებს, ეს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრითაც, ნათელია, რადგან მას ხშირად უწევს სხვისი ნათქვამის გამო საზოგადოებისათვის განმარტებების მიცემა.

შესაბამისად, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პრემიერი "ოცნების" ზოგიერთი წევრისთვის სულაც არაა ის ფიგურა, ვისაც უნდა ემორჩილებოდეს და ვის აზრსაც ანგარიშს უნდა უწევდეს.

სწორედ ამიტომ, იგი ფიქრობს, რომ "გარკვეული ზომები გასატარებელია" და თუ ეს ასე არ მოხდა, გაჩნდება ეჭვები, რომ მეჭიაური ივანიშვილის მფარველობით სარგებლობას და ასეთ განცხადებებს თამამად ამიტომაც აკეთებს.

მისი თქმით, მომავალი გვიჩვენებს, ერევა თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში. თუ მეჭიაური "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ისევ იქნება, ეს ცხადყოფს, რომ სიის დაკომპლექტებაში ივანიშვილიც ერევა, რადგან ყველამ იცის, რომ მეჭიაური მისი კურსელია და თამამად აფიქსირებს პოზიციებს, რომლებიც "ოცნების" ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"იმედია, კვირიკაშვილი აცნობიერებს, რომ მმართველ გუნდში ახალი სახეების გამოჩენა აუცილებელია. წინასაარჩევნოდ იგი იძულებული იქნება არსებულ რეალობას ანგარიში გაუწიოს და ძველი სახეების ნაცვლად საპარლამენტო სიაში ახალი სახეები შეიყვანოს.

"როცა, ერთი მხრივ, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო კურსი ევროპულია და, მეორე მხრივ, კოალიციაში შემავალი დეპუტატების განცხადებები ოფიციალურად გაჟღერებულ კურსს ეწინააღმდეგება, ლიდერებმა ეს უნდა გაიაზრონ და შემდგომი სია უკვე საერთო იდეოლოგიის მქონე ხალხით დააკომპლექტონ.

"ამიტომ, საარჩევნო სიების დაკომპლექტება ბევრ რამეს გახდის ნათელს. ამით მივხვდებით იმასაც, თუ რამდენად ეძლევა პრემიერს სიის დამოუკიდებლად დაკომპლექტების შესაძლებლობა და მოქცეულია თუ არა იგი სხვისი ზემოქმედების ქვეშ. ეს სხვა კი, რა თქმა უნდა, სხვა არავინაა, თუ არა ივანიშვილი, რომელიც კვირიკაშვილს აიძულებს მისი კურსელი მეჭიაური სიაში ჩასვას", - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×