"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოუხმაურა და გიორგი მარგველაშვილის მხრიდან მათი პარტიის "მეჭიაურთან გაიგივებას" "უმადურობას" უწოდებს.
ბერძენიშვილმა გაიხსენა, რომ მისი თანაგუნდელი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 2 წლის განმავლობაში "პრეზიდენტს იცავდა" და ცდილობდა, ის პოლიტიკიდან "არ გაერიყათ".
"საქართველოს პრეზიდენტი დღეს ინდიელივით მესამე პირში ლაპარაკობდა. მას დაავიწყდა ეთქვა, რომ ორი წლის განმავლობაში მასზე დავით უსუფაშვილი იყო გადაფარებული და ყველანაირად ცდილობდა, რომ იგი პოლიტიკიდან არ გაერიყათ.
"ვინ ცდილობდა მის გარიყვას, ესეც დიდი საიდუმლო არ არის. რატომ თქვა ბატონმა პრეზიდენტმა, რომ რესპუბლიკელები უნისონში იყვნენ და ვერ ხედავს განსხვავებას რესპუბლიკელებსა და მეჭიაურს შორის, ეს, მართალი გითხრათ პრობლემური საკითხია.
"მე არ მინდა ვთქვა, რომ ის ამდენად ვერ აზროვნებს. ეს იყო ბოროტი ცილისწამება "რესპუბლიკურ პარტიაზე" და განსაკუთრებით დავით უსუფაშვილზე. უმადურობაა იმ ხასიათის, რომ ადამიანები არ უნდა იქცეოდნენ ასე. ხუხაშვილის გავლენის ქვეშ რომ არის პრეზიდენტი, ვინ ჰგონია ხუხაშვილი? მისი გამოსვლა ძალიან სამარცხვინო იყო," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა "პირველის" ეთერში.
როგორ ფიქრობთ, არის თუ არა პრეზიდენტის განცხადება უმადურობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი): ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ვერ დავეთანხმები, იმიტომ, რომ "რესპუბლიკური პარტია" პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას ყველანაირად მხარს უჭერდა. რესპუბლიკელები პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას არ ცდილობდნენ. პირიქით, ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ მთავრობისა და პრეზიდენტის დიალოგს, ამიტომაც პრეზიდენტის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ.
პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ვინც ცდილობდა, ესაა პირველ რიგში თვითონ ივანიშვილი და იგივე "ქართული ოცნების" წევრები, რომლებიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს უჭერდნენ მხარს. თუნდაც გავიხსენოთ გაეროს გენერალური ასამბლეა. ისინი მხარს უჭერდნენ, რომ აღნიშნულ სამიტზე პრემიერი გამგზავრებულიყო და ა.შ. მაშინ, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" უფრო რადიკალური იყო.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): რაღაც პოლიტიკური მანევრი მგონია, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა რესპუბლიკელების პოზიცია დიდი ხანია იცოდა და მაინცდამაინც ახლა რატომ განაცხადა ეს, გაუგებარია. ახლა, როდესაც დაპირისპირებაა "ქართულ ოცნებასა" და რესპუბლიკელებს შორის, ეს განცხადება გაუგებარია. პრეზიდენტმა რესპუბლიკელების დამოკიდებულება ისედაც იცოდა. ამაში პოლიტიკურ ჩანაფიქრს უფრო ვხედავ, ვიდრე უმადურობას.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): საქმე ისაა, რომ უმადურობა ორივეს ახასიათებს. მარტივი ლოგიკით რომ ვილაპარაკოთ, არც ერთი და არც მეორე ხელისუფლების სათავეში არ იქნებოდა, რომ არა ივანიშვილი. მარგველაშივილი პრეზიდენტი არ იქნებოდა, რომ არა ივანიშვილი.
მათ ეს უმადურობა უნდა დაივიწყონ და მადლიერი იყვნენ იმ ადამიანებისა, რომლებმაც პატივი სცეს და მიიყვანეს იქ, სადაც, შესაძლოა, არ ყოფილიყვნენ.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ეს კითხვა რესპუბლიკელებს უნდა დავუსვათ, რატომ თვლიან ასე. მათ ურთიერთობა სხვა პარტიებთან შედარებით უფრო ჰარმონიული იყო და ალბათ რესპუბლიკელები ამას არ ელოდნენ. ეს იქნებოდა ძირითადი მიზეზი. არაერთხელ იყო ამაზე შენიშვნები, რომ "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის გამოსვლებს ყველაზე მეტად სწორედ რესპუბლიკელები უჭერდნენ მხარს.
ერთი პერიოდი საუბარი იმაზეც იყო, რომ პრეზიდენტსა და რესპუბლიკელებს შორის რაიმე ალიანსი ხომ არ არსებობდა. კოალიციიდან პრეზიდენტის მიმართ ყველაზე ლოიალურები იყვნენ, ამიტომ არ ელოდნენ, რომ პრეზიდენტი სხვა პარტიებთან ერთად საერთო ფერხულში მოაქცევდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე